
პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის" და „ლელომ" თბილისის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს. ასევე ცნობილია მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატებიც. შესაბამისად, უკვე შესაძლებელია მსჯელობა, თუ თბილისის რომელ რაიონში იქნება 4 ოქტომბერს ყველაზე საინტერესო დაპირისპირება. ამ საკითხზე „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსების ზოგ შემთხვევაში მეორე ტურის დანიშვნას პროგნოზირებენ.
თბილისის საკრებულოს არჩევნებში რამდენიმე ოლქი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მთაწმინდა, დიდუბე-დიღომი და გლდანი ის ადგილებია, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის კონკურენცია ყველაზე მძაფრად იკვეთება.
მთაწმინდაზე საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე „ქართული ოცნების" მიერ კიდევ ერთხელ თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებული ზურა აბაშიძე „ლელო"-გახარიას კანდიდატ ლანა გალდავას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება „ლელოსა" და გახარიას პარტიის მიერ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებულ გიორგი შარაშიძეს, იგი საარჩევნო ოლქში „დიდუბე 2" (დიღომი) „ქართული ოცნების" წარმომადგენელ შოთა ქევხიშვილს დაუპირისპირდება.
ასევე საინტერესოა ოლქი „გლდანი 2" (მუხიანი), სადაც „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია იყრის კენჭს. მისი მეტოქე „ოცნების" კანდიდატი ცოტნე ჩიქვინიძეა.
როგორი არჩევანი გააკეთეს პარტიებმა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეს აზრით, ზემოთ ნახსენები კანდიდატები საზოგადოებისთვის ასე თუ ისე ცნობადი სახეები არიან. შესაბამისად, ანალიტიკოსი მათი კანდიდატურების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
„ვფიქრობ, ბრძოლა იქნება და კარგია, რომ ბრძოლა იქნება. თუმცა, როგორი იქნება, ამას ჩვენ მაშინ ვნახავთ, როცა საარჩევნო კამპანია გაიხსნება.
„ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალეთ, საზოგადოებისთვის ასე თუ ისე ცნობადი სახეები არიან. შესაბამისად, ამ მხრივ გადაწყვეტილება, რომ ისინი წარადგინეს, ვფიქრობ, სწორია, რადგან მათ ზედმეტი რეკლამა და საზოგადოებისთვის გაცნობა არ სჭირდებათ. სამივე რაიონში ამ კანდიდატებს, ასე თუ ისე, საზოგადოება მედიასაშუალებებიდან თუ საჯარო სივრცეებში გამოჩენიდან იცნობს. ეს ერთ-ერთი პლიუსია.
„დანარჩენი, როგორც გითხარით, ვნახოთ, ვინ როგორ წარუდგენს თავს ამომრჩეველს. წინასწარ განჭვრეტა რთულია, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: საზოგადოებაში, ჩემი აზრით, უმრავლესობის მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია „ლელოსა" და „გახარიას" ძალიან მწვავე დაპირისპირების ეპიზოდები. ახლა, როცა ისინი ერთობლივად წარადგენენ კანდიდატებს, შეიძლება ამომრჩეველს ეს გარკვეულწილად ალოგიკურადაც მოეჩვენოს", -განაცხადა ანჯაფარიძემ.
დაინიშნება მეორე ტური?
კითხვაზე, რამდენად მაღალია მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა, ზაალ ანჯაფარიძე გვპასუხობს:
„შესაძლებელია რომელიმე ოლქში მეორე ტური დაინიშნოს, განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ უბნებში. ასეთი განცდა მაქვს გამომდინარე იქიდან, თუ რა შედეგები დაფიქსირდა ამ უბნებში საპარლამენტო არჩევნების დროს. შესაბამისად, მეორე ტური არ არის გამორიცხული. თუმცა, ვიმეორებ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად წარმართავს თავის საარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნება".
ანჯაფარიძეს თქმით, შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავებს „ქართული ოცნების" შტაბი და მისი პიარი:
„ოცნების" უპირატესობა რესურსებში აშკარაა, მაგრამ ერთია რესურსის ფლობა და მეორეა მისი ეფექტურად გამოყენება. შესაბამისად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავებს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი და პიარ-სამსახური, რომ ეს კანდიდატები საზოგადოებას ეფექტურად წარუდგინონ".
ანჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ამ არჩევნების მნიშვნელობაზეც.
