რეზონანსი
01.09.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შედეგი იქნება, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერება ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება, თუმცა პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის გუნდს ეკისრება.

ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ სანქციები უნდა შეეხოს მხოლოდ "ოცნების" ხელისუფლებას და კონკრეტულ ჯგუფებს, რადგან ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

სამწუხაროდ, არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ საქართველომ, საქართველოს ყველა მოქალაქემ დაკარგოს ის სიკეთე, რომელიც თავის თავში გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იმაზე, რომ რეალურად დასანქცირდნენ მხოლოდ ოცნების წარმომადგენლები და კონკრეტული ჯგუფები და არა მთელი ქართული საზოგადოება, იმიტომ, რომ ის შედეგი, რაც შეიძლება დადგეს ამ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, არის ამ კონკრეტული ადამიანების “დამსახურება”, მათი “მუშაობის” შედეგად, მათი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, ეგრეთ წოდებული “რეფორმების” შედეგად მივედით იქამდე, რომ ევროპისთვის ჩვენ მისაღები პარტნიორები აღარ ვართ. ჩვენ არ ვართ საერთო ღირებულებებით სისტემაში მოქცეული ევროპასთან ერთად, ამიტომ ძალიან ლოგიკური ნაბიჯია მათი მხრიდან იმის გაკეთება, რომ 8 წლის თავზე შეწყდეს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთან. მაგრამ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ მთავარი მომენტი, რომ აბსტრაქტულად არაფერი არ ხდება. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს წარმოადგენენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა და შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ უნდა იქნას შესაბამისი ზომები გატარებული და არა ჩვენი ყველა თანამოქალაქის საწინააღმდეგოდ. ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან უკვე მეორე თვეა და საბოლოო ჯამში, ალბათ, სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ევროსკოპის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ მიიღო საქართველოს მიერ გაგზავნილი ანგარიში, სადაც "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ვალდებულებებს ასრულებენ და პროცესები კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, თუმცა დეტალებს საზოგადოებას არ უზიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×