თამთა ჩაჩანიძე
22.08.2025

გარკვეული პაუზის შემდეგ, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ გამოჩნდა 21 აგვისტოს თბილისში გამართულ მედიის მხარდამჭერ აქციაზე და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მან ირიბად მიანიშნა, რომ კვლავ აპირებს პოლიტიკურად გააქტიურებას, თუმცა მისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილში კი მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება იზრდება. სოცქსელებში იმასაც კი წერენ, რომ ზურაბიშვილმა ვერცერთი ხელისუფლებისთვის „ვერ ივარგა" და ოპოზიციისთვის გამაერთიანებელი ფიგურაც ვერ აღმოჩნდა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისთვის ერთიანი სამქომედო გეგმა ორჯერ წარმოადგინა, თუმცა, ორივე ჩავარდა. პირველად ეს იყო 2024 წლის 26 მაისს საზეიმო ვითარებაში გამოცხადებული „ქართული ქარტია", რომელიც პუნქტობრივად იყო გაწერილი და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სამოქმედო გეგმასაც მოიცავდა.

შემდგომ მეხუთე პრეზიდენტმა უკვე ამ წლის თებერვალში ხუთპუნქტიანი გეგმა გააჟღერა და ამ გეგმამაც პირეველის ბედი გაიზიარა.

ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი საზაფხულო „პოლიტიკური არდადეგების" შემდეგ კვლავ გააქტიურდეს, თუმცა, შესაძლოა, იგივე სცენარი განმოერდეს, რაც წინა ორ შემთხვევაში მოხდა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ერთადერთი შანსი იყო 4 ოქომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციას ის თბილისის მერობოს საერთო კანდიდატად წარედგინა, თუმცა ახლა მის არანაირ აქტიურობას აზრი არ აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა პარასკევს მედიის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ „სექტემბერში კიდევ მეტი ხალხი გამოვა" და „ჩვენ აქ ვართ".

„ყველა უნდა ვიდგეთ მედიის გვერდში, რადგან ესაა ფანჯარა ჩვენთვის იმ რეალობაზე, რაც აუცილებელია, რომ ინფორმაციას ვიღებდეთ ყველაფერზე. სადაც მედია აღარაა, იქ სიცოცხლეც აღარაა, ამიტომ ეს სოლიდარობაა, რასაც დღეს ვხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუა აგვისტოში, როცა ძალიან ბევრი გასულია, ამდენი ხალხი შეიკრიბა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის ტალღა, ის მუხტი, რომელიც არსად არ წასულა, არ შეწყვეტილა და როცა საკითხი ეხება მედიათავისუფლებას, ონლაინ მედიას, რომელიც დღეს მნიშვნალოვანია, მაშინ ხალხი გამოდის და ეს ხალხი დღეს რომაა, დარწმუნებული ვარ, სექტემბერში კიდევ მეტი იქნება და ეს მხარდაჭერა არსად არ წავა, ჩვენ აქ ვართ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე შეასაფა გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის სკანდალური ინტერვიუ „ნიუ იორკ თაიმსთან".

„ეს არის სირცხვილი საქართველოსთვის, სირცხვილი გორისთვის, ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები. მაგრამ, მე როგორც მესმის, ეს მისი პირველი განცხადება არ იყო და გასაგებია ის რეაქცია, რომელიც ამ სამარცხვინო განცხადებების მიმართ ბუნებრივად წარმოიშვა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რატომ "ვერ ივარგა" ვერავისთვის ზურაბიშვილმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილის მიმართ ბევრი კითხვებია.

„ზურაბიშვილის მიმართ ბევრი კითხვებია. საერთო ჯამში, როგორც პოლიტიკოსმა, ვერ ივარგა მიუხედავად იმისა, რომ მას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და კავშირები აქვს. მის რეპუტაციაზე პოზიციის ხშირ ცვლილებამაც იმოქმედა. ის მერყევი პოლიტიკოსებია, ჯერ ენმ-სთან თანამშრომლობდა და მერე ისინი „ქაჯები" აღმოჩნდნენ. ყველას აქვს ის შეგრძნება, მათ შორის „ოცნებასაც", რომ თავის დროზე ისარგებლა, გამოგვიყენა და პრეზიდენტი გახდაო.

„ოპოზოციის გაერთიანებაზე საუბრობდა და პოლიტიკური ლიდერის როლში ყოფნა უნდოდა, თუმცა ესეც ვერ გამოუვიდა. რაც შეეხება „ლელოსა" გახარიას გაერთიანების საკითხს, მაშინ ზურაბიშვილის ფაქტორი გადამწყვეტი არ იყო, ისინი თავად ვერ შეთამხდნენ მაშინ რაღაც დეტალებზე.

