
მორიგი მიმართვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას - ამჯერად წერილის ავტორი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია, მიმართვის შინაარსი იგივეა, რაც "ოცნების" სხვა ლიდერების ღია წერილებშია, საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვაზე, "დიფ სტეიტის" "აქტიურობასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე".
ოპოზიციაში მიიჩნევენ რომ „ქართულ ოცნებას" საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყავს ხელის ჩამომრთმევი - ეს წერილი სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ქვეყნის ევროპულ მომავალს".
"მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ ჩვენ ყველა მეზობელთან, აღადგინეთ პარტნიორობა პუტინთანაც კი, თუმცა, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, საზოგადოების გაკვირვებას იწვევს",- აღნიშნავს ყაველაშვილი წერილში.
რას ითხოვს თბილისი ვაშინგტონისგან
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს რაღაც გზები და სხვლები მოძებნოს, რათა აშშ-ს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაზე გავიდეს.
"პრეზიდენტის, პრემიერის და სხვათა წერილების გარდა, დარწმუნებული ვარ ივანიშვილი ცდილობს რაღაც სვლები მოძებნოს, რომ აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან ხაზზე გავიდეს და რაღაც ურთიერთობა დაამყაროს. პრობლემა ისაა, რომ "ოცნების" ხელში საქართველო ფაქტიურად სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა, რადგან ის მოტივიც კი, როცა "ოცნება" ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკობდა, აღმოჩნდა, რომ პეკინი ძალიან მშვიდად სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს იგივე სომხეთთან.
"კონფერენციაზე ჩვენი გარემოცვის სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რუსეთია მიწვეული, ჩვენ - სტრატეგიული პარტნიორები კი არა. ამიტომ, "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ცდილობს ყველ გზა, რეალური თუ არარეალური ვარიანტი მოსინჯოს და გამოძებნოს, რომ რაღაცა უბრალო გამომლაპარაკებლები მოძებნოს ადმინისტრაციისგან.
"განა რაიმე გარღვევაზე, ან ახალი ფურცლიდან რაიმეს დაწყებაზეა საუბარი, არა, უბრალოდ იმ ზღვარზე ვართ მისული, რომ შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი, კითხვისნიშნის ქვეშ დადგეს, როგორც ამერიკელ, ისე ევროპელ პარტნიორებთან. როცა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს არ პასუხობენ საპარლამენტო ქვეყანაში, პრეზიდენტის მიმართვა ხომ ფაქტიურად არაფერს წარმოადგენს.
"არ მგონია, რომ იქიდან რაღაც გარღვევა იყოს. რა სიტუაციაც ყალიბდება "ოცნების" პოლიტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა მათ აქვთ რაიმე ინფორმაცია რა და როგორ იქნება. ფაქტია, რომ "ოცნებასთან" კომუნიკაციაზე არავინ გამოდის. ჯერჯერობით ურთიერთობების გამყარება, ან განახლება, როგორც ევროპელ, ისე ამერიკელ პარტნიორებთან ალბათ კითხვისნიშნის ქვეშ დადგება. ვნახოთ მომავალში რა იქნება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არაფერ სიკეთეს არ ველოდები",- განაცხადა ძაბირაძემ.
ნალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციას დღიდან ,ყველა ნაბიჯში მხარს უჭერდა, იქიდან კი არანაირი პასუხი არ ყოფილა.
"ყაველაშვილი საპარლამენტი რესპუბლიკის პრეზიდენტია, რომელსაც ფუნქციებში წარმომადგენლობითი ფიუნქციაც შედის. ის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არაა, ბუნებრივი და გასაგებია ასეთი წერილი. საქართველოს ხელისუფლებამ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას მხარი დაუჭირა, მათ შორის გაეროში რეზოლუციების მიღებისას ხმის მიცემით, ასევე მის ნაბიჯებს მიესალმა, რომელსაც მაშინ ბევრი აკრიტიკებდა "იუ-ეს-ეიდის", თუ სხვა შეფასებების მიმართ, ეს ყველაფერი საჯაროდ ითქვა. ჩვენი საგარეო უწყება ამას საელჩოსაც აწვდიდა და სახდეპსაც თავისი ფუნქციების მიხედვით, მაგრამ შედეგი არ დადგა, რაც არ მიკვირს.
"ვიცი და ჩახედული ვარ, რომ პირდადად ტრამპისთვის მთავარია ფულის კეთება და ჩვენ არც კატარი ვართ, რომ მილიარდ დოლარიანი თვითმფრინავი ვაჩუქოთ და ას მილიონიან კრედიტებზე ხელი მოვუწეროთ. ჩვენთან ნავთობი და გაზი არაა, არ გვაქვს ისეთი კრიზისული სოტუაცია, რომლის მოგვარებაში შეიძლება ქულები დაიწეროს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ამის გამო ჩართეს ტრამპი.
"მას უნდა ფული და ნობელის პრემია რაც შეიძლება სწრაფად, ამას არც მალავს, ესაა ცნობილი ნარცისიზმი, ანუ უნდა აქონ და აქონ. სამარცხვინო დონეზეც დავიდნენ, მაგალითად ნატო-ს გენმდივანი "მამიკოს" ეძახდა, სტარმერი კი დაუჯდა და ფიზიკურად ეფერებოდა, ცოტა მძიმე სანახაობა იყო - ასეთია ტრამპი თავისი პლუსებით და მინუსებით.
"წლების განმავლობაში, ვინც სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოზე მუშაობდა და ჩვენს ქვეყანას იცნობდა, არავინ არ დარჩა, ძველმა ნაცნობმა მითხრა, რომ ორ-სამ ადამიანს თუ მონახავ, რომელმაც საქართველო იცისო. ერთ-ერთი ნულანდი, რომელიც მაიდანზე ორცხობილებს არიგებდა, დიპლომატებს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ სააკაშვილი ჩემი მეგობარიაო.
"რთული სიტუაციაა და ამიტომ არ ველი, რომ ეს წერილი რაიმე დადებითს მოიტანს. იმედი მაქვს კონტრპროდუქტიული არ იქნება, მაგრამ არც შედეგს ველი",-განაცხადა მამრაძემ.
კითხვაზე, ყაველაშვილის წერილშიც ხომ არაა იგივე გზავნილი,რაც ცოტა ხნის წინ პრემიერმა შესთავაზა ამერიკას - "სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა ორმაგი სარგებლით და კონკრეტული გზამკვლევით", ანალიტიკოსმა გვითხრა:
"რატომაც არა, ეს ურთიერთობის გადატვირთვაში თავისთავად ჩაიდება. მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთიბის გაუმჯობესების კვალობაზე, პოტენციალი იზრდება, რადგან როდესაც ტრამპი პუტინს ელაპარაკება, პუტინი უმოკლესი გზით პირდაპირ აღმოჩნდა ამერიკაში, ეს უკვე იმისგან განსხვავებულია, რაც ბაიდენის ადმინისტრაციასა და ევროკავშირში იყო",- განაცხადა მამრაძემ.
ყაველაშვილის წერილი
წერილში ყაველაშვილი ტრამპისადმი "ღრმა პატივისცემას" გამოხატავს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობა მსვიდობას მოუტანს მსოფლიოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის "მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", თუმცა პასუხი არ ყოფილა.
"ამ ფონზე, კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა, იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიპ სთეითი", რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, „დიპ სთეითის" წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. „დიპ სთეითის" მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის ოთხი მცდელობა, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა.
"აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან - წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.
"ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სთეითის" დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება.
"ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სთეითთან", არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს.
"პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა",- ნათქვამია ღია წერილში.