მარიამ ვეკუა
23.08.2025

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა 10 დღეში იწურება და ამ დროისთვის ყველაზე მეტი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებისთვისაა დასახელებული. ოფიციალურად ცნობილია, რომ მმართველი პარტიიდან წარდგენილ მოქმედ მერს, კახა კალაძეს „ალტ-ინფოს" დამფუძნებელ ზურაბ მახარაძე და „ლელო - ძლიერი საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე დაუპირისპირდებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამეულს მომავალ კვირაში კიდევ ერთი დაემატება - „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.

„რუსთავი 2" თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომავალ კვირაშ ხვიჩია ოფიციალურად დასახელდება თბილისის მერობის კანდიდატად. მანამდე ის არჩევნების კონტექსტშ უფრო მეტად ქუთაისზე საუბრობდა.

„ამ შემთხვევაში მეც კანდიდატი ალბათ ქუთაისში ვიქნები, მაგრამ თუ არ იქნა ისეთი აქტივობა, როგორსაც ვვარაუდობთ და თუ დავინახეთ, რომ ისეთი წარმატებით არ მიდის და ქუთაისელებს ძალიან არ უნდათ საქართველოს დედაქალაქი იყოს მათთან, მაშინ, რასაკვირველია, როგორც სხვა პარტიების შემთხვევაში, ძირითადი ბრძოლის ცენტრი იქნება თბილისი. ახლა მხოლოდ სტრატეგიას ვტესტავთ და ვუყურებთ ჩვენი კოლეგების მოქმედებებს, როგორ მოიქცევიან, რომ ამის მიხედვით დავაკორექტიროთ ჩვენი გეგმა", - აცხადებდა ხვიჩია ჯერ კიდევ 17 აგვისტოს.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კალაძეს თბილისში პრობლემები არ იქნება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ოპოზიციის დაქსაქსულობა და ის ფაქტი, რომ რეიტინგული ოპოზიციური პარტიების ნაწილი და შესაბამისად, მათი ამომრჩეველიც, 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ამის მიუხედავად, ისინი არ გამორიცხავენ მეორე ტურის ალბათობასაც და „რეზონანსთან" იმაზე საუბრობენ, კალაძესთან დაპირისპირებული ამ სამეულიდან ვის აქვს ყველაზე მეტი ხმის მიღების შანსი.

ოპოზიციური კანდიდატების შანსები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციურ კანდიდატებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იაგო ხვიჩიას ყველაზე მეტი შანსი აქვს.

„იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკაში პოპულარობა გადამწყვეტია, მე მაინც მგონია, რომ ამ სამი დასახელებული ოპოზიციური კონკურენტიდან ყველაზე მეტი შანსი იაგო ხვიჩიას აქვს, ვინაიდან ის ძალიან პოპულარულია თავისი საპარლამენტო აქტიურობითა თუ ტელეაქტიურობით. დანარჩენებს რაც შეეხება, ასეთი მკაფიო სურათი არ არის. ამიტომ მე მათ მიმართ მკაფიო დამოკიდებულება უბრალოდ არ მაქვს", - განაცხადა საყვარელიძემ.

განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი. მისი აზრით, ხვიჩიაზე მეტი რესურსი „ლელო - ძლიერი საქართველოსა" და პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" საერთო კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს აქვს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ, ვთქვათ, კუპრაძემ კარგი შედეგი აჩვენოს. თავისთავად, თუ იქნებოდა ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, რომელიც იქნებოდა არაპარტიული, მთელი ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება იქნებოდა ჩართული, მაშინ აქ სერიოზული შანსი იქნებოდა გამარჯვების. მე არ მჯერა, რომ ხელისუფლება რაც უნდა იმას დაწერს არჩევნებზე, ეგრე არ ხდება. მთლად შესაძლებელი ეს არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი იქნებოდა სერიოზული კონსოლიდაციის ფაქტორი ოპოზიციური ძალებისთვის, თუმცა ასე არ გამოვიდა. ასეთ ვითარებაში რთულია რამე შეფასება გააკეთო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იქნება მეორე ტური?

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მეორე ტური არ იქნება, ნაწილი კი ამ პოზიციას არ იზიარებს. რამაზ საყვარელიძის აზრით, საქმე მეორე ტურის ჩატარებამდე სავარაუდოდ არ მივა.

„მე, მაგალითად, მეეჭვება, რომ მეორე ტურამდე საქმე მივიდეს. იაგოს პოპულარობა ვახსენე, თუმცა კალაძეს გაცილებით მეტი პოპულარობა აქვს. კალაძეს უკან დგას დიდი პოლიტიკური ძალა. თან ოპოზიციური განწყობებიც, რის მომხრე ხვიჩიაც იქნებოდა და დანარჩენები, არ არის იმ ხარისხის, რომ მეორე ტურმა გადაწყვიტოს მერის ბედი. არ ვფიქრობ, რომ იქნება მეორე ტური. თუმცა, თუ თეორიულად მეკითხებით, თუ ვინმეს ექნება შანსი, ყველაზე მეტად ეს შანსი, ვფიქრობ, იაგო ხვიჩიას ექნება და ერთადერთი მიზეზი არის პოპულარობა," - განაცხადა საყვარელიძემ.

დავით ზურაბიშვილი წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს და 2010 წლის არჩევნებთან ავლებს პარალელს:

„მეორე ტური იქნება თუ არა, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა გეტყვით, რომ ოპოზიცია დასაწყისშივე წამგებიან პოზიციაშია - ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია და აგრესიულად უტევს არჩევნებში მონაწილე პარტიებს. ასეთ ვითარებაში წარმატებაზე საუბარი რთულია. თუმცა, თუ „ლელოს" და „გახარიას" კანდიდატი მოახერხებს ოპოზიციური ამომრჩევლის რაღაც ნაწილის დარწმუნებას, მათ შორის იმ პარტიების ამომრჩევლის, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, მაშინ შესაძლოა ამ კანდიდატმა რაღაც შედეგი აჩვენოს.

„ანალოგია რომ გავაკეთო, 2010 წელს იყო დაახლოებით მსგავსი სიტუაცია: იყო გიგი უგულავას კანდიდატურა, იყო ირაკლი ალასანია და იყო ბოიკოტი. მახსოვს, მაშინ მეც ვიყავი ამ ალასანია-რეპუბლიკელებიდან. თბილისში ოპოზიციური განწყობა მაინც ძლიერი იყო, მაშინ ავიღეთ ასე 20 პროცენტი და პირველივე ტურში მოიგო უგულავამ. ახლანდელი ხელისუფლების რეიტინგი კი თბილისში ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე „ნაცმოძრაობის" 2010-ში, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი კი საკმაოდ ბევრია."

კითვაზე, თეორიულად მაინც ვინ წარმოუდგენია მეორე ტურში, ზურაბიშვილი გვპასუხობს: „ხვიჩიასთან შედარებით, კუპრაძეს უფრო აქვს უპირატესობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×