
ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია 13 სექტემბრის მსვლელობისთვის აქტიურად ემზადება, აცხადებს, რომ „ოცნებას" „აქციის ეშინია" და „თავდასხმის რეჟიმზეა გადასული". ამასთან, მმართველი პარტიის ოპონენტები ერთ-ერთ სცენარად არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებმა კონტრაქცია მოაწყონ.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციებელი სამოქმედო გეგმა, ორგანიზაცია „აი-არ-აის" საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ მოამზადა და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები 1 სექტემბრამდე, გეგმის მიხედვით, საქართველოში უნდა გაღვივდეს საპროტესტო მუხტი.
კერძოდ, ამ ინფორმაციით, 13 სექტემბერს იგეგმება საპროტესტო აქციის ჩატარება, რის შემდეგაც, სექტემბრის მეორე ნახევარში, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები გაემგზავრებიან სავარაუდოდ აშშ-ში ჯონ დიპიროსთან შესახვედრად.
ამის შემდეგ ოპოზიციამ 13 სექტემბრის აქცია მართლაც დაანონსა. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს ზემოთაღნიშნული ინფორმაციის დადასტურებაა.
ბოიკოტში მყოფები 13 სექტემბერს, 19:00 საათზე იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საპროტესტო მსვლელობას გამართავენ პარლამენტამდე. აქცია ეძღვნება ვიზალიბერალიზაციის დაცვას. 31 აგვისტოს კი იწურება ევროკომისიის 8 რეკომენდაციის შესრულებია ვადა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" კონტრაქციის ჩატარებას არ აპირებს.
„უკვე მრავალი წელია „ქართული ოცნების" ელექტორატმა და საზოგადოების იმ ნაწილმაც, რომელიც არ ემხრობა მმართველ პარტიას, მაგრამ ამავდროულად რადიკალურ ოპოზიციას ეწინააღმდეგება, მაღალი დონის თვითშეგნება და კულტურა გამოიჩინა. ცინიკურ დაპირისპიურებაში არ შედიან იმ ნაცმარგინალებთან, რომლებიც ხელისუფლებას კი არ ლანძღავენ, არამედ, პირდაპირ, დაუფარავად და თავხედურად ებრძვიან საქართველოს ეკლესიას, კულტურას, ტრადიციებს, ცნობილ ადამიანებს და ა.შ.
„სურვილი რომ იყოს, ამის ორგანიზება თვითნებურად და სოცქსელების პლატფორმების მეშვეობით ძალიან ადვილია და ეს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ხდება ხოლმე. თუმცაღა, საქართველოს შემთხვევაში ეს არ ხდება. უდიდესი ტყუილია რევანშისტების მხრიდან იმის ტირაჟირება, რომ თითქოს „ქართული ოცნება" აპირებს ე.წ. ტიტუშკებისსა და ე.წ. ქუჩის ბიჭების მობილიზებას, კონტრაქციას. ეს არის დიდი ტყუილი, რათა დამატებითი მუხტი მიეცეს „ნაცების" შეკრებას, რომ თითქოს მათ დევნიან, თითქოს ჩაგრულები არიან, მთავრობა ვითომ ავტორიტარულია და ა.შ. ეს საკუთარი მიმდევრებისთვის სჭირდებათ, რომ როგორმე გაზარდონ ქუჩაში მხარდამჭერთა მილევადი რაოდენობა.
„ნაცოპოზიციას დიდი ტყუილები და მანიპულაციები ახასიათებს, მათ შორის მცირერიცხოვანი აქციების ვიზუალური გაშუქებიოსას. თავად ვერ ხვდებიან ორგანიზატორები, რომ ფუჭია ამ აქციების მოწყობა? რამდენი წელია აწყობენ, დათქვამენ რაღაც ჯადოსნურ თარიღს და ამ დროს არაფერი იცვლება, ისევ იგივე კლოუნი პერსონაჟები, იგივე მუქარა, ძველი დაპირებები, რევანშისტული მიზნები.
„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თუ თვალს გადავავლებთ, ქუჩაში გამოსული ოპოზიციის მხარდამჭერების ნახევარიც კი აღარ დარჩა ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ოპოზიციურად განწყობილების ჩათვლით რადიკალური ქმედებების წინააღმდეგია და მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებს და ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას ემხრობა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".