
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს მამუკა მდინარაძე შეცვლის, ოხანაშვილი კი, პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მის მრჩევლად გადავა ეროვნული უსაფთხოების საკითხებში. ამ საკადრო ცვლილებას „ოცნებაში" გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებს უკავშირებენ. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გაბხორციელებული საკადრო გადაადგილება გუნდში არსებული ქაოსისა და დაბნეულობის გამოვლინებაა.
თუმცაღა, ანალიტიკოსები გამორიცხავენ ქაოსს „ქართულ ოცნებაში" და ცვლილებას უკავშირებენ ერთის მხრივ იმას, რომ, შესაძლოა, ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი უნარები არ აღმოაჩნდა; მეორეს მხრვ კი ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმემ ოხანაშვილის საერთაშორისო რეპუტაცია შელახა.
კითხვაზე, თუ რატომ მაინცდამაინც მდინარაძე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ის „ოცნების" აქტიური სპიკერია და დიდი ხანია მისთვის მაღალი თანამდებობები განიხილებოდა, თუმცა ყოველთვის თამაშგარე რჩებოდა.
ანრი ოხანაშვილი სუს-ის ხელმძღვანელად 4 აპრილს დაინიშნა.
ოფიციალური განცხადება და ოპოზიციის შეფასებები
პრემიერმა კობახიძემ ცვლილებების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით,პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით, მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მამუკა მდინარაძის კანდიდატურას.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოცემულ გლობალურ და რეგიონალურ ვითარებაში ოხანაშვილის ანალიტიკური მუშაობა მნიშვნელოვანია.
„არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს სწორედ ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე", - განაცხადა კობახიძემ.
ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ოხანაშვილმა „ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს":
„კრიმინალური სამყარო ვერ დაალაგეს - ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა ზოგადი ტენდენციებით. მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ ხუთი კაციდან დანიშნავს ვინმეს. „ქოცები" ლპებიან", - დაწერა სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძემ.
პარტიის გენმდივნის, ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, „აბსოლუტურად ჩამოშლილია ივანიშვილის ბანდფორმირება, არანაირი გუნდი არ არსებობს. ორ თვეში მოინელეს ოხანაშვილი. იქ ბაჩიაშვილის საქმე შეეტენა, ვერ გააკეთა".
ვერსიები
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ორ ვერსიაზე ყვება, რასაც შეიძლება ეს ცვლილება უკავშირდებოდეს.
„პირველი არის ის, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუძებნეს სხვა თანამდებობა. ჭორი დადიოდა, რომ მდინარაძე თბილისის მერობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, „ზემოთ" მაინც კალაძეს დაუჭირდეს მხარი. პრეზიდენტობის კანდიდატობაზეც იყო ადრე ხმები, თუმცა ამაზე მაინც არ ვიფიქრებდი, რადგან პრეზიდენტს რეალური გავლენა არ აქვს და ის ფორმალურადაა, თბილისის მერი კი თავისი მილიარდიანი ბიუჯეტით მეტად გავლენიანი ფიგურაა.
„მეორე - ეს შეიძლება ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდებოდეს. ეგ საქმე ანრი ოხანაშვილის უწყებამ გააკეთა და ალბათ არავის არ სჯერა, რომ ბაჩიაშვილი სადღაც ნეიტრალურ ქვეყანაში დასეირნობდა და შემდეგ უეცრად დააპატიმრეს. ამიტომ ოხანაშვილის იმიჯი საერთაშორისო თვალსაზრისით შელახულია. ვფიქრობ ეს ორი ფაქტორია, რამაც განაპირობა ის, რომ მდინარაძე აღმოჩნდა სუს-ის ხელმძღვანელად", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ოხანაშვილი სუს-ისთვის „ზედმეტად პატიოსანი აღმოჩნდა".
„ზოგადად, არჩევნების წინ ცვლილებები იშვიათადაა ხოლმე, რადგან არჩევნებს სჭირდება ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებმაც იციან სად რა „დევს". ალბათ დარჩენილ დროში ახალი მინისტრი, ბატონი მამუკაც შეეჩვევა, მაგრამ რომ გითხრათ, ეს ცვლილება თავისთავად გასაგებიაო, მოგატყუებთ.
„პარლამენტის მუშაობა ვიცით, მაგრამ მთავრობის - ნაკლებად, მით უფრო ისეთი სამსახურების, როგორიცაა სუს-ი. ამიტომ არ ვიცით რა გაკეთდა და რა დაშავდა. თვითონ ოხანაშვილი, ან პრემიერი თუ არაფერს იტყვის, სხვა მხრივ მიხვედრა შეუძლებელია.
