საგარეო უწყება აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გადაგზავნილია - რა წერია დოკუმენტში
თამთა ჩაჩანიძე
01.09.2025

31 აგვისტოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ვადა ამოიწურა, 1-ელ სექტემბერს კი საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რვა რეკომენდაციის შესრულების ანგარიში ევროკომისიას უკვე გადაეგზავნა.

რა წერია დოკუმენტში უცნობია, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, შესაძლოა იმ შინაარსის იყოს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო წერილებსა თუ განცხადებებშია გაჟღერებული.

უნდა აღინიშნოს, რომ რეკომენდაციები რამდენიმე ნორმის გაუქმებას ითხოვდა, რაც პარლამენტის პრეროგატივაა, თუმცა, პარლამენტის საშემოდგომო სესია 2 სექტემბერს იხსნება, შესაბამისად კანონებზე რეკომენდაცია გათვალისწინებული არაა დოკუმენტში. "საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა",- განუცხადეს მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში დამატებით განმარტებები არ კეთდება.

რა შეიძლება ეწეროს ხელისუფლების პასუხში

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ორი კანონის გაუქმებაზე უარი ეთქვა ევროკომისიას და "დანარჩენზე მოლაპარაკება შეიძლება".

"რაც მთავარია ორ კანონზე - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონსა და ფარა-ზე ჩვენი ხელისუფლებისგან უარია ნათქვამი და დანარჩენზე, ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება და კონსენსუსის მონახვა. ჩვენგან ითქვა უარი, რომ ამ ორ კანონს არცერთ შემთხვევისთვის ვერ გააუქმებს "ოცნება" და მაშასადამე, ამ კანონების გაუქმებას არ მიიღებს ქართველი ხალხი.

"დანარჩენ რეკომენდაციებზე მოლაპარაკება შეიძლება. დღევანდელი ე.წ. ევრობიუროკრატია რომ იძახის რეკომენდაციებიო, ხოდა, რეკომენდაციები არის რეკომენდაციები და არა სავალდებულო - მე ასე მესმის",- განაცხადა გვენეტაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების პასუხი დაახლოებით იმ შინაარსის იქნებოდა, რაც მიხეილ ყაველაშვილის წერილში ეწერა.

"პასუხი იქნებოდა ყაველაშვილის ტრამპისადმი მიმართვის ანალოგიური, რომ "დიფ სტეიტის" გავლენის ქვეშ ხართ, ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, სუვერენიტეტს არ დავთმობთ, თქვენ ხართ გავლენის ქვეშ, ურთიერთობა თქვენ გააუარესეთ, ჩვენს საქმეებში ერევით - როგორც ყოველთვის იქნება ბრალდებები.

"ამით პრონციპში თავიანთი ამომრჩევლის წინაშე იმართლებენ თავს, რითაც ვიზალიბერალიზაცია საფრთხეში ვარდება, თუმცა, მათთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ევროკავშირისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, ორი ვარიანტია, ან გამოაცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაცია კონკრეტულ ვადებში შეჩერდება, ან ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შენგენის ზონაში შესვლა შეეზღუდებათ",- განაცხადა ჩიტაძემ.

"ოცნების" პასუხი

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ უწყებამ გაგზავნა რვა რეკომენდაციის პასუხი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ უკვე შესაბამისი პასუხები გაგზავნა კითხვარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორი რამ უნდა დავინახოთ: ერთია კონკრეტული სამართლებრივი კრიტერიუმები, რითაც უვიზო რეჟიმის შემოღება ან ამასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების ინიცირება ხდება. ჩვენ ამ წესებისა და კანონების მიმართ ყველა პირობა შესრულებული გვაქვს.

აქ შემოტანილია დამატებით პოლიტიკური რიტორიკა, რომ საქართველოში ოჯახური ფასეულობების დაცვა არ უნდა ხდებოდეს და ლგბტ პროპაგანდა წახალისებული უნდა იყოს. ეს არც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა განაწესში და მითუმეტეს არც ვიზალიბერალიზაციის საკითხში არ წერია.

დემოკრატიის არცერთ პრინციპთან არ მოდის წინააღმდეგობაში გამჭვირვალობა - მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების. ამიტომ, სურათი ნათელია - ერთია ის, რაც საქართველოს კანონით ევალება და რასაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. მეორე არის გარკვეული იდეოლოგიური „მეინსტრიმი". ცდილობენ, რომ ეს იდეოლოგია ჩვენთან იყოს დანერგილი.

ამიტომ, ჩვენ ამ იდეოლოგიას არ ვეთანხმებით, სხვა დამოკიდებულება გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ევროპა არის წესები, რომელიც ქაღალდზეა დატანილი. თუ გვეტყვიან რომელ ქაღალდზე დატანილ წესს ვერ აკმაყოფილებს საქართველო, მაშინ კარგი. მაგრამ თუ გვეუბნებიან, რომ ჩვენთან კანონში ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს წახალისებული, ეს ევროკავშირის არცერთ სადამფუძნებლო თუ სხვა სამოქმედო დოკუმენტში არ არის. საქართველოს ადამიანის უფლებები მაღალი სტანდარტით არის დაცული", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, „ევროკავშირი ან პატივს გვცემს და იმ კანონებით და წესებით ითანამშრომლებენ, რომლებიც თვითონ აქვთ მიღებული, ან ყოველთვის ვიქნებით სათამაშო პაიკი და რომელიღაცა ჩინოვნიკი განგვიცხადებს, რომ ახლა ესე კი არა, ასე უნდა იყოთ და გადაეწყეთო".

რას ამბობს ოპოზიცია

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ სავარაუდოდ გაგზავნილი პასუხი ცარიელი ფურცლებია.

„იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არცერთი რეფორმის მიმართულებით, რითაც მან პირდაპირი რისკის ქვეშ დააყენა უვიზო რეჟიმის დაკარგვა, ცინიზმის მწვერვალია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში. წარმოუდგენელია, გაგზავნო ანგარიში, როდესაც არაფერი გაგიკეთებია. ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა, ისეთივე ცარიელი და უშინაარსო, როგორიც არის "ქართული ოცნების" მომაკვდავი რეჟიმი", - განაცხადა გეგელიამ.

ევროკომისიის რეკომენდაციები

ევროკომისიამ 8 რეკომენდაცია ივლისში განუსაზღვრა საქართველოს.

1.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის დაიცვას გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.

2.თავიდან უნდა აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ პირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს.

3.საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სიასთან, სადაც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით.

4.ძალისხმევა უნდა გააძლიეროს დაუსაბუთებლად თავშესაფრის მოთხოვნისა და წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად ყოფნის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, მიგრანტების შესაბამისი კატეგორიებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიების ჩატარებითა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით.

5.აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი უნდა შექმნას. ასევე, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის მიმართულებით.

6.ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს, უზრუნველყოს მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო გადაწყვეტილებებს.

7.ცვლილებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

8.პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×