
„დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასა და ენმ-ის წევრებს შორის უთანხმოების მიზეზად 8-პარტიული ფორმატის ბედი იქცა. ენმ მოითხოვს ფედერალისტების ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის, გარიცხვას, ხოშტარია კი პასუხობს, რომ ფორმატი „არავის ხასიათზე არ აწყობილა" და მხოლოდ მაშინ დაიშლება, თუ ვინმე ბოიკოტზე უარს იტყვის. დარჩება თუ არა ოპოზიციური ფორმატი ძალაში, თუ ფინალურ ფიასკომდე მივა, ჯერჯერობით უცნობია.
„დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია „რვიანის" წარმომადგენლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ მცირეწლოვანებთან მიმართებით „ფეისბუქში" დაწერილი კომენტარების გამო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩერგოლეიშვილი „ცუდად მოიქცა", თუმცა პოლიტიკოსებს „პარტიულ ეგოზე უფრო დიდი ამოცანები აქვთ".
ხოშტარიას პოსტში ვკითხულობთ რომ ფორმატი ვერ და არ დაიშლება.
„დიდი პრობლემები აქვს ქვეყანას და პოლიტიკოსებსაც ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა გვაქვს: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა. 8-იანი ვერ დაიშლება, იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია, ერთმანეთის ჯინაზე ამას არ იზამენ. სხვა არაფერია 8-იანი. შიმშილობას აღარ ვაპირებ", - წერს ელენე ხოშტარია.
სანამ ხოშტარია ამ პოსტს გამოაქვეყნებდა, ენმ-ს ლიდერები მისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდენენ. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფეისბუქზე პოსტი დაწერა ენმ-დან, ანა წითლიძე იყო. მან გამოქვეყნებულ განცხადებაში პირდაპირ თქვა, რომ მისთვის თავიდანვე ნათელი იყო რომ „რვიანის" შექმნის მთავარი არსი მხოლოდ ხოშტარიას შიმშილობის „გაპრავება" იყო.
„ბოდიში, მე პირდაპირ ვიტყვი:) ჩემთვის, თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ "რვიანს" რომელიც შექმნის მთავარი არსი: რამენაირად ლაკას ერთდღიანი შიმშილობის "გაპრავება" იყო))
იქ სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა (სხვათაშორის, ლაკას დამსახურებით) - დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო. (ნუ, მთლად ამ ფორმით არ ველოდი)
ჩერგოსთან არანაირი კითხვა არ მაქვს და ლაკამ რაო?))"-წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.
ჩერგოლეიშვილის ანონსი
ამ კომენტარებს კი თამარა ჩერგოლეიშვილმა სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა:
„10:30-ზე ლელოვიზიას მივცემ კომენტარს - ავუხსნი რომ ბოიკოტი ვეღარ ჩაიშლება და სხვა ამოცანა ჩვენი და ნაცების თანამშრომლობას არც ჰქონია.
და მერე, ასე 11-კენ, გავაკეთებ ლაივს, სადაც ნაცების და მათი ლუზერი შემოგარენის ისტერიკის მიზეზებზე მოვყვები და ასევე იმაზე, რატომ ვერ მოჭამენ ფეხებს მიშას გარეშე ნულები ვერანაირ ერთობას, რომლის ფოკუსშიც არის საქმე და არა ერთობაში შემავალი სუბიექტების ეგოები და პირადი ინტერესები."
ჩერგოლეიშვილის ანონსში იმასავ ვკითულობთ, რომ მისი გარიცხვა ფორმატიდან არც ისე მარტივია.
„ჩემი საიდანმე გარიცხვა რომ შესაძლებელი იყოს ნაცების მიერ, 2016 წლიდან მოყოლებული იმხელა რესურსი და ენერგია დახარჯეს ჩემს მარგინალიზაციაზე - 9 წლის თავზე ისევ "გასარიცხი"ხომ არ ვიქნებოდი, მარა ტალეირანმა როგორც თქვა ბურბონებზე (ბოდიში მკრეხელობისთვის), ისინი ვერაფერს სწავლობენ და ვერაფერს ივიწყებენ," - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, 8 ოპოზიციური პარტიის" ფორმატი 2025 წლის 30 ივნისს გამოჩნდა, მაშინ, როცა „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წასაკითხად გამართულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 8 პარტიის სახელით გაკეთდა, პროტესტის ნიშნად შიმშილობის შეწყვეტასა და ბოიკოტის რეჟიმზე განაცხადა.
შეგახსენებთ, პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქზე კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა. მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და დაწერა, „ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი". აღნიშნულთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.