მარიამ ვეკუა
29.08.2025

8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავს, თუმცა უკვე წინასწარ ისმის საუბარი 4 ოქტომბრის აქციაზეც, სადაც ენმ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას" აანონსებს. გაურკვეველია, შეუერთდებიან თუ არა პროცესს „ლელო" და გახარიას პარტია, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არ არიან.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით „ლელოსა" და გიორგი გახარიას პარტიები 13 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობის წინააღმდეგები არ არიან.

„ვფიქრობ, ეს რვა ოპოზიციური პარტია არავის დაუშლის იქ მისვლას. ეს ორი პარტია ორგანიზატორები არ არიან, თუმცა არ მგონია ვინმემ არ დაუშვას. წინააღმდეგი, ყოველ შემთხვევაში, არავინ იქნება. როგორც ვიცი, ჩემი ინფორმაციით, არც „ლელო" და არც გახარიას პარტია არ არის ამ მსვლელობის წინააღმდეგი - ალბათ მივლენ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აქციის შინაარსიდან გამომდინარე, წესით არცერთი ოპოზიციური ძალა წინააღმდეგი არ უნდა იყოს:

„თვითონ აქციის თემაც ისეთია, რომ ვფიქრობ ამას ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს, მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს მათი პოზიცია და დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე".

ანალიტიკოსი შეეხო ენმ-ს ლიდერის ლევან ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის ანონსაც, როცა მისივე თქმით , ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა" უნდა მოხდეს. ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებები პრაგმატულობას მოკლებულია:

„რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციას, ზოგადად აქციები ტარდება იმისთვის, რომ მოხდეს რაღაცის დემონსტრირება და ხალხის მხარდაჭერა გამოიხატოს. 4 ოქტომბრის აქციას ის პრობლემა აქვს, რომ იძახიან - ვამხობთ ხელისუფლებასო. თუმცა როგორ მოხდება ეს, არ ვიცი. ასე თუ ისე მინახავს, როგორ ხდება ხელისუფლების დამხობა რევოლუციებითა და სხვა ხერხებით, მაგრამ ეს ის ვარიანტი ნამდვილად არ არის".

ანალიტიკოსი შეეხო რვა პარტიის შიდა დაპირისპირებასაც და აღნიშნა, რომ ამ ფორმატს პერსპექტივა არ გააჩნია:

„რაც შეეხება ამ რვა პარტიის ერთობას, ვფიქრობ, არანაირი პერსპექტივა ამ ფორმატს არ აქვს. გაერთიანებულები არიან იმის გარშემო, რომ ბოიკოტის რეჟიმით და ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირებით შეცვალონ ხელისუფლება. ვფიქრობ, ამის რესურსი ნაკლებად არის საზოგადოებაშიც, რომ ასეთი რადიკალური დაპირისპირებით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. მე ვფიქრობდი, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდებოდა არჩევნების გზით, რიგითი არჩევნების გზით, სადაც შესაძლებელია დიდი მასის მობილიზება. თუ გინდა, რომ იგივე ქუჩის აქციებიც ამაში დაგეხმაროს, საჭიროა პოლიტიკური ალტერნატივის გამოკვეთა, რომ ადამიანებმა დაინახონ - რაც მოდის და რაც კეთდება, არის უკეთესი".

მისივე თქმით, რვა პარტიისგან სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბებას ვერ ვხედავს:

„ამ რვა პარტიას ერთმანეთთან სიმტკბილობაც არ აქვს. უბრალოდ, არ მჯერა, რომ ისინი სერიოზული ალტერნატივის შექმნას მოახერხებენ. ჯერჯერობით აქეთკენ არ მიდის საქმე", - დასძინა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული 8 ოპოზიციური პარტია აერთიანებს: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „სტრატეგია აღმაშენებელს", „გირჩი - მეტი თავისუფლებას", „დროას", „ახალებს", „ფედერალისტებს", „თავისუფლების მოედანსა" და „ევროპულ საქართველოს"

13 სექტემბრის აქცის მიზანი, ორგანიზატორების თქმით კი ევროკავშირთან ევროპული მომავლის დაცვა და „რუსული რეჟიმის" წინააღმდეგი პოზიციის გამოხატვაა.

ოცნების პოზიცია

მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს! განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა და ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის აქცია შეფასა..ვოლსკის თქმით, „მშვიდობიანი შეიძლება იყოს დაკავება, პასუხისგებაში მიცემა, სასამართლო, მაგრამ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს".

„არსებობს მშვიდობიანი რეაგირება ყველანაირ დანაშაულზე, რასაც საქართველოს მიმართ ჩაიდენენ. თუკი ის ამ ავადმყოფური, ცხელ თავზე მოფიქრებული იდეის განხორციელებას შეეცდება და სახელმწიფოს ინტერესებს დაუპირისპირდება, ამის საწინააღმდეგოდ შესაბამისი მექანიზმები იმოქმედებს.

განცხადებები, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი აკეთებს, სხვა მიზანს ემსახურება - მიზანია ის, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერობა არავინ ჩამოართვას. ხაბეიშვილს დაწინაურება უნდა, რისთვისაც რადიკალური მიმართულება, როგორც ნიშა, შეარჩია

ხაბეიშვილს სურს პოლიტიკური ფიგურა იყოს, ვერ არის და ამის გადაფარვას ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს

მას გააჩნია პერსპექტივა იმისა, რომ მშვიდობიანად დააკავებენ! ამის პერსპექტივად ნამდვილად გააჩნია!" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×