მარიამ ვეკუა
21.08.2025

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერების ნაწილი არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოსავალს ქუჩის პროტესტში ხედავს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სხვა ყველა გზა გადაკეტა და ერთადერთი გამოსავალი სწორედ ქუჩაა. „ენმ"-ში აქტიურად საუბრობენ მშვიდობიანი რევოლუციის საჭიროებაზეც, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ არეულობის მოწყობისა და „მაიდნის" სცენარის გამეორების უფლებას არავის მისცემენ. აქვს თუ არა პერსპექტივა ქუჩის პროტესტს და რა შედეგებზეა ის გათვლილი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის აზრით ქუჩის პროტესტს აზრი ყოველთვის აქვს, თუმცა, მხოლოდ ამ გზით „წინ ვერ წავალთ", როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ქუჩის პროტესტს პერსპექტივა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ კონსტიტუციით დადგენილი არჩევნeბში მოანწილეობის შესაძლებლობასაც იყენებ.

„მე მგონია, რომ ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, თუმცა მარტო ქუჩის პროტესტით წინ ვერ წავალთ. ერთმანეთს უნდა აძლიერებდეს და მე მომხრე ვარ ამ ლოზუნგის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, როცა ქუჩის პროტესტი თანმიმდევრულია. ის უნდა გაძლიერდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით.

ამიტომ, ცოტათი მაინც, ბოიკოტის მომხრეები, ჩემი აზრით, არათანმიმდევრულები არიან. თუ ბრძოლა მიდის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ყველა ფორმა უნდა გამოიყენონ - როგორც ქუჩის პროტესტი, ასევე ყველა ის შანსი, რაც ხელთ ეძლევათ კონსტიტუციით დადგენილი ადგილობრივი არჩევნებისას, რომელიც 4 ოქტომბერს ჩაივლის და შემდეგ ისევ გაგრძელდება ბრძოლა."

ზაქარეიშვილი ქუჩის პროტესტს ბრძოლაში მხოლოდ „დამატებით ბერკეტად" მოიხსენიებს.

„ესაა დამატებითი ბერკეტი ბრძოლის წარმოებისთვის. ამიტომ მე არ ვეთანხმები მათ, ვინც რესურსების გაერთიანების ნაცვლად ამ რესურსებს უარყოფს, განსაკუთრებით კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ფორმას. ასე რომ, ვფიქრობ, მარტო ქუჩის პროტესტით წინ ვერ წავალთ. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ხალხს, რომლებიც რეგულარულად გამოდიან ქუჩაში და ჩართულნი არიან პროტესტში, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან რაოდენობა არ არის დიდი - ეს რეალობაა

900 000 კაცმა ხმა მისცა ოპოზიციას - ეს არის დიდი არმია და უნდა ვეცადოთ, რომ ეს ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე ხელახლა გამოვიყვანოთ."-დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე - აქვს თუ არა აზრი ენმ-ს მხრიდან მშვიდობიან რევოლუციაზე საუბარს და რას გულისხმობს იგი, გვპასუხობს:

„ერთი მეორეს არ უშლის. რევოლუციას კარგი არსად არასდროს მოუტანია, საქართველოში მითუმეტეს. არ ვიცი, რას გულისხმობენ „მშვიდობიან რევოლუციაში". რევოლუცია წარმოადგენს არსებით ცვლილებებს ძალისმიერი მეთოდებით.

ამიტომ ვფიქრობ, ჯერ უნდა დააზუსტონ, რას გულისხმობენ. ჩემთვის ეს გაუგებარი ფორმაა. რატომ ეწინააღმდეგებიან ამ საუბრებით არჩევნებს - ეს ჩემთვის გაუგებარია. პირადად მე რევოლუციის ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ვინც ამაზე ფიქრობს, იფიქროს. მაგრამ ნუთუ ისინი, ვინც ქუჩაში გამოდიან, მართლაც მზად არიან რევოლუციისთვის? ამიტომ დღეს რევოლუციაზე საუბარი დროის კარგვაა. ერთი მეორეს ხელს არ უშლის: ჩავატაროთ არჩევნები და მერე, რაზეც სურთ, იმაზე ისაუბრონ."-განაცხადა მან.

