თამთა ჩაჩანიძე
26.08.2025

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არჩევნებში ჩართულ პარტიებსა და მათ ლიდერებს მოუწოდებს, რომ სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავი შეიკავონ, ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები უკვე იყო. ანალიტიკოსების განცხადებით, ჩვენს რეალობაში სიძულვილის ენად აღიქმება როგორც სალანძღავი სიტყვები, ისე ცილისწამება, რასაც არჩევნებში ჩართული მხარეები უკვე მეტ-ნაკლებად იყენებენ და თუ რა დოზით, ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ლევან იოსელიანი საარჩევნო კამპანიის მონაწილეთა მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამაზე არჩევნების წინა პერიოდში იტყვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო წარიმართოს ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს და ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი. ამაზე არჩევნების წინა პერიოდში ჩემი მხრიდან განცხადებებს გავაკეთებ. იმედი მაქვს, არჩევნები ჩაივლის მშვიდ გარემოში", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებები

სიძულვილის ენის გამოყენება ხდება როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ოპოზიციაშ ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ალეკო ელისაშვილი. მაგალითად, 21 აგვისტოს მან „ტვ პირველთან" საუბრისას თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა:

„ბოტოქსებიან-ფილერებიანი თაღლითი, აფერისტი... თბილისის მერს, რომ სცალია, რომ ბოტოქსები და ფილერები გაიკეთოს, ტუჩები დაიბეროს, ღაწვები დაიპატარავოს და თვალები დაიპრაწოს, ამისთვის რომ სცალია იმიტომაა, ხან პარაპეტი რომ ვარდება და გამვლელებს კლავს, ხან ბავშვი რიყის პარკში ხუფში ვარდება და კვდება, წყნეთში ახალგაკეთებულ ფანჩატურს ბავშვმა ხელი მოჰკიდა და მოკვდა...

„რა ვქნა, ძველმოდური კაცი ვარ, შემირცხვენია ყველა ის კაცი, ტუჩებს რომ იბერავს, მაგნაირ კაცს მე ხელს ვერ ჩამოვართმევ. თბილისის მერს რომ სცალია, უცხოეთში წავიდეს და ტუჩები გადაიპრაწოს, აი, ამ ქალაქის გამოგლეჯაზე ვლაპარაკობთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ყურადღება მიიქცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის 5 აგვისტოს განცხადებამაც, სადაც მან არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, გიორგი გახარიას მამუკა და ხაზარაძეს მატყუარები და თაღლითები უწოდა.

„საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა რომ ერთად დასხდებიან, გასაგებია რა განაჩენსაც მიიღებენ ქართველი ხალხისგან. თაღლითს რომ მატყუარა დაამატო, ამით არაფერი კარგი არ გამოდის და ხალხისგან შესაბამისს პასუხსაც მიიღებენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიძულვილის ენა და არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნებში ჩართული ოპოზიციისგანაც კეთდება განცხადებები, სადაც სიძულვილის ენაა გამოყენებული, თუმცა მმართველ პარტიასთან შედარებით ნაკლებად.

„ეს განცხადებები ნამდვილად არაა კარგი ვარიანტი და ოპონენტის სიძულვილით შემკობას, სჯობს მაქსიმალურად თავი შევიკავოთ. მაგრამ იყენებენ და ეს ჩვენი რეალობაა. კრიტიკა აუცილებლად უნდა იყოს პრინციპული და კატეგორიულიც, მაგრამ არა დამამცირებელ-შეურაცხმყოფელი და სიძულვილის გამომხატველი.

„ასე სისტემურად ვერ ვიხსენებ ან გახარიას პარტიისგან, ან „ლელოსგან" მუდმივად სიძულვილის ენის გამოყენებას. ელისაშვილი მაინც ერთი ადამიანია, ასეთი სტილისაა არა მარტო ამ არჩევნებში, არამედ, ზოგადად, ფიზიკური ძალაც გამოუყენებია ოპონენტის წინააღმდეგ. ელისაშვილის მიმზიდველობაც ესაა, ასეთი ბევრს მოსწონს და ალბათ ცდილობს თავის ამპლუას შეესაბამებოდეს. მან ეს იმიჯი იპოვა და იყენებს. ვიცნობ, ვმეგობრობ და არასდროს არ მაქვს განცდა, რომ სტილი შევუსწორო.

