მარიამ ვეკუა
02.09.2025

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის"-ის 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. ოპოზიციაში კვლავ განხილვის ეპიცენტრშია გახარიას განცხადება, რომ მანდატების არ გამოყენება შეცდომა იყო. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ თუ გახარიას გუნდი პარლამენტში შევა, ღალატი არ ეპატიებათ, მაშინ, როდესაც მმართველ პარტიაში მის სავარაუდო გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ვიხილავთ თუ არა ექპრემიერის პარტიას საპარლამენტო ტრიბუნაზე,ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე - ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე - ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე - რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე - მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე - შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლე - სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე - გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურის ადგილმონაცვლე - ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის ადგილმონაცვლე - თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე - სოფიო ხორგუანი.

შეგახსენებთ., პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.

ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში, პარლამენტის 61 ოპოზიციონერ წევრს შეუწყდა. ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების კანონიერება, პარლამენტის ლეგიტიმურობა არ ცნო და პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის" სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. შესაბამისად, პარლამენტის დღის წესრიგში მათი გამოკლებული წევრების უფლებამონაცვლეთა ცნობის საკითხი დადგა.

ოპოზიცის პოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ „გიორგი გახარია პარლამენტში შევა ის იმავე გზას გაივლის, რასაც „ოცნება".

[თუ გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში შევლენ], ზუსტად იგივე გზას გაივლიან, რასაც „ქართული ოცნება", ან კიდევ უფრო უარესს. თითოეულ ადამიანს, აუცილებლად მე თვითონ ჩამოვაცვამ ნაგვის ურნას თავზე, სადაც არ უნდა ვნახო, ამაში იყვნენ დარწმუნებულები. ეს ღალატი არავის ეპატიება", - განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, „ლელომაც", როგორც გახარიას პარტნიორმა პარტიამ, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და განმარტოს, ეთანხმება თუ არა გახარიას, რომ საპარლამენტო მანდატების დატოვება შეცდომა იყო.

ენმ-ს ლიდერ ხატია დეკანოიძე, მიიჩნევს, რომ მოქმედ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს და ეს მდგომარეობა არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ მას გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან.

"ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ მოხდება. მათ შორის არ მოხდება იმ შემთხვევაშიც თუ კი მას დაემატება გიორგი გახარიას პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. მთელ მსოფლიოში საერთაშორისო წარმომადგენლობა შეთანხმებულია, იმაზე რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ხეიბარი."-განცხადა ენმ-ს ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

ვერ გაძლო, ნებისყოფა არ ეყო, გაიქცა და ახლა დგას და თავისი მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს იმით, რომ აქ აბაიბურებს პროცესს, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო გაძლიერებულია, მაგრამ გიორგი გახარიას ამის დანახვა არ უნდა.

„კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო - ხომ გაგიგიათ ასეთი გამოთქმა? ვერ გაძლო, ნებისყოფა არ ეყო, გაიქცა და ახლა იქიდან დგას და თავისი მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს იმით, რომ აქ აბაიბურებს პროცესს. ამის დანახვა უნდა თუ არა გახარიას, ოპოზიცია გაძლიერებულია. რამ შეიძლება ოპოზიცია გააძლიეროს? თუ არსებობს ხალხი, რომელიც მას ენდობა. ფული ვერ გააძლიერებს, თუ ბიძინას დამარცხებაა ამოცანა, რადგან ის რამდენიმე ნაბიჯით წინ იქნება.

ოცნების პოზიცია

მმართველ პარტიაში გახარიას გადაწყვეტილებას, რომ შესაძლოა მან პარლამენეტში თავისი 12 მანდატი გამოიყენოს მიესალმებიან,თბილისის მერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის მიერ შეცდომების აღიარებას მხოლოდ და მხოლოდ კარგია.

„აღიარებაც, რა თქმა უნდა, კარგია. როდესაც პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას, შემდეგ იაზრებს და აღიარებს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. თუ შევხედავთ ჩვენი ოპოზიციის უმრავლესობას, უდიდეს ნაწილს, საერთოდ ვერ გარკვეულან რა ხდება. მე დიდი ხანი არ ვარ პოლიტიკაში, 2011 წელს მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის, თუმცა ამ ხნის განმავლობაში, დიდი გამოცდილება დამიგროვდა და შემიძლია, გარკვეული ანალიზიც გავაკეთო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ გაგებაში არ არიან. - განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას დაფიქრებისკენ მოუწოდებს, ვიდრე მის მანდატებს პარლანეტში გააქტიურებს:

„ამ 12 ადამიანს, რომლის უფლებამოსილებასაც დღეს ცნობს პარლამენტი, მათ შორს არის სახელები და გვარები, რომელსაც არ ვიცნობთ, მოვუწოდებთ, რომ დაფიქრდნენ, გაიაზრონ. მგონი, დღეს პოზიცია-ოპოზიცია თუ ყველა პოლიტიკური ძალა თუ არაპოლიტიკური ძალა ერთ რამეზე თანხმდება, იმაზე, რაც თავის დროზე ვთქვით, რომ გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი. ბოლი რომ არის, მგონი, ახლა უკვე ყველა თანხმდება. ადამიანი გაიქცა, უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდევ ყელყელაობს იქიდან, რაღაცებს საუბრობს, პროექტები უნდა განვახორციელოო. არ ვიცი იქ „ენჯეოს" თუ აფუძნებს."

„ვნახოთ 4 ოქტომბრის არჩევნების მერე"

პარტია „გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება „ოცნებას" დარტყმას საპარლამენტო ტრიბუნიდან მიაყენებენ.

„თუ ქვეყანაში იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველა რესურსი ამოიწურა და „ოცნებას" ვერ ვასუსტებთ სხვა გზებით და ამისთვის ერთწლიანი პერიოდი ვფიქრობ, რომ საკმარისია, და ერთადერთი გზა რჩება თუნდაც საპარლამენტო ტრიბუნიდან, საპარლამენტო პლატფორმიდან მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმები „ოცნებას" და ქართველი ხალხი ამ მოძალადე რეჟიმის წინაშე პირისპირ არ დავტოვოთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გადავხედავთ, როგორც მინიმუმ. ჯერჯერობით ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, პოლიტიკურად ამ მხრივ, დღევანდელი მოცემულობით არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ, ვნახოთ 4 ოქტომბრის არჩევნების მერე

შეგახსენებთ გუშინ სატელევიზიო ეთერში პარტიის დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მანდატების არ გამოყენება დიდი შეცდომა იყო :

"ბოიკოტი არ არის დაკავშირებული საპარლამენტო შედეგებთან. მე, დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება, ეს იყო შეცდომა. ჩვენ, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ", - ამბობს გიორგი გახარია.

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×