თამთა ჩაჩანიძე
31.08.2025

2 სექტემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება და ერთ ერთ პრიორიტეტულ საკითხად თეა წულუკიანის 430 გვერდიანი დასკვნის დამტკიცებაა, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლებისათვის ოპონენტების დევნის ახალი ბერკეტია. რა გავლენას მოახდენს დასკვნა წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო კამპანიაში ჩართული პარტიების პოზიციებზე და საბოლოოდ, არჩევნების შედეგებზე?

მთავარი საკითხი, რისთვისაც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარლამენტში დროებითი საგამოძებო კომისია შეიქმნა, ესაა ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის გამოძიება 2003-12 წლების შუალედში. თუმცა, მოგვიანებით კომისიის უფლებამოსილება გაიფართოვდა, გაიზარდა შესასწავლი პერიოდიც მან შემდგომი წლებიც მოიცვა.

კომისიის მუშაობის მთავარი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მისი დასკვნის საფუძველზე დაიწყოს ენმ-სა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი. თუმცა ანალიტიკოსთები ამას ნაკლებად ელოდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ დასავლეთის რეაქცია საკმაოდ მძაფრი და „ოცნებისათვი" განსაკუთრებით მტკივნეული იქნება..

გარდა ამისა, დასკვნაში ასევე იქნება საუბარი 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების - „გახარია საქართველოსთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერების, გიორგი გახარიას, მამუკა ხაზარაძისა დ ბადრი ჯაფარიძის შესახებ. მმართველი პარტია კი შეეცდება ეს არჩევნებზე თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს.

ვის შეეხება დასკვნა

დასკვნა 430-გვერდიანია. წულუკიანის კომისიას უფლებამოსილების ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი დასკვნას სექტემბრის დასაწყისში, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნებდა და დაამტკიცებდა.

თავად კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის განცხადებით, დასკვნაში „თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ".

კომისიამ დასკვნას 4 აგვისტოს უყარა კენჭი და ერთხმად მიიღო. მანამდე კომისიაზე ორჯერ გამოიკითხა „ოცნების" ყოფილი პრემიერმი გიორგი გახარია.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ამჟამად ციხეში სხედან „კოალიცია ცვლილებისთვის" 3 ლიდერი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე; „ლელოს" 2 ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე; ასევე ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერიგივი თარგამაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

დასკვნის გავლენა არჩევნებზე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დასკვნა არ მოახდენს გავლენას არჩევნებში „ოცნების" პოზიციებზე.

„არც წულუკიანის დასკვნა, არც რაიმე სხვა ფაქტორი „ოცნებაზე" არ იმოქმედებს, მას დღეს ნეიტრალური მხარდამჭერის მოზიდვის რესურსი არ აქვს. მას უპირობოდ უჭერენ მხარს ძირითადად ადმინისტრაციული, ასევე ბიზნეს რესურსი და ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას აკონტროლებს.

„ეს დასკვნა იმისთვის არაა, რომ მისმა გამოქვეყნებამ ამომრჩეველს გუნება-განწყობა, ან პოზიცია შეუცვალოს. თავადაც იციან, რომ მეტ ამომრჩეველს ვერ მიიზიდავენ. ეს იმისთვის კეთდება, რომ პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდეს, უბრალოდ სათქმელად რომ ჰქონდეთ.

„ოცნება" იძულებული იქნება არჩევნები გააყალბოს და ამის „გაპრავებისთვის" რაღაც ნიადაგის მომზადებაა საჭირო. დასკვნაც ამას ემსახურება და თუ „ოცნება" საჭიროდ ჩათვლის, ეს დასკვნა მას საშუალებას მისცემს, გარკვეული რეპრესიები გაატაროს პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკოსების წინააღმდეგ", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ დასკვნა წინასაარჩევნოდ „ოცნების" პოზიციას გაამყარებს:

„რა თქმა უნდა, გაამყარებს, ტყუილად ხომ არ შეიქმნა კომისია... მაგრამ ვვარაუდობ, რომ მარტო შიდა არენაზე პოზიციის გამყარების ანგარიშით არ იყო კომისია შექმნილი, მისი ფუნქცია საგარეოც იყო. „ოცნების" ბევრი ოპონენტი იძახდა, რომ 12 წლის წინ დემოკრატია იყო და ახლა არაო და მემგონი იმათთან დიალოგისთვისაა ეს საგამოძიებო დასკვნები, რომელიც მეტი სანდოობის მატარებელია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები".

დასკვნის ეფექტი და უკუეფექტი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მაგალითად, გახარიაზე სამართლებრივი დევნის დაწყებას „ოცნებისთვის" უკუეფექტი არ ექნება.

