თამთა ჩაჩანიძე
20.08.2025

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის ხემოწერით გამოქვეყნებულ დოკუმენტს "ოცნებაში" უსამართლო ზეწოლას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამას "საქართველო არ დაემორჩილება". დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, გასაჩივრდება საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება და მოუწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი.

დოკუმენტში მითითებაა 2025 წლის 29 იანვარში საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციაზე, რომლითაც მოხდა "საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში".

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა და "ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საქართველოს გარიცხვის საკითხი".

რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროსაბჭოდან გაძევება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი დარტყმა ევროპიდან. მისი თქმით, სავარაუდოდ საკმარის ხმებს მოიპოვებენ, რომ ინიციატივა საქმედ აქციონ.

"წევრობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის პირველი, ვინც ევროსაბჭოში 1999 წელს გაწვრიანდა. განცხადება, თუ დეკლარაცია, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა გაავრცელეს, ჩემი აზრით, მორიგი გამოხდმაა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ.

"ვფიქრობ ეს ყველაფერი არის საქართველოდან ევრსტრუქტურებში მუშაობის შედეგია, რომ მათ აქედან ინფორმაცია გააზავნეს, რომ თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან დაპატიმრებულები, სამოქალაქო აქტივისტები იდევნებიან და ა.შ. მაგრამ იმ დეკლარაციაში მითითებული არაა, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში რისთვის არიან, მათ შეგნებულად დაარღვიეს კანონი და მათ რომ ეს არ გაეკეთებინათ, არავინ არ ერჩოდა და თავისუფლებაზე იქნებოდნენ.

"მათ ქვეყნებში რომ რომელიმე პოლიტიკოსმა იგივე გააკეთოს, ხომ შეეხება შესაბამისი სასჯელი? ვფიქრობ ეს ხელისუფლებაზე მორიგი დარტყმაა და სავარაუდოდ შეეცდებიან, რომ მოიპოვონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკმარისი რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერას, რომ როგორმე ეს ინიციატივა საქმედ გადააქციონ და ამან მიიღოს კონკრეტული მოწოდების,ან დოკუმენტის ხასიათი",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ საქართველო ევროსაბჭოდან გარიცხეს, ეს გააძლიერებს ავტორიტარულ მართველობას ქვეყანაში და ადამიანის უფლებების შეზღუდვას.

"ევროპის საბჭოს წევრობა ჩვენთვის მნიშვემლოვანია, ეს ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. ევროპის საბჭოს მთავარი კომპეტენცია ადამიანის უფლებების დაცვაა.

გარდა ამისა, საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ევროპის საბჭოს სასამართლოს, თუ მათი უფლებები ირღვევა და საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ მომჩივანის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

"თუ საქართველო ევროპის საბჭოს წევრი აღარ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას არ ექნება ევროპის საბჭოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და "ოცნება" გააძლიერებს და გაააქტიურებს ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვას და საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უუფლებონი იქნებიან, ჩვენს მოქალაქეს არ ექნება უფლება გაასაჩივროს სასამართლოს ესა თუ ის დადგენილება.

"ერთის მხრივ შეიძლება "ოცნებას" აწყობდეს კიდეც, რომ საქართველო ევროპის საბჭოს წევრი არ იყოს, რადგან მას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა საკუთარ მოქალაქეებზე ზეწოლა გააძლიეროს. რატომ გადაუხვია საგარეო კურსს დღევანდელმა ხელისუფლებამ? იმიტომ, რომ ნაკლები პასუხისმგებლობა ექნებათ ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოს და საერთო ჯამში დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს წინაშე, ამის კონპენსირებას კი რუსეთთან და ჩინეთთან ცდილობენ.

"ყველაზე ეფეტქური ზომა იქნება ევროკავშირის მხრიდან სანქციების ამოქმედება, როგორც პოლიტიკური ელიტის, ისე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს საქართველოს ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რა წერია 51 დეპუტატის დოკუმენტში

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში.

„ამის ნაცვლად, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის მაღალი რანგის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ.

ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ არის უწყვეტი კამპანია დემოკრატიული ოპოზიციის აღმოსაფხვრელად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მიზნით. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიების ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები.

„წევრ სახელმწიფოებში ავტორიტარიზმისკენ უკუქცევის უგულებელყოფა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის საფუძვლებს. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

რას ამბობენ "ოცნებაში"

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.

„ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სამწუხაროდ, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები",- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, განვითარება, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. იმას, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის მშვიდობის და განვითარების უმთავრესი გარანტი",- განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის შეფასება

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმიანება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას.

„ევროსაბჭო ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული გაერთიანება, რომელშიც ჩვენ გავწევრიანდით მრავალი წლის წინ. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო საქართველოს გზის გაკვალვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროპული სივრცისკენ. დღეს, ჩვენ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ფაქტობრივად არის ვლადიმერ პუტინის რუსული რეჟიმის გაგრძელება საქართველოში, ეს ცხადყო მათ შორის, იმან, რომ ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა დღემდე შესრულებული არ არის, პირიქით, ყველა ნაბიჯი საწინააღმდეგოდ არის გადადგმული.

ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საკითხი, რაც ეხება საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს. საბედნიეროდ, ეს არ იქნება მარტივი პროცედურა, ამაზე მსჯელობას დასჭირდება დიდი დრო. ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის უზარმაზარი განგაშის ზარი უნდა იყოს, სად მიაქანებს ქვეყანას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი",- აღნიშნა სამადაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×