
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ცოტა დრო რჩება. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახეს ნაციონალური მოძრაობის შესახებ და მიაჩნიათ, რომ ეს პარტია ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა არსებობდეს. მათი თქმით, საზოგადოება ამ პოზიციას ოფიციალურ დასკვნაშიც კიდევ ერთხელ იხილავს. ახლა მთავარი კითხვა ის არის, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება დასკვნის გასაჯაროებას და ელოდება თუ არა „ნაცმოძრაობას" საბოლოო აკრძალვა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძის აზრით, დიდი ალბათობით ნაცმოძრაობას აკრძალავენ. მისივე თქმით, ყოველ შემთხვევაში, ეს არის მიზანი.
„სამართლებრივი შეიძლება რთულად დავარქვათ ამ შედეგებს, თუმცა, შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, არ უნდა არსებობდეს. ასეთი იქნება დასკვნაც ე.წ. კომისიის და მისი სატელიტებიც არ უნდა იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, რადგან მათი თქმით, სწორედ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი, დაკარგა ტერიტორიები, ჩაიდინა ბევრი დანაშაული."
როგორც ჩიტაძე ამბობს, კომისიის მცდელობაა გაამართლოს ბრალდებები სამართლებრივი საფუძვლებით.
„ასე რომ, აკრძალვის მცდელობა იქნება, მე ველოდები ამას. ყოველ შემთხვევაში მცდელობა ეს იყო - გაემართლებინათ თითქოს, რომ სამართლებრივი საფუძველი მიეცათ ამ ბრალდებებისთვის. გახსოვთ ხომ, ივანიშვილი იმუქრებოდა - ავკრძალავო ნაცმოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს, თავიდანვე მიზანი იყო" - განაცხადა ჩიტაძემ.
ჩიტაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის წისქვილზე წყალს არ ასხამს, რადგან გადაწყვეტილება ქვეყნისთვის არაა სასიკეთო.
„ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს? ვფიქრობ, არც ოცნების - ბოლომდე ყოველ შემთხვევაში - და არც ოპოზიციის, რა თქმა უნდა. რადგან ის ზეწოლის ქვეშ იქნება. თუმცა, ვფიქრობ, ოცნებაზე უფრო მეტად იქნება საგარეო ზეწოლა, უფრო მეტი პრობლემა იქნება, საერთო ჯამში მაინც ქვეყანა ზარალდება. რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ვფიქრობ, ვისაც ნაცმოძრაობა არ მოსწონს, ისინიც გააპროტესტებენ აღნიშნულს," - განაცხადა ჩიტაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე. მისი თქმით, ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები უნდა აიკრძალოს.
„ჩემი მოლოდინები ცალსახაა - არ უნდა არსებობდეს ის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდება კოლექტიური ნაცმოძრაობა თავისი განაყოფებით. ბუნებრივია, ისმის კითხვა - რატომ? რადგან ის, რაც კომისიაზე გამჟღავნდა, ამის ნათელ პასუხს წარმოადგენს. ამიტომაც შესაძლებელია, რომ ეს პარტიები აიკრძალოს. ესენი არიან ყოვლად არაადეკვატურები, მხოლოდ და მხოლოდ გარე ძალებზე და ფულზე დაგეშილი ხალხია. "
კითხვაზე, როგორ იმოქმედებს ოპოზიციურ ამომრჩეველზე ეს გადაწყვეტილება, მოკლედ გვპასუხობს: „არანაირი გავლენა ექნება. რა თქმა უნდა, ვიღაცები ყოველთვის იქნებიან უკმაყოფილოები, მაგრამ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ გადაწყვეტილებას არანაირი ზეგავლენა არ ექნება. მოგეხსენებათ, ნაცმოძრაობა არჩევნებში ისედაც არ მონაწილეობს."-განაცხადა გვენეტაძემ.
რას ამბობს კომისია
პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 46 სხდომა გამართა, გამოჰკითხა 139 პირი, დასკვნას კი საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
„ხალხის ძალის" დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,6-თვიანი მუშაობის შემდეგ საგამოძიებო კომისია დასკვნას სასესიო სხდომაზე გაასაჯაროებს.
„ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რომ „ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს. ამას ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს დასკვნაში, რომელსაც ჩვენ სესიაზე გამოვიტანთ - ეს საჯარო იქნება და დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომელიც რეჟიმებს ქმნიდა, რომელსაც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო დანაშაულებრივ რეჟიმებს უწოდებდა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„კომისიამ დაამთავრა მუშაობა და დადო შესაბამისი დასკვნა. მოვისმინეთ ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი მტკივნეული საკითხი, რომლებიც ეხებოდა საზოგადოების დარბევას, ქონებების ჩამორთმევას, ადამიანის უფლებების დარღვევას. მათ შორის, მოვისმინეთ გახარიას ტყუილები. საბოლოო დასკვნას მივიღებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის შემდეგ", - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა.
კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.