
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული 12 ქალის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი იხილავს.
ცოტა ხნის წინ, სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს ირმა კურტანიძის, იგივე ხატია წერეთლის ადვოკატებმა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ბრალდებულების ადვოკატებიც, რის შემდეგაც მოსამართლე სიქტურაშვილმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
მედიას სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი დღეს დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. დაცვის მხარე აპირებს სხდომაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენოს, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის მომღერალი ხატია წერეთელია. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.
შსს-ს ცნობით, თბილისსა და სამეგრელოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
როგორც გელა გელაძის უწყება იტყობინება, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.