რეზონანსი
22.08.2025

მეორე დღეა პოლიტიკური დისკუსიის საგანია, რა ნაბიჯები გადაიდგმება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უვიზო რეჟიმს შეუჩერებენ. "ქართული ოცნება" IRI-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ რევოლუციურ გეგმაზე საუბრობს. არსებული ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ჯო დიპირომ მოამზადა, რომელიც საქართველოში მუშაობისა და ბინადრობის უფლებით, წლებია, სარგებლობს. სცენარის თანახმად, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, საქართველოში საპროტესტო მუხტი უნდა გაღვივდეს, გაწერილია კონკრეტული თარიღებიც, მათ შორის, საუბარია 13 სექტემბერს აქციის გამართვაზე.

სააკაშვილის გუნდი არ უარყოფს, რომ რევოლუცია სჭირდებათ და არც იმის თქმას ერიდებიან, რომ სურვილის შემთხვევაში ჯო დიპიროსაც შეხვდებიან. "ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციონერი აქტივისტების ტრენინგი და მათვის გეგმის შედგენა ე.წ. დიფ სთეითის მიზნის ნაწილია, რომელიც ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის სურვილს უკავშირდება. ხელისუფლება ოპონენტებს და მათ უცხოელ დამრიგებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება, მონაწილეები კი მკაცრად დაისჯებიან.

მმართველი პარტიის ადრესატი, საქართველოში IRI-ის პროგრამების ხელმძღვანელია. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც ოპოზიციისა და აქტივისტების გადამზადება აქვს მიბარებული, ჯონ დიპიროა. გეგმა ასეთია: ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერება ქუჩის აქციებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. საპროტესტო მუხტი კი, აქტივისტებთან ერთად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გააძლიერონ. გავრცელებული ინფორმაციითვე, გაწერილია თარიღებიც და პროცესები სწორედ წინასწარ შეთანხმებულ დროს უნდა დაემთხვეს. მმართველ პარტიას მათ წინააღმდეგ მიმართული კამპანია არ უკვირს. საპარლამენტო ჯგუფებში სხვა შემთხვევებსაც იხსენებენ, როდესაც უშუალოდ IRI და მისი ფინანსური მხარდაჭერა იყო ჩართული პროცესების რადიკალურად განვითარების მცდელობაში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კავშირს რადიკალურ პროცესებთან ოპოზიცია გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტები არ მალავენ, რომ ჯონ დიპიროს პირადადაც იცნობენ და საჭიროების შემთხვევაში მომავალში მასთან საქმიანი ურთიერთობისთვისაც მზად არიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ოპოზიციის ნაწილში ურთიერთბრალდებების მიზეზიც გახდა.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დიდი ხანია გაშიფრული აქვთ უცხოურ ორგანიზაციებთან ქართული ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის კავშირები. "ქართული ოცნება" ოპონენტებს კიდევე ერთხელ შეახსენებს, რომ რადიკალიზმს და რევოლუციურ სცენარებს სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

ჯონ დიპირო მასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს. ცნობილია ის, რომ IRI-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის სტრატეგია იმ შემთხვევაში ამოქმედება, თუ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×