„თუმცაღა, მეორეს მხრივ, გაშავებული მინისტრი პრემიერის მრჩევლის თანამდებობაზე არ გადავიდოდა. თან ეს ერთგვარი მოსაცდელი ადგილია სხვა, ახალი დანიშვნების პერსპექტივით. თუ დამნაშავე იქნებოდა, ისე გაუშვებდენ, რომ ასახტომი პლატფორმა არ ექნებოდა.
„იმ ტიპის სამსახური, როგორიც სუს-ია, მოითხოვს იურიდიულ განათლებას, ძალოვანი სტრუქტურების ცოდნას და ამავე დროს საჭიროებს ისეთ უნარებს, რომლის სიმბოლოც საბჭოთა წყობაში ლავრენტი ბერია იყო. ყველა ამბობს, რომ ოხანაშვილი პატიოსანი კაციაო და შეიძლება ზედმეტად პატიოსანია და შეიძლება რაღაც ასეთი უნარები არ აღმოაჩნდა - ასეთი ვერსიითაც შეიძლება შეხედო ამ მოვლენას", - განაცხადა საყვარელიძემ.
რა ხდება „ოცნებაში"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეს ცვლილება მმართველ გუნდში შიდა ქაოსს არ უკავშირდება.
„არანაირი ქაოსი მმართველ გუნდში არაა. თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ყველაფერს ივანიშვილი განაგებს, მაშინ მმართველ გუნდში კი არა, ივანიშვილშია ქაოსი და ამ კაცს რაღაც არ ეტყობა, რომ მაინცდამაინც ქაოსში იყოს. შეიძლება ისე გამართული და გალაღებული ვეღარაა, როგორც იყო, მაგრამ ქაოსისა ნამდვილად არაფერი ეტყობა.
„უბრალოდ, ლაპარაკი მიდის დაპირისპირებაზე, მაგრამ ყველაფერი ხდება ივანიშვილთან შეთანხმებით. ოხანაშილის დანიშვნაც ივანიშვილთან იქნებოდა შეთანხმებული და მიდი გადაყენებაც. შეთანხმებული იქნებოდა მათ შორის მდინარაძის საკითხიც, სხვანაირად სუს-ის უფროსის თანამდებობაზე კაცი ვერ დაინიშნებოდა", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც გამორიცხავს ქაოსს.
„მმართველ პარტიაში ქაოსია და ოპოზიცია დალაგებულია? გადაადგილება რატომ ნიშნავს ქაოსს, გაუგებარია. მით უმეტეს, ისეთი ეტაპებიც გვინახავს, როცა მმართველ პარტიაში ქაოსი იყო ხოლმე - ხელისუფლების წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს იძახდნენ და ეს მიუთითებდა ქაოსზე. ახლა ასეთ სურათს არ ვაკვირდებით", - განაცხადა საყვარელიძემ.
რატომ მდინარაძე
ანალიტიკოსი ვახტაგ ძაბირაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ მდინარაძეს „თანამდებობას შეპირდნენ" და მხოლოდ ახლა მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება.
„ძირითადი მიზეზი, როგორც ჩანს, ისაა, რომ მას თანამდებობას შეპირდნენ და ამ დრომდე ვერ მოუძებნეს. ის დიდი ხანია „ქართული ოცნებისთვის" მუშაობს, ბევრ განცხადებას აკეთებს, საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი დარტყმა მიიღო და ამ ყველაფერს რაღაცნაირი კომპენსირება ხომ უნდა? კომპენსირება კი ისაა, რომ ახლა მდინარაძეს შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს იმ ჩარჩოებში, რასაც მას ივანიშვილი დაუწესებს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მდინარაძე, პარტისთვის ბევრი იმუშავა.
„ფაქტია, რომ მდინარაძემ პარტიისთვის ძალიან იმუშავა და იცის ის ორგანიზმი, რასაც პარტია ჰქვია და სიმართლე გითხრათ, ასეთი აქტიური სპიკერი პარტიის სათავეში არც მახსენდება. სუს-ში, როგორც წესი, იურისტები მიდიან და იურიდიული განათლებაც აქვს. თან სუს-ის სპეციფიური სისტემა თავისებურ პიროვნულ უნარებსაც ითხოვს და ეს აქვს თუ არა, არ ვიცი. ალბათ პრემიერმა იცის, რომელმაც ეს გადაადგილება გადაწყვიტა", - განაცხადა საყვარელიძემ.