რას ამბობენ ქუჩის პროტესტის მომხრეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ქუჩაში უნდა მოხდეს „სისტემის დემონტაჟი", რადგან სხვა ყველა გზა ხელისუფლების მიერაა გადაკეტილი.

„როდესაც ოპოზიციის შიგნით კონკრეტული თარიღები პრობლემურია, ეს გაუგებარია. დიახაც, ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ მშვიდობიანი რევოლუციისთვის და არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ლევან ხაბეიშვილის მიერ. ჩვენ ქუჩაში უნდა მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი, რადგან სხვა ყველა გზა რეჟიმის მიერაა გადაკეტილი. ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით დემონტაჟი და მშვიდობიანი რევოლუცია საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებაა-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა."

განსხვავებულად ფიქრობს „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

„ლევანს (ხაბეიშვილს) ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან ყოჩაღი, გულადი ბიჭია და ძალიან მონდომებული. ვიცი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ამ ხელისუფლების. უბრალოდ, ჩვენც ანალოგიურად გვინდა, რომ დავამარცხოთ და გამოვყაროთ ამ ხელისუფლებიდან, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებთ ამ პროცესს და სხვა სტრატეგია გვაქვს, ლევანს და დანარჩენებს - სხვა სტრატეგია, ჩვენი გზებიც მანდ იყოფა. ჩვენ ჩვენს გზაზე გაგვიმარჯოს, ლევანს - თავის გზაზე", - განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე უწერია თუ არა მშვიდობიან რევოლუციას განხორციელება, ელისაშვილმა უპასუხა:

„აღდგომა და ხვალეო, მაგას გავიგებთ 4 ოქტომბერს", - აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში" მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს".

„ოცნების" შეფასება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ენმ-ს ლიდერს ლევან ხაბეიშვილს მიღებული აქვს დავალება, რომ საქართველოში არეულობას ხელი შეუწყოს და ამ ყველაფრის ტირაჟირებაც უნდა მოახდინოს.

არჩილ გორდულაძის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილი ამას ვერ ბედავს და საუბრობს მშვიდობიან გადატრიალებაზე.

„მშვიდობიანი გადატრიალება რას ნიშნავს - ეს სიტყვათა წყობა ყველასთვის გაუგებარია. იმის თავიც კი არ აქვთ, რეალურად რა დავალებაც მიღებული აქვთ, ეს წარმოთქვან. რეალობა არის, რომ აგენტურის ნაწილს, რომლებიც წარმოადგენენ ძველ „ნაციონალურ მოძრაობას" და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას", მიღებული აქვთ დავალება, რომ ერთი მხრივ, მუხტი აწიონ, ამავდროულად, როგორმე გამიჯნონ მათი რიგებიდან „ლელოელი" და გახარიელი ნაცები და ახლა ამ ყველაფრის მასკარადს ვხედავთ. აქვთ მცდელობა, საქართველოს მოსახლეობის თვალში როგორმე ეს ყველაფერი გაიმიჯნოს. ამავდროულად, ისაუბრონ და თითქოს ყური შეაჩვიონ გადატრიალებას, ამბოხს, ასეთია ის გაიდლაინი, რომლითაც „დიფ სთეითი", სამწუხაროდ, თავისი აგენტურის მეშვეობით ცდილობს, ამბოხებები, გადატრიალებები და ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები მოაწყოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მათ შორის წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ვნახეთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძე ამბობს, რომ მომავალი აჩვენებს, ოპოზიცია გაიზიარებს თუ არა ხაბეიშვილის პოზიციას.

„მთავარია, ყველამ კარგად იცოდეს, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგას. შესაბამისად, „ქართული ოცნების" გუნდიც და ქართული საზოგადოებაც მყარად დგას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს. ასეთი იდეების და ყველანაირი ასეთი სურვილების განხორციელების მცდელობები ძირშივე აღკვეთილი იქნება", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×