
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან დიალოგის საჭოროებაზე მიანიშნებს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევრობლოკმა უნდა დაასაბუთოს, რომ "მოთხოვნები არის გონივრული" და მმართველი პარტია "ყველას შეასრულებს". მთავრობის მეთაური ევროკავშირს საბჭოურ მიდგომაში ადანაშაულებს, რომ "ხელების გაგრეხვით ცდილობენ აიძულონ" რამის გაკეთება.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ორივე მხარეს აქვს წითელი ხაზები რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში კი დიალოგის დაწყებას ახლა პერსპექტივა არ აქვს.
1-ელ სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ივლისში მოწოდებული ევროკომისიის რვა რეკომენდაციის პასუხი უკვე გადაგზავნილია, ეს ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა "ევროსკოპის" რედაქტორთან, თამარ ნუცუბუძესთანაც დაადასტურა.
"დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა. ახლა საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ. ევროკომისია ელის, რომ რეკომენდაციებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს", - განაცხადა მარკუს ლამერტმა.
წერილის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ლამერტმა უპასუხა, რომ მსგავს მიმოწერას კომისია არ ასაჯაროებს.
„დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. როგორც იცით მსგავს მიმოწერას არ ვასაჯაროებთ", - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
რა არის "ოცნებისთვის" "წითელი ხაზი" 8 რეკომენდაცაში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" იმ მოთხოვნებს ვერ შეასრულებს, რაზედაც საჯაროდ პირობა აქვს მიცემული.
"(კობახიძის)განცხადება წავიკითხე ისე, რომ "ქართული ოცნება" აპირებს შეასრულოს ის მოთხოვნები, რომლებიც მისი მხრიდან შესრულებადია. ის, რაც შესრულებადი არაა, სავარაუდოდ იმას არ და ვერ შეასრულებს, რადგან მას უკვე საჯაროდ აქვს გაცემული დაპირება საზოგადოებისთვის, საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ გარკვეულ მოთხოვნებს, მაგალითად, როგორიცაა მოსამართლეების ვეტინგი, ცნობილი კანონების, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, "ფარა"-ს უკან გაწვევადა ა.შ. ამას ის არ შესრულებს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, ეს საკითხები, არის თუ არა "წითელი ხაზები" 8 რეკომენდაციაში, რაზედაც საუბარიც არ სურს "ოცნებას", ანალიტიკოსმა გვითხრა:
"ყოველ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" მხრიდან ძალიან დიდი ზიგზაგი იქნებოდა, რომ ეს კანონები უკან წაეღო, რადგან ამით ის დაიპირისპირებს ერთის მხრივ ეკლესიას, მეორეს მხრივ მისი ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს, თუ უმრავლესობას არა და შესაბამისად, კითხვა გაჩნდება - მაშინ რა საჭირო იყო ეს პოლიტიკური პინგ-პონგი ევროკავშირთან, ხალხის გაღიზიანება, დემარშები და ყველაფერი? მათ შეეძლოთ ეს თავიდანვე შეესრულებინათ და ქვეყანა წელიწადნახევარი ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში არ ყოფილიყო.
"ასე, რომ რთული წარმოსადგენია მათ ახლა ამ ყველაფერზე ხელი აიღონ და მათი დაპირება, რომ ამ მოთხოვნებს ისინი არ შეასრულებენ უკან წაიღონ",- განაცხადა ანალიტიკოსმა.
ანჯაფარიძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით ამ პირობებზე ევროკომისია არ წამოვა.
"დიდი ალბათობით არ წამოვა, რადგან მაშინ გამოდის, რომ ევროკომისიამ უკან უნდა დაიხიოს, მერე მათ მიმართ კითხვები გაჩნდება, მაშინ ეს მოთხოვნები რატომ ჩაუდე, თუკი ახლა ეს ყველაფერი უკან მიგაქვს?
"(ასეთი სცენარის შემთხვავაში) უვიზო მიმოსვლის საკითხს ელის ორი გამოსავალი - ერთი ის, რომ მთლიანად შეჩერდეს შენგენის ზონაში საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის და ეს არის ყველაზე მწარე და რადიკალური ვარიანტი და მეორე ის, რომ გაფართოვდება ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების, ან მათთან დაკავშირებული პირების სია, რომლებიც ამ სავიზო შეზღუდვებში მოხვდებიან, ანუ ისინი ევროპაში უვიზოდ ვეღარ წავლენ.
"უვიზო მიმოსვლას უცებ არ შეგვიჩერებენ, ასეთი რამ ევროკავშირის პრაქტიკაში არ ხდება, ოფიციალურად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც სრული კონსენსუსი არ სჭირდება და კვალიფიციური უმრავლესობა საკმარისია, ეს სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს მოხდება. ევროკავშირს თავისი გრაფიკი აქვს და მომდევნო სხდომა, სადაც ეს საკითხი იქნება განხილული, დაგეგმილია ოქტომბრის ბოლოსთვის, რამდენადაც ვიცი. სავარაუდოდ მკაცრი, თუ რბილი გადაწყვეტილება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მიიღება.
