თამთა ჩაჩანიძე
25.08.2025

ბოიკოტში მყოფი 8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქცია-მსვლელობას აანონსებს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე. გამოსვლა იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ევროკავშირმა სავარაუდოდ საპასუხო განცხადება უნდა გააკეთოს ევროკომისიის 8 რეკომენდაციაზე, რომლის შესრულებას დათქმულ 31 აგვისტომდე "ოცნება" არ აპირებს.

დაანონსებულ აქციას ოპოზიციაში ეხმიანებიან, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს,რომ ყოველი მომავალი აქცია უნდა იყოს "კიდევ უფრო ფართო, მრავალრიცხოვანი, მასშტაბური, ხმამაღალი და აქტიური, რათა ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს და დემოკრატიული მომავლის პერსპექტივა არ დავკარგოთ".

რაც შეეხება მმართველ პარტიას, უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ოპოზიცია, "მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა სცენარი კრახისთვის არის განწირული"

გამოვა თუ არა ხალხი 13 სექტემბერს

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ერთსა და იმავე მოწოდებაზე ყოველთვის სულ უფრო ნაკლები ადამიანი რეაგირებს, თუმცა დასძენს, რომ დიდი შესვენების მერე, აქციაზე იმაზე მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე ყოველ ღამეა რუსთაველზე.

"ვერ ვხდები რატომ 13 სექტემბერს და ვერც რომელიმე თარიღს ვუკავშირებ. კარგადაა იმ იგავ-არაკში აღწერილი, იტყუებოდა მგელი-მგელიო და მერე, როცა მართლა გამოჩნდა მგელი, კაციშვილმა ყურადღება აღარ მიაქცია. ერთიდაიგივე რომ ბევრჯერ, ხშირად და უშედეგოდ მეორდება, მერე იგივე მოწოდებაზე უფრო ნაკლები ხალხი გამოდის, თუ რაიმე ახალი არ ითქვა მასში. თუ უქმეებს დაამთხვიეს, სექტემბერში შაბათი დღე მერეც იქნება",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, ეს ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ რეკომენდაციების არშესრულების შემდეგ, ევროკავშირისგან რაღაც ისეთი განცხადება გაკეთდება 13 სექტემბრამდე, რამაც შესაძლოა ხალხის ქუჩაში გამოსვლას შეუწყოს ხელი და რასაც თავად ხელისუფლება არ გამორიცხავს, ანალიტიკოსმა გვითხრა:

"ყოველ შემთხვევისთვის ეგ შეიძლება იყოს სიახლე, მაგრამ ევროკავშირის განცხადებებიც იქნება თუ არა, ეგეც საკითხავია, მიუხედავად იმისა, რომ დათქმა არსებობს. ამასთან, ევროკავშირის განცხადებაზეც ასეთი რეაქციაც საეჭვოა, ხალხის ის რაოდენობა გამოვიდეს, რაც ოპოზიციას სურს. თუმცა, რაღაც რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს იმასთან შედარებით, რასაც ყოველ ღამე ვართ შეჩვეული.

"თავისთავად ის, რომ ამხელა შესვენების მერე თავყრილობა იქნება გამოცხადებული, ვინც მხარს უჭერს ასეთ საპროტესტო განწყობილებებს, ესეც იქნება იმის სტიმული, რომ ეს ადამიანები გავიდნენ და ქუჩაში დადგნენ. თუმცა, რატომ დგანან ქუჩაში, ამას აღარ აკონკრეტებენ, ითვლება, რომ ქუჩაში დგომა უკვე პატრიოტობაა",- განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია შეეცდება, რომ 13 სექტემბრიდან საპროტესტო გამოსვლები უფრო ინტენსიური გახდეს, მაგრამ არ ჰგონია, რომ ამან დიდი შედეგი გამოიღოს.

"ეცდებიან, მაგრამ არ მგონია, რომ ამას დიდი შედეგი ჰქონდეს. ის, რომ ხელისუფლება იმ არეულობას ყურადღებას არ აქცევს, რაც ღამის აქციებზე ხდება, ეგ უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ანალოგიური თუ მოხდა, არც იმაზე ექნება რეაქცია. მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ კანონის დარღვევაზე, უნებართვო ჩაკეტვა იქნება, თუ რაიმე სხვა, მაშხალების სროლაზე აღარ ვლაპარაკობ, ხელისუფლება რეაქციას იძლევა და თუკი ოპოზიციამ რაიმე მოიმოქმედა ისეთი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოიყვანს, იქ ხელისუფლების მხრიდან რეაქცია იქნება.

