
რადიკალური ოპოზიციის დასასრული ახლოს არის, მოახლოებულია პროცესი, როცა პოლიტიკიდან მათი გაძევება მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამორალური განცხადებებით ცდილობენ, მათსავე რიგებში მყოფ პირებს დაუპირისპირდნენ.
„ეს დაპირისპირება კარგად წარმოაჩენს, რაოდენ გაკოტრებულები არიან, ჭაობში იმყოფებიან. სამწუხაროა, რომ ქართულ საზოგადოებას უწევს, მათი პოლიტიკური ხრწნის პროცესი იხილოს, რაც იმაში იზრდება, რომ ამორალური განცხადებებით ცდილობენ, მათსავე რიგებში მყოფ პირებს დაუპირისპირდნენ. მაშინ, როცა არანაირი წარმატება არ ესახებათ, თავიანთ პოლიტიკურ ეგოს იმით იკმაყოფილებენ, რომ ერთმანეთს დაერივნენ და უკადრებელ საქციელს კადრულობენ. გამოყენებული იყო ბავშვების თემაც, რაც წითელი ხაზია. სამწუხაროა, რომ საზოგადოებას ამ პროცესის თვალყურის დევნება უწევს. ეს იმას აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიციის დასასრული ახლოს არის. მოახლოებულია პროცესი, როცა პოლიტიკიდან მათი გაძევება და პოლიტიკის მათგან გათავისუფლება მოხდება", - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რვა ოპოზიციურ პარტიას მიმართა, სოციალურ ქსელში გამოყენებული ბავშვების ფოტოების გამო მიიღონ გადაწყვეტილება „ფედერალისტების" ლიდერთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. საუბარია „ფეისბუქში" გამოქვეყნებულ კომენტარებზე, სადაც ჩერგოლეიშვილი ბავშვების ფოტოებს იყენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა. ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას და აღნიშნა: „გაუგებარია, რას ემსახურება ბოკუჩავას მუქარა, „ნაცმოძრაობა" დე ფაქტო ისედაც გასული იყო „რვიანიდან", ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ შარზე იყო და წიხლებს იქნევდა".