„მთავარი არის არა ის, თუ როგორი იქნება ბრძოლა, არამედ ის, რომ არჩევნები ჩატარდება კონკურენტულ გარემოში. ეს არის მთავარი ჩემთვის და ყველასთვის. ვინც ამ არჩევნებს აკვირდება, თუნდაც გარედან. ნებისმიერი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც მის ლეგიტიმურობასა და სამართლიანობას განსაზღვრავს, არის ის, რომ არჩევნები კონკურენტულია. თუ ასეთი კონკურენცია იქნება „ქართული ოცნებას" და იმ პარტიებს შორის, რომლებმაც გადალახეს საპარლამენტო ბარიერი, რა თქმა უნდა, ეს არჩევნებს ლეგიტიმურობას მატებს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
როგორ დაწყვილდნენ მაჭორიტარები
1. მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე („ოცნება") და ლანა გალდავა („ლელო"-გახარია);
2. ვაკე (ტრადიციული/ცენტრალური) ალექსანდრე ასათიანი („ოცნება") და ვახტანგ სურგულაძე („ლელო"-გახარია);
3. ვაკე (ზემო) - ბექა გელენავა („ოცნება") და ზაზა თავაძე („ლელო"-გახარია);
4. საბურთალო 1 (ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა) - ბექა მიქაუტაძე („ოცნება") და რამაზ მანდარია („ლელო"-გახარია);
5. საბურთალო 2 (კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი) - არჩილ ნიჟარაძე („ოცნება") და სალომე კობალაძე („ლელო"-გახარია);
6. საბურთალო 3 (დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომი) - შალვა პერანიძე („ოცნება") და როინ ქოჩორაშვილი („ლელო"-გახარია);
7. კრწანისი - ლევან ჯაფარიძე („ოცნება") და თამარ ბოყოველი („ლელო"-გახარია);
8. ისანი 1 (ავლაბარი) - კახაბერ ლაბუჩიძე („ოცნება") და სოფო ხორგუანი („ლელო"-გახარია);
9. ისანი 2 (ვაზისუბანი) - ბექა მენთეშაშვილი („ოცნება") და გიორგი სიორიძე („ლელო"-გახარია);
10. ისანი 3 (ნავთლუღი) - დავით ხაბეიშვილი („ოცნება") და ვიკა ფილფანი („ლელო"-გახარია);
11. სამგორი 1 (მასივი) - გიორგი დოხტურიშვილი („ოცნება") და გულიკო ზუმბაძე („ლელო"-გახარია);
12. სამგორი 2 (ქვედა სამგორი) - ზაქარია წიკლაური („ოცნება") და გიგა კაცია („ლელო"-გახარია);
13. ვარკეთილი - ვაჟა კოკაია („ოცნება") და ნინო ქათამაძე („ლელო"-გახარია);
14. ლილო-ორხევი - მამუკა ხაბარელი („ოცნება") და დაჯი კოვზირიძე („ლელო"-გახარია);
15. ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე („ოცნება") და რუსუდან თევზაძე („ლელო"-გახარია);
16. დიდუბე 1 (წერეთლის მხარე) - გივი ჩხარტიშვილი („ოცნება") და ბექა ბერიძიშვილი („ლელო"-გახარია);
17. დიდუბე 2 (დიღომი) - შოთა ქევხიშვილი („ოცნება") და გიორგი შარაშიძე („ლელო"-გახარია);
18. ნაძალადევი 1 (ზღვის უბანი, თემქა) - ირაკლი ბენდელიანი („ოცნება") და ნიკა ჩერქეზიშვილი („ლელო"-გახარია);
19. ნაძალადევი 2 - შალვა მაისურაძე („ოცნება") და ფიქრია გოგოლაძე („ლელო"-გახარია);
20. ნაძალადევი 3 (ძველი ნაძალადევი, ლოტკინი) - დავით ჭელიძე („ოცნება") და ეკა უდესიანი („ლელო"-გახარია);
21. ნაძალადევი 4 (სანზონა) - ვალერიან პაპუაშვილი („ოცნება") და ქეთევან თურაზაშვილი („ლელო"-გახარია);
22. გლდანი 1 (ავჭალა) - შალვა ოგბაიძე („ოცნება") და გიორგი რეხვიაშვილი („ლელო"-გახარია);
23. გლდანი 2 (მუხიანი) - ცოტნე ჩიქვინიძე („ოცნება") და გრიგოლ გეგელია („ლელო"-გახარია);
24. გლდანი 3 (ლუწი მიკრორაიონები) - მიხეილ რეხვიაშვილი („ოცნება") და კოკა კობალაძე („ლელო"-გახარია);
25. გლდანი 4 (კენტი მიკრორაიონები) - ჯაბა კოღუა („ოცნება") და ჯუბა ლოლაძე („ლელო"-გახარია).