
"ქართულ ოცნებაში" გადაჭრით ვეღარ ამბობენ, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას ვერ შეგვიჩერებს, კვლავ აცხადებენ, რომ ეს არის "შანტაჟის იარაღი" და რომ მმართველი პარტია ამის წინააღმდეგ "ვერაფერს ვერ გააკეთებს". ოპოზიციის განცხადებით, ევროკომისიის 8 რეკომენდაციის არშესრულებაზე პასუხი აუცილებლად იქნება და აქტიური მსჯელობა სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.
თავის მხრივ ევროკომისიას 8 რეკომენდაციის შესრულების ბოლო თარიღად 31 აგვისტო აქვს გაცხადებული, დათქმულ დროში კი რეკომენდაციების შესრულებას "ოცნება" არ აპირებს. ამასთან, მმართველ პარტიაში ვარაუდობენ, რომ სექტემბერში ევროკავშირში ისეთი განცხადებები გაკეთდება, რაც ქართულ საზოგადოებაში "აჟიოტაჟს შექმნის".
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ რეკომენდაციების არშესრულების ფონზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, თუმცა დასძენენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება, ქმედითი ნაბიჯები წლის ბოლოსთვის გადაიდგას.
რა სცენარებია მოსალოდნელი
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებამ პოლიტიკა არსებითად არ შეცვალა, ან თუ თავად არ შეიცვალა ხელისუფლება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება წლის ბოლოსთვის შესაძლებელია.
"არ ველოდები, რომ სექტემბერში ჩვენ უვიზო რეჟიმს შეგვიჩერებენ, მაგრამ წლის ბოლომდე, თუ ხელისუფლების პოლიტიკა არსებითად არ შეიცვალა, ან საერთოდ ხელისუფლება არ შეიცვალა, ალბათ ესეც (ვიზალიბერალიზაციის შეჩერება) დღის წესრიგში დადგება. როდესაც შენ ევროპას პრაქტიკულად მთავარ მტრად აცხადებ, უპირისპირდები და მათ მიმართ ისეთ რიტორიკას იყენებ, რომელსაც მსოფლიოში საერთოდ არავინ არ იყენებს, რა უნდა იყოს მოსალოდნელი?
"თუ შენ მათთან ურთიერთობა არ გჭირდება, გინდა რომ შენ დედა აგინო და იმან ფული გაძლიოს, ასე არაა მოწყობილი ცხოვრება. ცხადია, არცერთ რეკომენდაციას არ შეასრულებენ, ამაში ორი აზრიც არაა, მაგრამ პროცედურებს (ევროკავშირში) დრო დასჭირდება და ალბათ წლის ბოლოსთვის გარკვეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა მართლაც შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, თუმცა დასძენს, რომ ეს საქართველოსთვის "კატასტროფა არაა"
"ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი შეჩერდეს. თუმცა არ გამორიცხვა სულაც არ ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ და მაღალი შანსებია, რომ ამას გააკეთებენ, არა. შიგნით ისეთი პროცესებია, რომ ევროკომისიასა თუ ევროპარლამენტში მყოფმა ადამიანებმაც კი არ იციან-ხოლმე საბოლოოდ როგორ დამთავრდება ესა თუ ის საკითხი.
"ეს არაფერი არ იქნებოდა და ევროგაერთიანებაში აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ არა საქართვლოში მყოფი და მოქმედი ანტიეროვნული ძალები - ისეთივე, როგორიცაა სამადაშვილი და სხვები. ევროსტრუქტურების დეგრადაციის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიშანია ის, რომ ანტიეროვნული ძალები ჩაიხუტეს. ჩაიხუტეს მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანები მზაობას გამოთქვამენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ.
"ამ ადამიანებს სურთ წარმოაჩინონ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტა, როგორც კატასტროფა საქართველოსთვის, წარმომიდგენია, მართლა რომ შეწყვიტონ რას იზამენ. უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას არც არაფერი არ მოჰყვება, ამის გარეშეც ვვარსებობდით, სააკაშვილი ისე გაიქცა საქართველოდან, რომ ეს რეჟიმი არ გვქონია და მხოლოდ "ოცნების" დროს, მთავრობის მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად მივიღეთ ეს და ხელი მოვაწერეთ ცნობილ ხელშეკრულებას ევროკავშირთან.