„თუ ეფექტში იმას ვიგულისხმებთ, რომ ამომრჩეველზე იმუშავებს თუ არა გახარიას დადანაშაულება, არ იმუშავებს, მაგრამ თავად გახარიას შეუქმნის პრობლემებს პერსონალურად. თუ საქართველოში ჩამოვა, საქმე აღძრული იქნება და სასამართლო პროცესი დაწყებული, მას უბრალოდ დააპატიმრებენ.

„ის ფაქტორი კი ნამდვილად იმუშავებს, რომ გახარია წინასაარჩევნოდ არ ჩამოვიდეს და უშუალო მონაწილეობა არ მიიღოს საარჩევნო პროცესში. „ოცნება" ეცდება ეს ფაქტორი ბოლოდე გამოიყენოს.

„კიდევ ერთი მომენტია, რომ დევნის პროცესი არა მარტო გახარიას მიმართ იქნება, არამედ სხვა ლიდერებზეც. ვისაც საჭიროდ ჩათვლიან, რომ ამ პროცესში ხელის შემშლელია, მათ მიმართ იქნება აღძრული საქმე.

„ეს პროცესი ნეიტრალური ამომრჩევლის გადმობირებას ან დაკარგვას არ ემსახურება. მშვენივრად იციან, რომ ამის რესურსი არ აქვთ. დაშინებას - კი, ბატონო, რომ პროტესტანტები რამენაირად შეამცირონ, მაგრამ ეს უშუალოდ არჩევნებთან მიბმული და დაკავშირებული არაა. შესაძლოა იყოს ზეწოლა არა მხოლოდ ხაზარაძე-ჯაფარიძის, არამედ სხვა პერსონების მიმართ, არა მხოლოდ ციხეში, არამედ ციხის გარეთ მყოფ პერსონებზე.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთლიანად რომელიმე პარტიის მიმართაც აღიძრას საქმეები. შეიძლება ეს იყოს „ნაცმოძრაობა", მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამხელა ნაბიჯს გადადგამენ, რადგან ენმ მათ ისეთი სჭირდებათ, როგორც არის და არა გაუქმებული ან ყადაღადადებული. მით უმეტეს, რომ „ნაცმოძრაობას" დღეს ისეთი პოზიცია უჭირავს, რომელიც „ოცნებას" აძლევს ხელს და არა ოპოზიციას,

„ამიტომ არ მგონია, რომ ენმ-ს გაასამართლებენ, ან აკრძალავენ. ამ ეტაპზე არ მგონია და შემდეგ დრო გვიჩვენებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩვენს რეალობაში უკუეფექტი შეიძლება იყოს ორი სახის - ხალხისა და დასავლეთის რეაქცია.

„ძალიან ცოტა შემთხვევა მახსოვს, როდესაც სასამართლოს დასკვნას ბრალდებული ეთანხნება. ბრალდებულში ამ შემთხვევაში იგულისხმება პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერებიც. ამიტომ იქნება ნაწილი ხალხისა, ძირითადად ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები და ოპოზიციურად გამწყობილი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ყველა გადადგმულ ნაბიჯზე დაიძახებენ - „არ გვჯერაო".

„ასეთი რეაქცია შეიძლება იყოს „ლელოსა" და გახარიას პარტიის ლიდერებზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოსახლეობის განწყობილება ამ პარტიებისთვისაა პრობლემა, ბოიკოტში მყოფთათვის კი გამწყობილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან არჩევნებში მონაწილეობას არც აპირებენ, მათ მიმართ დამოკიდებულება არაფერში რა აისახება. ვინც ერთვება, რა თქმა უნდა, მათთვის იქნება მნიშვნელოვანი, ოღონდ აქ მაინც მგონია, რომ სხვადასხვა ტიპის პროცესები იქნება გახარიასთან და ხაზარაძესთან, რადგან ხაზარაძესთან „ნაცმოძრაობის" ხალხი უფრო ჭარბად იყო, ვიდრე გახარიასთან.

„ძალიან ბევრი დაძაბულობის წერტილია უცხოეთში „ოცნების" მიმართ. ამიტომ მეეჭვება „ნაცმოძრაობა" აიკრძალოს. არაა გამორიცხული რაღაც ფორმით ეს უბრალოდ გადავადდეს, რადგან არჩევნების წინ პარტიის აკრძალვა თავისთავად მძიმე ნაბიჯია.

„ჩვენ ორიანირი ეფექტი გვაქვს - ადგილობრივი მოსახლეობა და დასავლეთი და ამას შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს უკვე დასავლეთში", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×