
ევროკომისიის მიერ „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის დათქმული ვადა ამოიწურა და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე უარის თქმის მიუხედავად, ევროკავშირი ასეთ რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს. ანალიტიკოსთა უმრავლესობაც ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, თუმცა ფიქრობენ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, ეს წლიმდე ბოლოს არ მოხდება.
15 ივლისს, ბრიუსელში გამართული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ოფიციალური საქართველოს ხელისუფლებისადმი, სადაც ჩამოთვილი იყო 8 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად. აქვე აღნიშნულია, რომ აგვისტოს ბოლომდე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აცნობოს კომისიას ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
რეკომენდაციების მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ; ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.
საქართველოს ხელისუფლება საკითხის ასე დაყენებას თავიდანვე ნეგატიურად შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს „პოლიტიკური ზეწოლაა" და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან „შანტაჟის იარაღად" გამოიყენება.
მას შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლები პერიოდულად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ არ აპირებდნენ ამ რეკომენდაციების შესრულებას. თუმცა, ამავდროულად დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა ამის მიუხედავადაც არ შეჩერდებოდა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის ალბათობა მაღალია და ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.
„არ მიმაჩნია, რომ მსოფლიოში და რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება რაიმე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე. არ არის მათთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დამოკიდებული იყოს პოლიტიკურ ვითარებაზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია აქამდე თუ მუშაობდა საქართველოს ხელისუფლების დაშინებისთვის, ახლა გადასულები არიან დასჯის რეჟიმზე.
„აქ არის მნიშვნელოვანი რამ - საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შარშან ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, რომ ჩვენ ჩვენი ინიციატივით ბრიუსელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნას არ ვთხოვთო. ანუ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენგან ამის მოთხოვნა არ იქნებაო. მეორე ბერკეტი გამოგლიჯა ხელიდან ხელისუფლებამ ევროკავშირს - ჩვენ უარს ვამბობთ საბიუჯეტო კრედიტებზე ევროკავშირიდან. და რა დარჩათ?! შანტაჟის ბერკეტები არ აქვთ და ახლა დარჩათ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა.
„ამიტომაც იყო, რომ ულტიმატუმის დონეზე გამოგზავნეს პირობები, რომელსაც „ქართული ოცნება" ნამდვილად ვერ შეასრულებდა პირველ სექტემბრამდე. ასე იქცევიან მაშინ, როცა იციან, რომ ამ პირობებს ვერ შეასრულებენ და დასჯა უნდათ.
„დიდი ალბათობაა, რომ უვიზო რეჟიმით მიმოსვლა მართლაც შეაჩერონ, რისი პასუხისმგებლობაც თავიდან ბოლომდე ანტიეროვნულ ძალებს ეკისრებათ. სწორედ ეს ოპოზიციად წოდებული ჯგუფები მუშაობდნენ ამაზე", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
დავით ზურაბიშვილის აზრით კი, მიუხედავად იმისა, რომ ვროკავშრის მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმება ლოგიკური იქნება, მაინც საეჭვოა ეს წლის ბოლომდე მოხდეს.
„31 აგვისტოს გასვლის შემდეგ აბსოლუტურად არაფერს უნდა ველოდოთ, წლის ბოლომდე მაინც. რომც მიიღონ ამის გადაწყვეტილება, მერე უნდა დაიწყოს განხილვები და წლის ბოლომდე არ შეჩერდება.
„ქართული ოცნება" ანტიევროპული ძალაა და მათი იდეოლოგია დამალული არაა. სამთავრობო არხეზე დასავლეთის გინება მიდის. შესაბამისად, როგორც წესი მტერთან მაინც და მაინც კარგი ურთიერთობები არავის აქვს. მე რომ ვიყო მათ ადგილას, უვიზო მიმოსვლის საკითხს საერთოდ არ დავაყენებდი დღის წესრიგში და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ხელს არ შევუწყობდი, მაგრამ თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იქნება", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".