"მოხდება ის, რომ ერთჯერადად რაღაც ხალხმრავალ შეკრებას რა თქმა უნდა მოახერხებენ. მშვენივრად იციან, რომ საქართველოს პარლამენტს ძალიანაც რომ სდომებოდა მაინც ვერ მოასწრებდა ვერაფერს. იქნება დემონსტრაცია არა სამოცკაციანი, როგორც გუშინ იყო და რომლებიც ტურისტზე გაიძახოდნენ რუსი-რუსიო, არამედ გაცილებით ხალხმრავალი, მაგრამ სხვა არაფერია მოსალოდნელი. რადგან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ჩვენს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებაზე რაიმე მნიშვნელოვან არსებით გავლენას არ მოახდენს",- განაცხადა მამრაძემ.
კითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინა "ოცნებამ" ევროკომისიის 8 რეკომენდაცია, თუ კონსტიტუციონალისტების შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობას შეეძლო რიგგარეშე სესიის ფარგლებში ეს გაეკეთებინა, ანალიტიკოსმა გვითხრა:
"იმიტომ არ გაითვალისწინა და ამაზე ილაპარაკეს კიდეც უმრავესლობის ლიდერებმა, პაპუაშვილმა და კობახიძემ, რომ ნამდვილად არ ვაპირებთ ისეთი რეკომენდაციების შესრულებას, თანაც ამ ულტიმატუმების ფონზე, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებაო.
"გამჭვირვალეობისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის კანონები გააუქმეთო და ჯერ როგორ ჟღერს ევროპა რომ გეუბნება გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთო. არ გავაკეთებთ ამასო, პირდაპირ ამბობდნენ და ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ 8 პირობა კი არა, მხოლოდ ის პირობაა მისაღები, რომელიც ჩვენთან ანალიზის შედეგად დამტკიცდება, რომ დიახ, ეს ეროვნული ინტერესებისთვის კარგია. თუ ისეთ პირობეს გიყენებენ, რომელიც შენი ხალხის ინტერესებისთვის სულაც არაა კარგი, მთელი კომისია რომც ჩამოვიდეს, სუვერენული ქვეყანა ვართ და საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს",- განაცხადა მამრაძემ.
რას ამბობენ "ოცნებასა" და ოპოზიციაში
"არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თეორიულადაც კი შესაძლებელია - ახლა თუ ცუდ ხასიათზე ადგები და იტყვი, რომ „ვაუქმებ, რადგან არ მომწონხარ", ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებთ", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ "აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულებას აქვს ადგილი". შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ "როცა აღნიშნული გადაწყვეტილების საბოლოოდ გაფორმებას დაიწყებენ, დაფიქრდებიან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს".
"გარდა შანტაჟისა, ამას ვერაფერი დაერქმევა! მათ მიერვე დაფინანსებული და გამოქვეყნებული კვლევებით სასამართლოდან დაწყებული ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული, დემოკრატიის ინდექსით დაწყებული გარემოს დაცვის ინდექსით დამთავრებული, ლიდერები ვართ.
"როცა ამის შემდეგ შემოტრიალდები და რაღაც გამოგონილი თემებით მეუბნები, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა შეგიჩერო, როცა არც ერთი პუნქტი, რა დროსაც ვიზალიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს, დაკმაყოფილებული არ არის და რაღაც ახალ მიმართულებებს იგონებ, შანტაჟია, აბა, რა არის?!თვითონვე არიან გახლართული თავის ორმაგ და სამმაგ სტანდარტებში", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ელის, რომ სექტემბრის ბოლოს ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე აქტიური მსჯელობა დაიწყება.
სამადაშვილი აცხადებს, რომ საშემოდგომოდ პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული დროით მუშაობის უფლების შესაძლებლობასაც გააუქმებენ. მისი თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო პროცესი პოლონეთში უკვე დაიწყო.
"სამწუხარო რეალობაა, რომ სექტემბერში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი გააქტიურდება. დაწესებული იყო რვა პირობა იმისთვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ დაკარგოს. დღემდე არც ერთი ეს პირობა შესრულებული არ არის.
"ამაზე მსჯელობას რაღაც პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა დაიწყება. ასევე ველოდები, რომ შემოდგომაზე პოლონეთი და შესაძლოა სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გარკვეული პერიოდით მუშაობის შესაძლებლობას გააუქმებენ.
"სამწუხაროდ, არაფერი კარგი ჩვენ არ გველოდება! ეს არის შედეგი, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ყველა დავალებას ასრულებს და ქვეყნისა და მოქალაქეების დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.