„თუ რეალურად რამის გაკეთება გინდა, აქ მხოლოდ გაერთიანება-არგაერთიანებაზე არ უნდა იყოს საქმე. მის გეგმებს ქმედითი ნაბიჯები აკლდა. ერთია აკრიტიკოს ივანიშვილი (და ეს აუცილებელია), მაგრამ ხალხს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. მოსახლეობის დიდ ნაწილი პირველ ადგილზე სოციალური პრობლემების მოგვარებას აყენებს. ზურაბიშვილი ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურა ვერ აღმოჩნდა, შეკრებდა და ძალაუფლებით ტკბებოდა პრეზიდენტობის დროსაც.

„2008 წლის ომის დაწყების საკითხშიც მისი პოზიციის ცვლილებითაც ჩანს, რომ გულწრფელი არაა. მარკუს ავრელიუსს კარგად აქვს ნათქვამი - „ადამიანი სულით და გულით უნდა იყოს პატიოსანი და არა ვითარებიდან გამომდინარე", - განაცხადა ჩიტაძემ.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" საუბრისას არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ზურაბიშვილმა ვერ ივარგა ვერავისთვის. ამბობს, რომ მან ბევრი რამ კარგი გააკეთა და ეს უნდა დავინახოთ.

„მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ასეთ დროს ქრისტეს სიტყვები უნდა გაგვახსენდეს - ვინც მასზე უცდველია, პირველი იმან ესროლოს ქვაო. მაქსიმალურად ბევრი რამ გააკეთა ზურაბიშვილმა, როცა „ოცნების" ხელისუფლებაში იყო. რამდენ რამეზე ხელი არ მოაწერა, დრო გაწელა, „ოცნების" ვითომ პროევროპულობა გამოააშკარავა, ძალიან ბევრი გააკეთა და რატომ ვართ დაუნახავები ქართველები?

„ჯვრის დასმა და წყლის გადასხმა იმაზე, რაც გააკეთა, არ შეიძლება. უნდა გვქონდეს უნარი დავინახოთ. უკუღმართი თვისება გვაქვს - წარსულიდან მხოლოდ ცუდი გვახსოვდეს და კარგს ვერ ვხედავდეთ, ოღონდ ადამიანი გააშაონ... ზურაბიშვილმა ბევრი რამ გააკეთა და გაიხსენე კარგი, რა? იმის თქმა, რომ არ გამოადგა არც „ოცნებას", არც „ნაცებს" და არც ოპოზიციას, ეს არასამართლიანია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

უნდა ველოდოთ თუ არა ზურაბიშვილის გააქტურებას

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გააქტიურდება, მაგრამ შედეგზე კვლავ ვერ იქნება ორიენტირებული.

„მემგონი კარგია, რომ მისი ჩანაცვლება ხდება. ახალი ლიდერის როლში ლევან ხაბეიშვილი გვევლინება, ნაწილობრივ პაატა ბურჭულაძე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინიც მოსახლეობას კონკრეტულ გეგმას წარუდგენენ. მარტო ის, რომ „4 ოქტომბერს ივანიშვილს ვამთავრებთ", საკმარისი არაა.

„შესაძლოა ზურაბიშვილიც ეცადოს გააქტიურდეს და ისევ დაიბრუნოს ლიდერის როლი, მაგრამ მოსახლეობას არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობს და მარტო ის, რომ ხალხი შეკრიბო, უხელმძღვანელო და ამით სიამოვნება მიიღო, ეს საკმარისი არაა. ასეთი სცენარს შეიძლება ეცადოს 4 ოქტომბრამდე და მის მერეც, თუმცა არ მგონია რაიმე შედეგი ჰქონდეს.ეს ზურაბიშვილსაც ეხება და სხვა ოპოზიციურ ლიდერსაც, რომ აუცილებელია რაღაც ალტერნატივის შექმნა", - განაცხადა ჩიტაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა, როცა ოპოზიციამ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი დაასახელა, ზურაბიშვილის გააქტიურებას აზრი არ აქვს.

„ზურაბიშვილი ოპოზციისგან ელოდა რაღაც კონსოლიდაციას, ერთობას და ეს არ მიიღო. ამიტომ, ვფიქრობ, ამაზე გული დაწყდა და პოლიტიკაზე გული აიცრუა, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდა არაა და ამ წლოვანების ადამიანები იღლებიან. არ მგონია ეფექტური იყოს ის გააქტიურება, რასაც ველოდები.

„როცა ოპოზიციიდან თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად კუპრაძე დასახელდა, მივხვდი, რომ ზურაბიშვილი მეტს ვერაფერს გააკეთებდა. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა ეფექტურად გაეკეთებინა, ეს იყო სწორედ ის, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ყოფილიყო. პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, მაგრამ რაკი სალომემ ეს გაატარა, აწი რაღა უნდა გააკეთოს? ან ბოიკოტს უნდა დაიუჭიროს მხარი, ან არჩევნებში მონაწილეობას. სჯობს არცერთს არ დაუჭიროს მხარი, გაჩუმდეს და ეს ზურაბიშვილისგან ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×