
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე აჟიოტაჟი არ ცხრება. ხუთშაბათს მათმა კოლეგებმა მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 53 ორგანიზაცია აწერს ხელს. მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ დოკუმენტები, როგორ იძენდნენ ეს ორგანიზაციები აქციებისთვის წიწაკის სპრეისწ, რესპირატორებს, ნიღბებსა და აირწინაღებს.
„პროკურატურა საბოტაჟის გამოსაძიებლად სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს - სახელმწიფო ნებისმიერი კანონდარღვევის მიმართ შეუვალი იქნება!" - აცხადებს „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი.
მისი თქმით, „არ ისვენებენ ის პირები და ძალები, რომლებიც გარედან იძლევიან დესტრუქციულ მითითებებს და დირიჟორობენ მოვლენებს. ცდილობენ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები გაამართლონ. სახელმწიფო იქნება შეუვალი! ჩვენი ქვეყანა, მისი ხელისუფლება იქნება შეუვალი ყველა იმ გამოვლინების მიმართ, რომელიც კონსტიტუციის მიღმა შეეცდება ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებას, ხალხის დეზინფორმირებას, ხალხთან და საზოგადოებასთან მიმართებით ძალადობრივ და ძალმომრეობრივ ქმედებას. რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვითა და კანონის ფარგლებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება."
მათიკაშვილმა ყურადღება იუსაიდის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის აღიარებაზეც გაამახვილა, რომ ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში სასურველი მთავრობების დასახმარებლად და მიუღებელი მთავრობის მოსაცილებლად უდიდეს ფინანსურ რესურსს ხარჯავდა, რაც, მისი რწმენით, „ოცნების" ხელისუფლების განცხადებების სისწორეს ადასტურებს.
„ქართული ოცნების" ხელისუფლება ზუსტად ის ხელისუფლებაა, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას დიდი ხანია უკვე ესატყვისება და აცხადებს პირდაპირ, რომ იუსაიდიდან ეს თანხები სწორედ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, რევოლუციებისა და ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა. დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან და ღიად მხარდაჭერა, ბუნებრივია, ბევრ კითხვას და ამ მიმართულებით გარკვეულ მოსაზრებებსაც ბადებს", - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამავე აზრზეა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, რომელიც ახალ კანონმდებლობას ახსენებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციებს შავი ფულის წყარო ჩაკეტილი აქვთ.
„სახელმწიფო უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის დაცვას. მდიდარი „ენჯეოები" იკვებებიან შავი ფულით, რომლის ძალიან დიდი ნაწილიც უკვე გადაკეტილი აქვთ, ჩვენ მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე. თავიდან ბოლომდე უხვევენ საკუთარ წესდებას და რაშიც არ უნდა ჩაერიონ, იმაში ერევიან თავიდან ბოლომდე. ეს ორგანიზაციები იკვებებიან შავი ფულით, რომლის ძალიან დიდი ნაწილიც უკვე გადაკეტილი აქვთ - „გამჭვირვალობის კანონი", „ფარას" კოპირებული ვარიანტი, გრანტების კანონი და ა.შ. შესაბამისად, ახლა არიან ჩიხურ მდგომარეობაში და ვერ ასრულებენ იმ დავალებებს, რის გამოც იღებდნენ ამ გასამრჯელოს თავიანთი უფროსებისგან", - განაცხადა მაჭავარიანმა.
რას ამბობს ოპოზიცია
პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. იგი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივების დაყადაღებას „რეპრესიული რეჟიმის ფორმად" აფასებს.
„არ შეიძლება ყველას არ გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებამ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიყვანა რუსულ მოდელზე და რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით. ის, რაც დღეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების თავს და ის ბრალდებები, რაც წაყენებულია, აბსურდია და არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ადრე ვნახეთ რუსეთში. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.
ვხედავთ არასამთავრობოებზე შეტევას, მეორე მხრივ, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე. მძიმე ბრალდებებია, სრულიად უსაფუძვლო. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თურმე, ამას უნდა შევეგუოთ. დღეს საზოგადოებისთვის მოდის დრო, მივხდეთ, შეგუება ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ რუსეთს ჩავაბარებთ. არ მგონია, რომ საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ ჩაბარდეს. მე ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი. მჯერა, რომ საქართველო არასდროს ჩაბარდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამ საკითხს გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინიც:
„ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. არც „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია".
„კვლავაც ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გვერდით, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას", - წერს სენატორი.
არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია
დაყადაღებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ საერთო განცხადებაც გამოაქვეყნეს, რომელსაც 53 ორგანიზაცია აწერს ხელს.
„ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის. ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნების" მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.
„არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
28 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მისი ფონდი აქციებისთვის აღჭურვილობას ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებდა:
„ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებდნენ აქციებს, მათთვის გვაქვს შეძენილი როგორც პირბადეები, ისე ჩაფხუტები. იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ გაეშუქებინათ აქციები," - წერს ქეთი ხუციშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ე.წ. „სოროსის ფონდი") დირექტორი.