მარიამ ვეკუა
22.08.2025

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ „ნიუ იორკ თაიმსისთვის" მიცემულმა ინტერვიუმ და ამასთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა სკანდალმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას ახალი თავსატეხი გაუჩინა. გორის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციამ უკვე დაიწყო რაზმაძის იმპიჩმენტის პროცედურა და ახლა ყველას ყურადღება გახარიას პარტიაზეა მიპყრობილი, რადგან იმპიჩმენტისთვის საკრებულოში მათ ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის" საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ენმ-სთან ერთად დაუჭერს მხარს, „ქართული ოცნება", სავარაუდოდ ამას თავისი პიარისთვის გამოიყენებს, რათა კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს გახარია „ნაცმოძრაობასთან" კავშირში. ხოლო თუკი საკრებულოში გახარიას პარტიის წარმომადგენლები იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, მაშინ მათ უკვე მმართველ პარტიასთან გარიგებაში დაადანაშაულებენ.

პარტიისთვის, რომელიც ცდილობს დისტანცირდეს როგორც „ოცნებისგან", ისე ენმ-საგან ეს საკმაუდ რთული დილემაა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე თვენახევარი რჩება.

მოვლენების ქრონოლოგია

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წელს რუსები გორში როგორც მშვიდობისმყოფელები, ისე შემოვიდნენ.

„ისინი აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამდენად მეტ ზიანს გამოიწვევდნენ," - აღნიშნა რაზმაძემ.

მისი კომენტარი ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიაში მოხვდა, სათაურით - „როგორ დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე".

მალევე „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცედურების დაწყებას გეგმავდა და ელოდებოდა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას. კანონმდებლობის მიხედვით, იმპიჩმენტის დასაწყებად ოპოზიციას მინიმუმ 12 ხმა სჭირდება. ენმ-ს საკრებულოში 9 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას კი - 3. „ნაცმოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ თუ „გახარია საქართველოსთვის" რეალურ ოპოზიციურ ძალად წარმოჩინება სურს, ამ პროცესს მხარი უნდა დაუჭიროს.

„რეალური ოპოზიციის შემთხვევაში 12 ხმა შესაძლებელია. ჩვენ უკვე მეორე დღეა ველოდებით „გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებს. პირველ ეტაპზე უარი განაცხადეს, შემდეგ თქვეს თითქოს ჩვენ დავაბრალეთ ეს უარი, მერე ვითომ გამოასწორეს და განცხადება გაავრცელეს, მაგრამ საღამოს ეს ადამიანები უბრალოდ დაიკარგნენ და ვერ მოახერხეს ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც რეალურად საჭიროა იმპიჩმენტის დასაწყებად.

„მათ კიდევ აქვთ დრო და თუ სურთ, რომ ოპოზიციად წარმოაჩინონ თავი, დროულად უნდა მოაწერონ ხელი დოკუმენტს," - განაცხადა პარასკევს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, 21 აგვისტოს, „ნაცმოძრაობის" განცხადების შემდეგ, „გახარია საქართველოსთვის" ოფიციალური განმარტებით გამოვიდა და უარყო „ნაცმოძრაობის" ბრალდებები, რომ ისინი მხარს არ უჭერენ იმპიჩმენტს.

გახარიას პარტიის დილემა

ანალიტიკოს ვახტან ძაბირაძის აზრით, გახარიას პარტია იმპიჩმენტის პროცედურების წინააღდმეგი არ იქნება და გამორიცხულია, რომ გახარიას პარტიამ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ პოსტის შენარჩუნებას მხარი დაუჭიროს.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა - თუ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მართლა თქვა ის, რაც თქვა, მისი მხარდაჭერა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, სრულიად გამორიცხულია. არც იმას ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიამ მას მხარი დაუჭიროს - ეს იქნება კატასტროფა გახარიასთვის და მისი პარტიისთვის, ეს იქნება პოლიტიკური კრახი.

„ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ პარტიის ის წევრები, რომლებიც მხარს დაუჭერენ და გახარიას პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე რაზმაძის შენარჩუნებას მოისურვებენ, გახარიამ პარტიიდან უნდა გარიცხოს. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სიმართლეს შეესაბამება ის, რაც თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, გამორიცხულია, რომ მას რომელიმე პარტიამ მხარი დაუჭიროს, მათ შორის გახარიამ.