"განცხადება უკვე გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან, რომ შევაფასებთ და მოვამზადებთ პასუხსო. რაც შეეხება ამ პასუხს, იციან, რომ საქართველოში ადგილობრივო არჩევნები ტარდება, იციან, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელჩასაჭიდი სწორედ უვიზო რეჟიმის შეჩერებაა და არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირიდან ოპოზიციის რომელიმე მეგობარმა პოლიტიკოსებმა - ერთმა, ორმა, ან სამმა განცხადება გააკეთონ და ამით საქართველოს მოქალაქეებში შექმნან განცდა, რომ უვიზო რეჟიმი ყველასთვის ჩერდება და ამით რაღაცნაირად ოპოზიციას ხელი წაუკრან",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
"ოცნება" ცდილობს "დრო გაწელოს"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკომისიამ რაც არუნდა გონივრულად დაუსაბუთოს ესა თუ ის საკითხი, "ოცნებას" მაინც არ მოეწონება.
"აქეთ უტევენ, რომ თითქოს თავად ევროკავშირს აქვს ასახსნელი ჩვენ რა უნდა შევასრულოთ. თუმცა რაც არ უნდა გონივრულად დაუსაბუთოს ევროკავშირმა ესა თუ ის საკითხი, მაინც არ მოეწონება "ოცნებას", მერე იტყვიან, რომ ჩვენს საქმეებში უხეშად ერევითო. ევროკავშირისგან კვლავ იქნება მოთხოვნები, რომელიც დაკავშირებულია პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, ანტიევროპული პროპაგანდის შეჩერებასთან.
"ფაქტია, რომ ევროკომისია უკან არ დაიხევს და მოთხოვნები ისევ ძალაში იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა "ოცნება" უკან არ იხევს. არ გამოვრიცხავ თქვან, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს განვიხილავთო და დისკუსიისთვის მზად ვართო, მაგრამ ამით ეცდებიან დრო გაწელონ, რომ ევროკავშირმა სანქციები არ აამოქმედოს, თუმცა საბოლოოდ არაფრის შემსრულებლები არ არიან, თუ ფაქტის წინაშე არ დააყენე და ევროკავშირმა უფრო ეფექტურად არ იმოქმედა სანქციების ამოქმედების გზით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საკმარისი არაა",- განაცხადა ჩიტაძემ.
რას ამბობს კობახიძე
პრემიერი ამბობს, რომ მზადაა მმართველი პარტია შეასრულოს "ყველა გონივრული მოთხოვნა".
"რაც შეეხება 31 აგვისტოს და ჩვენს პასუხს ევროკავშირის მიმართ, დოკუმენტი შედგენილია, გაგზავნილია ევროკავშირში. რაც შეეხება მის გასაჯაროებას, არ ვიცით, ვნახოთ, როგორია პროცედურები, გასაჯაროებაც შესაძლებელია ამ დოკუმენტის, თუმცა პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით ვალდებული, ეს დოკუმენტი გაგვესაჯაროებინა ევროკავშირისთვის და ეს გავაკეთეთ სათანადო ვადებში, დაველოდებით ევროკავშირის პასუხს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აბსოლუტურად უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და ყველას შევასრულებთ.
"იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც იყო გონივრული და თავიდან ბოლომდე შევასრულეთ. იყო არაგონივრული მოთხოვნები, ვერ დაგვისაბუთეს რატომ ითხოვდნენ ამ ყველაფერს, მათ შორის იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით კანონის შესახებ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, იგივე „გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც ჰქონდათ. ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გაუმჭვირვალობა კარგი. ვერაფრით ვერ ასაბუთებენ, ან რატომ არის კარგი ის, რომ ერთსქესიანმა წყვილმა აიყვანოს შვილად არასრულწლოვანი.
"დაასაბუთონ, ამასაც შევასრულებთ. ისინი ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ არ შეიძლება მაგალითად ერთნაირსქესიანმა წყვილმა აიყვანოს არასრულწლოვანი ბავშვი - რატომ ითხოვენ ამის გაუქმებას - დაგვისაბუთონ, დაასაბუთებენ - გვექნება რეაქცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველაფერი საჭიროებს პრევენციას, უმძიმესი ტენდენციებია ევროპულ ქვეყნებში და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შესაბამისმა ძალებმა საბერძნეთშიც მოახერხეს.
"ეს არის ძალიან მძიმე ტენდეციები და ჩვენ პრევენციულად უნდა ვიმოქმედოთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა. სტატისტიკაზე აისახება ეს ყველაფერი, სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობაზე აისახება ეს ყველაფერი. ჩვენ პრევენციულად უნდა დავუპირისპირდეთ ასეთ მოვლენებს და ასეთ სამომავლო მოთხოვნებს. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს კანონი. იგივე ეხებოდა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს. ვერავინ ამ ქვეყანაზე ვერ დაასაბუთებს იმას, რომ გაუმჭვირვალობა სჯობს გამჭვირვალობას. უბრალოდ შეუძლებელია ამის დასაბუთება, დაასაბუთონ, კი ბატონო, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა ამის დასაბუთება.
"პრინციპულად არის ორი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია - ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების თემა და ეს არის გამჭვირვალობის თემა. ყველაფერი დანარჩენი არის ნაკლებად პრინციპული საკითხები ჩვენთვის, შესაბამისად, მზად ვართ ყველანაირი მსჯელობისთვის. რაც შეეხება ამ ორ კანონს, აქაც ვამბობთ, რომ დაგვისაბუთონ, რა და რატომ არ მოსწონთ, მაგრამ არაფერზე გვესაუბრებიან, საბჭოური მეთოდებით უნდათ, რომ ხელები გადაგვიგრიხონ და გვაიძულონ, რაც აბსოლუტურად არასწორია. გვესაუბრონ ყველაფერზე, დაგვისაბუთონ, დაგვაჯერონ, მაგრამ როცა არც გესაუბრებიან და ცდილობენ, ხელი გადაგიგრიხონ, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.