მარიამ ვეკუა
27.08.2025

„თორნიკე რიჟვაძის პიჯაკიდან ამოღებული წერილი სწორედ მას ეკუთვნის" - ამის შესახებ ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის საქმეზე ბრალდებულის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით განაცხადა, თავად ბრალდებულმა ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და ბევრ ისეთ დეტალზე ალაპარაკდა,რომელიც ამ დრომდე უცნობი იყო.

ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურის თქმით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მას რამდენიმე დღის წინ გადაეცა. ადვოკატი სასამართლოსგან საქმის შეწყვეტას ითხოვს: „ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი ბატონი რიჟვაძის მიერ არის დაწერილი. საქმის შეწყვეტას მოვითხოვთ. ბატონი რიჟვაძე ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გამოკითხვა ვერ განხორციელდა", - განაცხადა აფციაურმა.

როგორც თავად საქმეში ბრალდებული ახვლედიანი აცხადებს, მას რიჟვაძის ახლობლებთან კომუნიკაცია აქვს.

„რიჟვაძესთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისთვისაც საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ რომ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. ბოლო, გუშინწინდელი ინფორმაციით, ალბათ კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას. მას ეს პრობლემა ჰქონდა და გამწვავება გამოიწვია.

მას იქ ადგილობრივი ფსიქოლოგების ჯგუფი ემსახურება და აუკრძალეს ამ ორთვიანი კურსის დასრულებამდე, საერთოდ ყველანაირი კომუნიკაცია ყველასთან. მე მხოლოდ ოჯახის წევრებს ვეკონტაქტები",- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ. საქართველოს პროკურატურამ ახვლედიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს. სასჯელის მაქსიმალური ზომა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 30 000-ლარიანი გირაოა, რომელიც ბრალდებულს უკვე შეფარდებული აქვს.

გამოძიების ვერსიით, 7 ივლისს თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის სახლში, საგარეჯოში, თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

9 წუთში გვყავდა (თორნიკე რიჟვაძე) საოპერაციო მაგიდაზე"

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან ბევრი ისეთი დეტალი გაამხილა, რომელიც მანამდე უცნობი იყო.

„კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმი ჩემი მეგობარია. დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი. ქირურგებს ხელთათმანები ეკეთათ უკვე, ექიმი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, ფეხსაცმელი არ ეცვა, „ნასკებით" იყო. 9 წუთში გვყავდა [თორნიკე რიჟვაძე] საოპერაციო მაგიდაზე, - განაცხადა ახვლედიანმა

როგორც ის განმარტავს, მას თორნიკე რიჟვაძემ ტელეფონზე თავად დაურეკა, თუმცა, არაფერი უთქვამს, რის შემდეგაც მასთან ოთახში შევიდა და ის დაჭრილ მდგომარეობაში დახვდა.

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მას რიჟვაძემ გასროლამდე დაურეკა.

„სახლიდან „112"-ში ორჯერ დავრეკე, ოპერატორი დაკვებულია, დაელოდეთო. როგორ დაველოდებოდი? მერე ვიფიქრე, მარტო დამეძრა [თორნიკე], მაგრამ ეს მოწყვეტილი კაცი რა ყოფილა.

ჩემი აზრით, როცა დამირეკა, ნასროლი არ ჰქონდა, როგორც კი შევედი, გათიშული იყო, ნასროლზე ვერ დარეკავდა, როგორც მითხრეს", - განაცხადა ახვლედიანმა.

საინტერესო დეტალია, ისიც, რომ ახვლედიანმა ასევე ცალსახად გამორიცხა რიჟვაძის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლის არსებობა. ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა თორნიკე რიჟვაძე დაბარებული სუს-ში, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მას მსგავსი არაფერი სმენია.

„მდინარაზე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა"

ბატონ მამუკას [მდინარაძეს] დღემდე არ შევხვედრილვარ, საერთოდ თვალით არა მყავს ნანახი - შესაბამისად არც ყოფილა! - ასე უპასუხა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა კითხვას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თუ არა მამუკა მდინარაძე.

„მამუკა მდინარაძის ბიოგრაფია წავიკითხე და შს სამინისტროში ერთსა და იმავე პერიოდში გვიმუშავია. ჩემდა სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და ერთ სივრცეშიც არ ვართ ნამყოფი.

რაც შეეხება ზეწოლას, სად გაგიგიათ, რომ უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოეს ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით უნდა ჰქონოდა ზეწოლა? - მე, მამამისს თუ მის სიძეს?!

ადამიანს, რომლის მიმართაც აქვთ კითხვები, რომელზეც არის ზეწოლა, მას ელჩობას უპირებენ?!", - განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

შემთხვევამდე ერთი დღით ადრე

როგორც ბრალდებული ალექსი ახვლედიანი აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობიდან წასვლა მინიმუმ, წელიწად ნახევრის განმავლობაში უნდოდა, „ეს ფაქტი მან მაინც ძალიან რთულად გადაიტანა".

ახვლედიანი იხსნებს წინა დღეს, როცა რიჟვაძემ მან საგარეჯოში წასვლა შესთავაზა. (სადაც რიჟვაძემ პროკურატურის ცნობით თავის მოკვლა სცადა)

„დაახლოებით, 17:00 საათზე, დამიკავშირდა თორნიკე, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები. მეგობრების გარდა, ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის და განსაკუთრებით, ამ ბოლო პერიოდში.

სადღაც 17:00 საათზე დამიკავშირდა. ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. ეს აღმოსავლეთ საქართველოში მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო. იმ პერიოდშიც კი, მე როცა არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემ გარეშეც მიდიოდა, რჩებოდა... „-განაცხადა ახვლედიანმა

„სურვილი ჰქონდა საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით"

ახვლედიანი აღნიშნავს, რომ რიჟვაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამდებობიდან წასვლაზე აქტიურად საუბრობდა.

„თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან. ის მიიჩნევდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის. ...მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით.

მე ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი შესაბამის დროს ეძებდა. ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, არ მიკითხავს, არ დამიზუსტებია. როცა მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში.

როგორც შემდეგ მომიყვა შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა, დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა. - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

რას ამბობს პროკურორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა" დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

„გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა, ამოღებული იქნა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენი ყველა ნივთი, ასევე გამოკითხული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, მათ შორის, საქმეზე ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა.

სისხლის სამართლის საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზა მოპოვებულია, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერ არის შესრულებული. ასევე, დანიშნულია არაერთი სხვადასხვა ექსპერტიზა, როგორიც გახლავთ, სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზა, მოპოვებულია ბალისტიკური ექსპერტიზა, ასევე დანიშნულია ტექნოლოგიური ექსპერტიზები იქ მყოფ პირთა მობილურ ტელეფონებზე, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის ტელეფონზე",- განაცხადა ჭიტაძემ.

კითხვაზე, რიჟვაძის წერილში მოყვანილ გარემოებებზე, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა, არის თუ არა დადგენილი, ვისი მხრიდან, პროკურორი პასუხობს, რომ „კონკრეტული პირები იდენტიფიცირებულები არ არიან".

„გამოძიება გრძელდება თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ალექსი ახვლედიანის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში, რაც თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტს უკავშირდება, გამოკითხულია მისი არაერთი მეგობარი და მათ შორის, ოჯახის წევრები. ისინი უთითებენ, რომ მის მიმართ „შავი პიარი" იყო აგორებული, რამაც მისი დეპრესიული მდგომარეობა განაპირობა. იგულისხმება, როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის, კონკრეტული პირებისაგან აგორებული „შავი პიარი".-განაცხადა პროკურორმა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×