ნატალია ჯვარიძე
02.09.2025

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინმა ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ, სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ევროპელი ლიდერები და ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც მან თქვა. პირიქით, მან საზიზღარი ფორმებით, დაბომბვის კამპანია გააძლიერა. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპის მიერ ყველა ვარიანტი განიხილება და მიმდინარე კვირაში ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ", - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

ბესენტმა აშშ-სა და ინდოეთს შორის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

„ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიაა. მათი ღირებულებები უფრო ახლოს არის ჩვენთან და ჩინეთთან, ვიდრე რუსეთთან. ვფიქრობ, საბოლოოდ, ორი დიდი ქვეყანა ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგრამ, ინდოელები კარგი აქტორები არ ყოფილან რუსული ნავთობის შეძენისა და გაყიდვის და უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების კუთხით", - აღნიშნა ბესენტმა.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი, კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ტრამპმა რუსეთს სანქციები გაუმკაცროს.

„ჯერჯერობით იმაზე საუბარი, თუ რას გააკეთებს ტრამპი, რთულია, რადგან ის და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები ამბობენ, რომ ამ სცენარისთვის მზად არიან, თუმცა შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო თავს იკავებს.

ეს იმიტომ, რომ ტრამპს ჰგონია პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, შეერთებულ შტატებში ხვდებიან, პუტინის სიტყვას ძალა არ აქვს, დროს წელავს და სინამდვილეში არ უნდა სამშვიდობო მოლაპარაკება.

აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, თუ ტრამპის ადმინისტრაცია ამ დასკვნამდე მივიდა, შემდეგ ეს მეორე, ალტერნატიული ვარიანტის განხილვა დაიწყონ.

რუსეთს სანქციები დაწესებული ისედაც აქვს. თუმცა როგორც ჩანს, აქ კიდევ სხვა სექტორებზე ექნებათ გაწერილი, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს რუსეთის ეკონომიკას და მის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელებაში ხელს შეუწყობს. რა თქმა უნდა, წესით ეს რუსეთისთვის მაინც და მაინც სახარბიელო არ უნდა იყოს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ასევე ფიქრობს, რომ ტრამპი ჯერჯერობით თავს შეიკავებს სანქციების გამკაცრებისგან, თუმცა შემდეგ იძულებული იქნება ეს გააკეთოს.

„მე ასე მგონია, რომ რაღაც პერიოდი ტრამპი თავს შეიკავებს, მაგრამ, შესაძლებელია თვითონ კონგრესის ზეწოლის გამო იძულებული გახდეს სანქციები გაამკაცროს. ჩემი აზრით, რუსეთს სანქციები აშინებს, მითუმეტეს, როცა მსოფლიოში ნავთობზე ფასები მცირდება. ნავთობის წარმოება დაახლოებით 20%-ით დაეცა. ასევე იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი აჭარბებს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×