
ევროკომისია "ქართული ოცნებისგან" ყველა რეკომენდაციაში აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად, ნაბიჯებს ელოდება.
"ევროსკოპის" ჟურნალისტმა ევროკომისიის სპიკერს, მარკუს ლამერტს დაუსვა კითხვა, თუ რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე, იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" იმ პირობებს არ ასრულებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა და არის თუ არა ახლოს საქართველო ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხესთან.
ევროკომისიის სპიკერის განცხადებით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე დღე რეკომენდაციების შესასრულებლად, ამიტომ "ქართული ოცნებისგან" შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.
მარკუს ლამერტი აღნიშნავს, რომ დროის გასვლის შემდეგ ევროკომისია მიიღებს შესაბამის ზომებს, კერძოდ, შეაფასებს თუ რა გააკეთა და რა არ გააკეთა "ოცნებამ", ეს ყველაფერი კი ვიზალიბერალიზაციის შესახებ მომდევნო ანგარიშში აისახება, რაც ევროკავშირის გადაწყვეტილების საფუძველი გახდება.
"ევროსკოპის" ჟურნალისტი: როგორც ცნობილია, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პირობები გადაეგზავნა "ქართულ ოცნებას" და მათი შესრულების ვადა ამ თვის ბოლომდეა. მიუხედავად ამისა, დღემდე შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა, არაფერი გაკეთებულა. შესაბამისად, რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე და რა სახის პროცედურები არის დაგეგმილი?
ევროკომისიის სპიკერი: ჯერ კიდევ არ დასრულებულა თვე, ამიტომ დავიცადოთ ცოტათი, რადგან კიდევ რამდენიმე დღე დარჩა. თუმცა, მინდა განვმეორდე, რომ ივლისში კომისიამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ელჩს ბრიუსელში. კომისია ელოდება საქართველოს ხელისუფლებისგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე და ველით, რომ ისინი გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად. შემდგომში, კომისია შეაფასებს მიღებულ ზომებსა და მათ შესაბამისობას რეკომენდაციებთან, რაც ასახული იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ მომდევნო ანგარიშში.
ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგში არ დგას, არის მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ საკითხზეც იმსჯელონ.