
„ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას არ შეგვიჩერებს, თუმცა, მეორეს მხრივ, ვარაუდობენ, რომ სექტემბერში ევროკავშირში ისეთი განცხადებები გაკეთდება, რაც საქართველოში აჟიოტაჟს შექმნის. ჯერჯერობით უცნობია რა სახის განცხადებებს გულისხმობენ მმართველ პარტიაში, თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა სექტემბერში ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების კონკრეტული თარიღი.
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისაგან 8 რეკომენდაციის შესრულებას ელოდება და ბოლო თარიღად 31 აგვისტოა დათქმული. თუმცა დრო იწურება და მმართველი პარტია ამის შესრულებას არ აპირებს, რაც სავარაუდოდ საპასუხო რეაქციის საფუძველი გახდება, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება „სექტემბრის აჟიოტაჟი" გამოიწვიოს, ეს კი „ოცნებისთვის" შეიძლება სერიოზული გამოწვევაც გახდეს.
რას ამბობენ „ოცნებაში"
უმრავლესობის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა აჟიოტაჟს ელოდება.
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან არ ვფიქრობთ, ამ დონის სითავხედე ეყოთ, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ვიზალიბერალიზაცია გააჩერონ.
„განცხადებებს სექტემბერში ველოდებით. შეიძლება ისეთი ტიპის განცხადებები იყოს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ხელოვნური აჟიოტაჟის შემოტანა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში კონკრეტულად განცხადებებს ვგულისხმობ და არა ქმედებებს. აქედან გამომდინარეა იმ რვა მოთხოვნაში ჩაწერილი ეს ორი კანონი. ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ ორივე კანონი წითელი ხაზია, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ხოლო ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, იდენტობას და მომავალ თაობებს იცავს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეროვნული ხელისუფლება, „ქართული ოცნება" უარს არ იტყვის არც უსაფრთხოების დაცვაზე და არც ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე.
„შესაბამისად, არის იმის ალბათობა, რომ კონკრეტული განცხადებები გაკეთდეს სექტემბერში აჟიოტაჟის შემოსატანად. რამაც უნდა გამოიწვიოს მათი რადიკალური პარტიების, აქტივისტების დ მდიდარი „ენჯეოების" მობილიზება და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ქუჩაში გამოსვლა. თუმცა, მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც ქუჩაში ასე მარტივად გამოჰყავდათ, მათმა დიდმა ნაწილმაც ისწავლა თეთრის და შავის გარჩევა. შესაბამისად, ხალხის ქუჩაში გაყვანა ასე მარტივად უკვე აღარ გამოუვათ. ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს ოთხი წლის წინ იყო", - განაცხადა მაჭავარიანმა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს აჟიოტაჟი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანა მხოლოდ იმ ფაქტს შეუძლია, თუკი ოფიციალური განცხადების საფუძველზე მოქალაქეებს ეცოდინებათ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების კონკრეტული თარიღი.
„ეს ლევან მაჭავარიანის შეფასებაა და ამის კომენტირებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ევროკავშირი საქართველოსგან პასუხს დათქმულ დროს ელოდება, თუ ამ დროში პასუხები არ იქნება, სავარაუდოდ განცხადება გაკეთდება და გასაგებია, რომ ეს „ქართული ოცნების" სასიკეთოდ არ იქნება, თუ "ოცნება" ევროკავშირის ამ წერილს არანაირად არ უპოასუხებს. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მმართველი პარტია მაინც უპასუხებს - წერილი რომ მოგწერეს, მისი უპასუხოდ დატოვება არაეთიკურია. ვინმესთვის შენი პასუხი მისაღებია თუ მიუღებელი, მაინც უნდა გასცე.
„იქიდან სავარაუდოდ გაცხადებული იქნება ის, რომ ევროკავშირი იმსჯელებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შეჩერებაზე. თუ არ ვცდები, ოქტომბრის ბოლოს უნდა შეიკრიბონ ევროკომისიაში ხელმძღვანელები და მათ შორის საქართველოზე იმსჯელონ, ეს უკვე დღის წესრიგშია გაწერილი და იქიდან გამომდინარე, თუ რა პასუხს მიიღებენ საქართველოდან და აქ პოლიტიკურად რა სიტუაცია იქნება, იმისდა მიხედვით მიიღებენ ალბათ რაღაც გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
„ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეუძლია იმას, როცა ეცოდინება, რომ ის ევროპაში უვიზოდ ვეღარ მიდის. იქ რომელიღაც ევროჩინოვნიკმა თუ რაღაც მწვავე განცხადება გააკეთა, ეს ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანს იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც ოპოზიციას სურს. ხალხის ქუჩაში გამომყვანი იქნება კონკრეტული ოფიციალური გადაწყვეტილება, რომ აი, ამა და ამ დროიდან საქართველოს უვიზო რეჟიმი უჩერდება და როცა უკვე მოქალაქეს ეცოდინება მყარად, რომ ის უვიზოდ ევროპაში ვეღარ წავა, მაშინ შეუძლია გადაწყვიტოს გამოვიდეს ქუჩაში თუ არა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ასეთი განცხადების შემდეგ სექტემბერში ისეთ, პროცესებს, როგორიც შარშან დეკემბერში იყო, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„არეულობას რომ აპირებენ, ეს ისედაც ცხადია, სულ რომ ევროკავშირის წარმონმადგენლებმა არანაირი განცხადება არ გააკეთონ. დესტრუქციული აქციები ისედაც იგეგმება. ალბათ ნახეთ „აი-ერ-აის" ოფისის ხელმძღვანელის, ჯონ დიპიროს გეგმა, რომ 13 სექტემბერს საპროტესტო აქცია უნდა მოეწყოს, მერე აქედან ამერიკაში ოპოზიციონერები და მათთან აფილირებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წაიყვანონ, იქ დაამუშაონ, რაღაცეები ასწავლონ, დირექტივები მისცენ, უკან გამოუშვან და სავარაუდოდ, არჩევნების დღეს ოპიზიციას ისედაც აქვს დაანონესბული „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა".
„კიდევ ერთხელ იმასაც გავიმეორებ, რომ საპროტესტო აქციებს ადგილი მაშინ ექნება, როცა საქართველოს მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ ევროპაში ისინი უვიზოდ ვეღარ წავლენ. მანამდე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ოპოზიციამ ან ცალკეულმა ევროჩინოვნიკებმა, ეს მხოლოდ მათ გამოიყვანს, ვინც ისედაც გამოდიოდა. მაგრამ მასობრივად ხალხის გამოსვლა ყოველგვარი პოლიტიკური აფილაციის გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს შეღავათი და სიკეთე აღარ ექნება, ამას მას შემდეგ მოხდება, როცა ოფიციალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.