
სრული ქაოსი და დიდი არევ-დარევა აქვთ რადიკალებს ერთმანეთში - მათ ემართებათ ყველაფერი ის, რაც რეალურად შეიძლება დაემართოს ისეთ ძალებს, რომლებსაც ერთმანეთში არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გააჩნიათ და თუ რაიმე აერთიანებთ, ქვეყნის სიძულვილია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში არსებული შეუთანხმებლობა ერთი მხრივ, კარგია, რადგან საზოგადოება ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ საკუთარი თვალით ხედავს და ზუსტად იცის, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი არჩევნებზე.
„სრული ქაოსი და დიდი არევ-დარევა აქვთ რადიკალებს ერთმანეთში. ერთი წამით რომ ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ეს ანტიქართული, ერთმანეთთან მოურიგებელი ძალები რაიმე ფორმით ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დასასრულის დასაწყისი. რაც შეეხება არეულობას, ეს აშკარაა - ერთმანეთში თანამდებობებსაც ვერ იყოფენ, რომლებიც ილუზიურ წარმოდგენებშიც არ შეიძლება იყოს. ერთმანეთს აბრალებენ, ხელს აწერენ ყველაფერზე, თითს იშვერენ ერთმანეთზე, შეუმდგარი პლატფორმებიდან რიცხავენ და ა.შ. მათ ემართებათ ყველაფერი ის, რაც რეალურად, შესაძლოა, დაემართოს ისეთ ძალებს, რომელსაც ერთმანეთში არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გააჩნიათ და თუ რაიმე აერთიანებთ ქვეყნის სიძულვილია. ამიტომ, ერთმანეთს რას უწოდებენ, ვინ ვის სად გარიცხავს და რა სახლობანას ითამაშებენ, ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა. ერთი მხრივ, კარგია, რადგან საზოგადოება ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ საკუთარი თვალით ხედავს და ზუსტად იცის, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი არჩევნებზე. ამავდროულად, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოების არჩევანი ცალსახა იქნება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ოპოზიციას დაანონსებული „მშვიდობიანი დამხობის“ თავი რომ არ აქვთ, ეს კარგად გამოჩნდა“.
„მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, რაც ამ გამონათქვამის ავტორებმაც კარგად იციან. არ ვიცი, ვინმემ მოატყუა ხაბეიშვილი თუ სად ამოიკითხა, რომ თუ დამხობას „მშვიდობიანს“ დაუმატებს, რაიმე ფორმით გაამართლებს, ე.წ გააპრავებს მის ნათქვამს. ასეთი რაღაც არ არსებობს არც საქართველოს კონსტიტუციით და არც რაიმე სამართლებრივი დოკუმენტით. დამხობა არის დამხობა, თუმცა ამ უუნარო და უსუსტეს რადიკალებს რომ შევხედოთ, არაფრის თავი რომ არ აქვთ, ეს კარგად ვიცით და გამოჩნდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.