„არ ვფიქრობ, რომ გახარია რაიმე მიზეზის გამო ამ პროცესს შეეწინააღმდეგება. მე პირადად მომხრე ვიქნებოდი არა იმის, რომ რაზმაძე საკრებულოს პოსტზე შენარჩუნებულიყო, არამედ, თუ სიმართლეა ის, რაც თქვა, უფრო მომხრე ვიქნებოდი, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეოდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს, თუ რატომ შეიძლება გახარია იმპიჩმენტის პროცესს ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად მისი ამომრჩევლის სპეციფიურობას ასახელებს.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მიზეზებით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იმპიჩმენტს. არ ვიცი რა კურსი აიღო „ნაცმოძრაობამ" გახარიასთან მიმართებით. თუმცა გეტყვით, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება გახარიამ არ მიიღოს მონაწილეობა იმპიჩმენტში, მისი ამომრჩევლის სპეციფიკურობაა. გახარიას ჰყავს სპეციფიკური ამომრჩეველი: ჩვენს ცნობიერებაში ოპოზიციური ამომრჩეველი თითქოს „ნაცების" მხარესაა, მაგრამ გახარიას ჰყავს ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც „ნაცმოძრაობის" მხარეს, ასევე „ოცნების" მხარესაც", - განაცხადა საყვარელიძემ.

გავლენა არჩევნებზე

კითხვაზე როგორ იმოქმედებს მიღებული გადაწყვეტილება გახარიას რეიტინგსა თუ არჩევნების შედეგებზე, ძაბირაძე გვპასუხობს:

„ეს რომ ყოფილიყო ერთიანი არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამას შესაძლოა ნეგატიურად ემოქმედა არჩევნებზე და გახარიას რეიტინგზე. ახლაც იმუშავებს, თუ მხარს დაუჭერენ რაზმაძეს. თუმცა, თუ წინააღმდეგი იქნებიან, ვფიქრობ, გავლენა არ ექნება - პირიქით, პოზიტიურადაც კი აისახება.

„თუმცა გეტყვით, რომ არ მგონია ამან გლობალური მასშტაბი მიიღოს. საკრებულოებში მაინც სპეციფიკური ვითარებებია, იქ ამომრჩევლები უფრო სხვა მომენტებზე ამახვილებენ ყურადღებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგადად გახარიას პარტიისთვის ეს იქნება მძიმე შედეგების მომტანი. შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში იმდენად არა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში - ნამდვილად კატასტროფა."

რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ გახარია თუ „ნაცმოძრაობის" მხარეს არ აღმოჩნდება, შეიძლება ეს მოცმულობა ექსპრემიერის პარტიისთვის არჩევნებზე უფრო ხელსაყრელი იყოს.

„რეიტინგისა და არჩევნებზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ეს შეიძლება გახარიასაც გამოადგეს. თუ მთლიან საზოგადოებრივ განწყობას გავითვალისწინებთ, მე ვენდობი იმ კვლევებს, რომლებიც ჩატარდა, მათ შორის ოპოზიციის მიერ ჩატარებულსაც - მოსახლეობა უპირატესობას „ოცნებას" ანიჭებს. აქედან გამომდინარე, თუ გახარია „ნაცმოძრაობის" მხარეს არ აღმოჩნდება, ეს მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს და მეტიც, შესაძლოა ხმებიც მოიზიდოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ოპტიმალური ვარიანტი

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „გახარია-საქართველოსთვის" პარტიისთვის ოპტიმალური ვარიანტი იმპიჩმენტის პროცედურაში ჩართვაა. მისივე თქმით, გახარია თავად უნდა ყოფილიყო ამ პროცედურის ინიციატორი.

„გახარიას პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმპიჩმენტში. მე რომ მკითხონ, თავად გახარიას პარტია საკრებულოში ინიციატორი უნდა ყოფილიყო იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურები დაწყებულიყო. ის, რომ მხარი უნდა დაუჭიროს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა ძაბირაძემ.

განსხვავებულად ფიქრობს რამაზ საყვარელიძე - მისი აზრით, ექსპრემიერის პარტიამ იმპიჩმენტში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს:

„თუ ვმსჯელობთ რა იქნება მომგებიანი და რა არა, უარის თქმა იმ პროცესზე, სადაც წამყვანი „ნაცმოძრაობაა", უფრო მომგებიანი იქნება. მოგება-წაგების თვალსაზრისით იმპიჩმენტში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. რაც თქვა რაზმაძემ, იმის მიხედვით არ მგონია იმპიჩმენტის საფუძველი არსებობდეს. საერთოდაც, „ნიუ იორკ თაიმსისთვის" მიცემული ინტერვიუ ბევრ ეჭვს ბადებს. არ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო მედიები შეიძლება ასე უბრალოდ დადიოდნენ რეგიონებში", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×