"ამბობენ, რომ გამოსვლა გვინდაო, მაგრამ მუხტის აწევას და ადამიანების მიმხრობას რითი აპირებენ, ეს გაუგებარია. ასევე, გაუგებარია რატომ გამოსვლა და არა არჩევნებში მონაწილეობა და სხვადასხვა ტრიბუნის გამოყენება. ან რასაც აცხადებენ ხოლმე, რომ ხალხთან სალაპარაკოდ გავდივართო და ფაქტია არ გადიან, აი ამის ფონზე, ხალხის მობილიზაციას რამდენად მოახერხებენ არ ვიცი.

"ოპოზიციური ფლანგიდან აქციების გარდა სხვა არაფერი ხდება. მაგალითად, ტრამპი ბაიდენის ოპოზიცია იყო, ერთი მომენტი ქუჩისკენ კი გაიხედა, მაგრამ მერე აღარ გასულა. ის კი არა, რაც ქუჩაში გავიდა, იმაზეც საფრთხე შეექმნა და გასამართლებას უპირებდნენ, მერე თავის პრეზიდენტობა ისევ არჩევნების გზით დაიბრუნა. თუ ამათ პოლიტიკაში უნდათ შემოსვლა, ქუჩაში ყოფნა მოგების გარანტია არაა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

21 აგვისტოს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციებელი სამოქმედო გეგმა, ორგანიზაცია "აი-არ-აი"-ს საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ მოამზადა".

ამავე ინფორმაციით, "იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები 1 სექტემბრამდე, გეგმის მიხედვით, საქართველოში უნდა გაღვივდეს საპროტესტო მუხტი, კერძოდ 13 სექტემბერს იგეგმება საპროტესტო აქციის ჩატარება, რის შემდეგაც, სექტემბრის მეორე ნახევარში, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები გაემგზავრებიან სავარაუდოდ აშშ-ში ჯონ დიპიროსთან შესახვედრად".

"საქართველოში "აი-არ-აი"-ს ოფისის დირექტორის ჯონი დიპიროს რეკომენდაცია სრულდება, თან ისე რომ მის მიერ რეკომენდირებული თარიღიც კი დაიცვეს. ასეთია აგენტურის ბუნება, და ეს მარშიც და მიტინგიც, იქნება აგენტურის მიტინგი ყველა მისი მონაწილეს ჩათვლით!

"რეკომენდაციის შესრულების ხარისხს 13 სექტემბერს ვნახავთ. პატრონებს ანგარიში ხომ უნდა ჩააბარონ, ფულია გადახდილი",- წერს "ფეისბუქზე" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

რას ამბობენ ოპოზიციაში

როგორც აქციის დაანონსებისას "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, ევროკომისიის მიერ მოცემული ვადა იწურება და "ოცნება" რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად.

„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა, ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან.

"შესაბამისად, ეს იქნება ასე, სანამ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა, არ მოვიკრებთ საკმარის ძალას და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს!

"ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე, ქართველი ხალხის მოტყუებაში არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას. ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და გამარჯვებამდე ვიბრძვით!"- განაცხადა ხოშტარიამ.

"ყველა მომავალი აქცია უნდა იყოს კიდევ უფრო ფართო, მრავალრიცხოვანი, მასშტაბური, ხმამაღალი და აქტიური იმისთვის, რომ ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს და დემოკრატიული მომავლის პერსპექტივა არ დავკარგოთ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა.

მისი შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების ნებისმიერი მეთოდით შენარჩუნება სურს ისე, რომ არად დაგიდევს საქართველოს მომავალი ათწლეულები რუსეთთან ერთად იქნება თუ ევროპასთან".

მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოების პროტესტი და სინერგია პარტიებსა და საზოგადოებას შორის.

"ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ სუსტდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, როგორ ვშორდებით დასავლეთს. საქართველო ძალიან ბევრ შესაძლებლობას მხარს ვერ უბამს. ძალიან ბევრ პერსპექტივას ვკარგავთ მათ შორის იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონში ხდება. ასევე ხდება მთელი კონსოლიდაცია უკრაინის ირგვლივ.

"იმ პოლიტიკით, რაც დე ფაქტო ხელისუფლებას გააჩნია, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია შორეულ პერსპექტივაში რჩება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×