
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძის ახალი კანდიდატად წარდგენა ოპოზიციაში მწვავე განხილვას იწვევს. ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს საკადრო ცვლილებები „ქართული ოცნების" შიგნით არსებულ დესტაბილიზაციაზე მიუთითებს და აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია ვერ ახერხებს ძალაუფლების ვერტიკალის გამყარებას. მმართველ პარტიაში კი დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. რა გახდა ამ საკადრო ცვლილებების მიზეზი და როგორ იმოქმედებს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე - ეს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება.
თავდაპირველად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადების ნამდვილობას დაადგენს და შესაბამისს დასკვნას პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოხანაშვილის ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ცნობად მიიღებს.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიკავა, თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადადგა. გადადგომის თაობაზე ოხანაშვილის სახელით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
რითია გამოწვეული საკადრო ცვლილებები
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილის აზრით საკადრო ცვლილებები იმითაა გამოწვეული, რომ „ოცნებას" მცირე ადამიანური რესურსი აქვს.
„ორი თვეში ოხანაშვილი გაათავისუფლეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ გაამართლა. რაღაცაში არ გაამართლა. რაც შეეხება უშუალოდ ამ საკადრო ცვლილებებს - „ოცნებას" ხალხი არ ჰყავს, რომ დააკომპლექტოს სახელმწიფო ინსტიტუტები. უსაფრთხოება ერთადერთი ფუნდამენტია სახელმწიფო ინსტიტუტებში, და ვხედავთ, რომ მათ არ ჰყავთ ასეთი ადამიანები.
პოლიტიკოსებიდან არჩევენ ვიღაცეებს, თან სულ ერთი და იგივე ადამიანებს - ოხანაშვილი და მდინარაძე; ჩვენ მუდმივად გვესმის, ხან აქეთ მოჰყავთ, ხან იქეთ. რამდენი ადამიანების გვარები უბრალოდ აღარც გვახსოვს. სად არის თალაკვაძე, კუჭავა? მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კობახიძის გარშემო ტრიალებდნენ. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილებები რესურსების სიმწირით არის გამოწვეული. დიახ, ოცნებას რესურსები აღარ აქვს."-განაცხადა ზაქარეიშვილმა
ამ ფონზე საინტერესოა, რამდენ საინტერესოდ მოლაპარაკე ადამიანს გავიხსენებთ პარლამენტში. არ ჰყავთ ხალხი, და ამიტომაც ხდება ეს. ამიტომაა თვალშისაცემი ესეც."-განაცხადა ზაქარეიშვილმა
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ახალ კანდიდატს თავისი გამოცდილების საფუძველზე ამ პოსტიდან სახელმწიფოსთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.
„ანრი ოხანაშვილმა დაიკავა ანალიტიკური მრჩევლის პოზიცია - პრემიერის მრჩევლის პოსტი უსაფრთხოების მიმართულებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება გართულებული პროცესების ფონზე, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში და მსოფლიოში, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან მდინარაძე არის გამოცდილი, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტი და აქვს უდიდესი პრაქტიკა.
ამიტომ, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მმართველმა ძალამ საჭიროდ ჩათვალა, რომ უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია მდინარაძეს იმ ადგილზე, სადაც ის დაინიშნა, და ოხანაშვილს იმ პოსტიდან, სადაც დანიშნეს. ვფიქრობ, სამშობლოს მსახურება მხოლოდ თანამდებობით არ განისაზღვრება, ამიტომ ამ საკადრო ცვლილებებსაც ამ ფაქტორებს ვუკავშირებ."-განაცხადა გვენეტაძემ.
არის თუ არა დესტაბილიზაცია „ოცნებაში"
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს მამუკა მდინარაძის კანდიდატურაზე, აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ ჰგონია, რომ მმართველ გუნდში დესტაბილიზაცია იყოს.
„მდინარაძეს თავისი ფუნქცია ჰქონდა, და ახლა გადაიყვანეს სხვა ფუნქციაზე. საინტერესოა, რამდენი თანამდებობა ჰქონდა მას, სანამ მდინარაძე გახდა მდინარაძე. რატომ? იმიტომ, რომ არ ჰყავთ სხვა. რაც შეეხება დესტაბილიზაციის საკითხს - არ ვფიქრობ, რომ ოცნებაში იყოს დესტაბილიზაცია.
ოპოზიცია ემზადება ბოიკოტისთვის და არა ძალაუფლების აღებისთვის და ვინაიდან „ოცნებას" შემცვლელი არ ჰყავს ისევ რჩება უსუსურ, უნიათო ძალად მმართველობაში, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ იყოს დესტაბილიზაცია.
ასე რომ, მკვდარი ოცნება უფრო ცოცხალია, ვიდრე მკვდარი ოპოზიცია."-დასძინა ზაქარეიშილმა.
ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ვარაუდები, რომ მმართველ გუნდში ქაოსია, სიმართლისგან შორს არის.
„რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს - ოპოზიციას მეტი რა საქმე აქვს; ხან ამას იტყვის, ხან იმას... უსაქმო კაცისა და მახათის ამბავია.
„რაც შეეხება მდინარაძის კანდიდატურას, ვფიქრობ, იქნება ცვლილებები, რომელსაც ის განახორციელებს ისე, რომ სახელმწიფო დაწესებულების ამ უაღრესად მნიშვნელოვანმა ინსტიტუტმა გამართულად იმუშაოს. ვიმეორებ, იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს."-დასძინა გვენეტაძემ.
რას ამბობენ ოპოზიციაში
„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" გუნდში საკადრო ცვლილებები, მმართველი გუნდის შიდა ვერტიკალის დასუსტების მანიშნებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ვერტიკალის გასწორებას, ვერ ახერხებენ დალაგებას, რეჟიმის სტაბილიზაციას. ეს, რა თქმა უნდა, არის გამოძახილი იმ შიდა წინააღმდეგობის, რომელიც არსებობს საქართველოში და რომელიც არის ურყევი, მათ შორის, ეს არის საერთაშორისო ზეწოლის და სანქცირების შედეგიც. საბოლოოდ, ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილის ბანდა ვერ სტაბილიზირდება, ვერ ლაგდება. ეს კლანური ბრძოლები კიდევ უფრო ასუსტებს რეჟიმს და განაპირობებს იმას, რომ თუნდაც იმ თანამდებობაზე, რომელზეც 6 წლით უნდა ირჩევდნენ კადრებს, ფორმალურად ირჩევენ რამდენიმე თვით",- განაცხადა ფავლენიშვილმა.
მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამაც, ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა.
„ისეთი უკანასკნელი ნაძირალას დანიშვნა სუს-ის უფროსად, როგორიც არის მამუკა მდინარაძე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და ყველაფერს ხელს მოაწერს, ნამდვილად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ის არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. მას პრობლემა აქვს ყველა უწყებაში, მართლმსაჯულებაში, ე.წ. კრიმინალურ სამყაროში, რომელთანაც ყოველთვის შეზრდილი იყო. ასეთ თავზეხელაღებულ, სულმდაბალ ადამიანთან ჩვენ, დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.