რეზონანსი
25.08.2025

სექტემბრის ბოლოდან თურქეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet - ი თბილისსა და ანკარას შორის რეგულარულ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის პირდაპირი დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით, თბილისი - ანკარა - თბილისის ფრენების დაწყება კი ამის მაგალითია.

„თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. შესაბამისად, თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის და ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლით მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას: 2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. ამ ეტაპზე, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება, ასევე 13%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×