„არ მახსენდება არც გახარიასგან და არც ხაზარაძე-ჯაფარიძისგან, რომ ისინი ოპონენტებთან ამ ფორმით ურთიერთობდნენ, როგორც ელისაშვილი. არ ვამტყუნებ ერთს და არ ვაქებ მეორეს, ყველა პოლიტიკოსი თავის იმიჯს ირჩევს და ამას მიჰყვება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციისგან ცილისწამება მოდის ხელისუფლების მისამართით:

„ამ დარგში თავის დროზე მიმუშავია და გააჩნია სიძულვილის ენას რას უწოდებენ. ერთია, როცა სალანძღავ სიტყვებს იყენებენ, მეორეა, როცა უბინძურესი ცილისწამება მოდის. როცა კანონიერად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს აბრალებენ, რომ ისინი თურმე კრემლის აგენტები და მოღალატეები არიან, ეს კორექტული გამონათქვმია?

„ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. ომბუდსმენმა თავისი მისია შეასრულა და თქვა.

„უფრო რადიკალური სიძულვილის ენა მოდიოდა მელია-ბოკუჩავა-ვაშაძისგან, არჩევნებში ჩართულებს რაც შეეხება, ელისაშვილი „ლელოსთანაა" და მისი ენა როგორია? მისგან ფიზიკური მუქარაც კი გაისმის ხოლმე".

მამრაძის შეფასებით, „ლელოსა" და გახარიას პარტიისგან ისმის მმართველი პარტიის მისამართით „უბინძურესი ცილისწამება", რაც ასევე უნდა ჩაითვალოს სიძულვილის ენად.

„მათგან მესმის უბინძურესი ცილისწამება, დაბრალება, რომ არიან ქვეყნის მოღალატეები, პუტინის მარიონეტები და რას არ უწოდებენ... ჩემთვის ეს სიძულვილის ენის მძაფრი გამოხატულებაა. მიმაჩნია, რომ ვინც „ლელოში" არიან ხაზარაძე-ჯაფარიძის თამადობით, ისინი რეგულარულად იყენებენ სიძულვილის ენას ამ ფორმით. არ ვამბობ, რომ დედას იგინებიან, მაგრამ ჩემთვის ეს სიძულვილის ენაა", - განაცხადა მამრაძემ.

სიძულვილის ენა და მმართველი პარტია

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია სიძულვილის ენას იყენებს.

„ივანიშვილი იშვიათად გამოდის, მაგრამ ბოლო გამოსვლისას გახარიას „გარეწარი" უწოდა. ეს არ იყო ტექსტი, რომ ეთქვა - მე არ დამიწერიაო. ზოგადად, „ქართული ოცნებიდან" ასეთები მოსულა. ეს საერთოდ სისუსტის ნიშანია. თუ ეს არ არის იმიჯი, საზოგადოებას ამით თავს არ აწონებ და შეურაცხმყოფელი სიტყვები წამოგცდება, ეს სისუსტის ნიშანია. იმდენად გამწარებულია გახარიაზე ივანიშვილი, რომ ვერ მოახერხა კორექტული წინადადებების დალაგება, როცა ის ყოველთვის ცნობილი იყო ადრე იმით, რომ მაქსიმალურად კორექტულად საუბრობდა საზოგადოებასთან და მაქსიმალურად ცდილობდა უცენზურო სიტყვები არ გამოეყენებინა. ახლა არ გამოუვიდა. იმდენად გრძნობს, რომ პრობლემები აქვს, რომ ზოგჯერ სიტყვები ეკარგება.

„პაექრობის ნებისმიერი ფორმა ჩემთვის ასატანი და გასაგებია, თუმცა არა მისაღები. პარლამენტში დეპუტატებისგან კი, ბატონო, ხშირად იყო ხოლმე გამოსვლები, ჩხუბები და ცემა-ტყეპა და სანამ აქამდე მივლენ, მანამდე დედის გინებაცაა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პეტრე მამრაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია „პრაქტიკულად არ იყენებს" სიძულვილის ენას. დამატებით კითხვაზე, არის თუ არა, მაგალითად, პაპუაშვილის მიერ ნათქვამი „ლელოსა" და გახარიას პარტიაზე, რომ „საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა ერთად დასხდებიან" სიძულვილის ენა, მამრაძემ გვითხრა:

„რასაც „ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, ესაა პასუხი შემოტევებზე და არის სრული სიმართლე. „ოცნებისგან" ჯერჯერობით არცერთი განცხადება არ მომისმენია, რომ მეთქვა რატომ აბრალებენ-თქო. უფრო მეტიც, ხელისუფლება კორექტულ ენას იყენებს და დღემდე მათ „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებს.

„ის, რომ ხაზარაძე თაღლითია, ესეც რეალობაა. ბანკებმა გადაჭამეს საქართველო და რეალურად მევახშეები გახდნენ, ანაკლიასთან დაკავშირებითაც იყო სრული ცილისწამება ხაზარაძისგან", - განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×