
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების დროს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის ომის დასრულების გზები განიხილა, თუმცა, მხარეები ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან.
ერდოღანმა ჩინეთიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტამბოლში ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა ღიაა.
ერდოღანის მტკიცებით, თურქეთი მხარს უჭერს „მოლაპარაკებების დონის თანდათანობით ამაღლებას", რათა მშვიდობის იმედები კონკრეტულ შედეგებად იქცეს. მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ინიციატივა საბოლოოდ ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ, თუმცა ჯერ პირობები არ არის შექმნილი.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ თავიდანვე ნათელი იყო, რომ პუტინსა და ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელი იყო, რასაც აქვს თავისი მიზეზები.
„თავიდანვე ნათელი იყო და მეც ვამბობდი, რომ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა არ იქნებოდა. ერდოღანმა დაადასტურა ის რეალობა, რაც ახლაა. ჯერ ერთი ეს შეხვედრა იმის გამო არ შედგება, რომ პუტინს აქვს იდეაფიქსი - რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის ოთხივე რეგიონი დაიკავოს და შექმნას ე.წ. ბუფერული ზონები სუმისა და ხარკოვის რაიონში.
გუშინაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის კაბინეტში უკრაინის რუკა იყო, სადაც ნიკოლაევი და ოდესა უკრაინის შემადგენლობაში აღარ იყო. რუსეთს ეს იდეაფიქსი აქვს და შეუძლებელია შეხვედრა. მითუმეტეს, თუ გახსოვთ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ზელენსკის მხოლოდ დე ფაქტოდ ვცნობთო და იძახიან, რომ ის არაფერს წარმოადგენს მათთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი არ აპირებს ზელენსკის შეხვდეს.
რუსეთმა ეს კიდევ იმით დაადასტურა, როცა კიევი ამ ბოლოს საშინლად დაბომბეს. ბოლო პერიოდში როგორც კიევი, ლვოვი და სხვა დიდი ქალაქები დაიბომბა, სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ძლიერი. ახლა ისინი აბსოლუტურად ყველაფერს ბომბავენ, მათ შორის ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, საერთოდ აღარავის ინდობენ.
თუ აქამდე მაგალითად 10-15 უპილოტო დრონი იყო გაშვებული, ახლა ბოლოს კიევის დარტყმის დროს 500-მდე ბალისტიკური რაკეტა იყო გაშვებული. ხომ წარმოგიდგენიათ რა მასშტაბზეა ლაპარაკი?! ამას პლუს რუსეთი აპირებს ეს აიყვანოს 2 ათას ერთეულამდე. ამას ოფიციალურად აცხადებენ რუსული პროპაგანდისტული არხები.
მეორეს მხრივ, უკრაინელების თვალით რომ შევხედოთ, როცა რუსეთმა ამხელა ომის დანაშაული ჩაიდინა, არამგონია ზელენსკი პუტინს დაუჯდეს და რაიმეზე ილაპარაკოს. ბუნებრივია, უკრაინელებს სულ სხვა მისია აქვთ - გაათავისუფლონ თავინთი ტერიტორია რუს ოკუპანტებისგან, თან ასეთი ბარბაროსული მეთოდების ფონზე.
ამიტომ, ამ შეხვედრაზე საუბარი ზედმეტია. პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შეხვედრა არ შედგეს. ჯერ მაშინ, როცა ტრამპს შეხვდა თქვა, რომ ზელენსკის ყველაზე მეტი, სერგეი ლავროვი შეხვდებოდა და მეტი არავინ. ამიტომ ეს შეხვედრა ისეთივე ფანსტასტიკური იქნება, როგორც, დავუშვათ, ჩერჩილი და რუზველტი შეხვედროდა ჰიტლერს. ეს ხომ წარმოუდგენელია?! ესეც იგივე ვარიანტია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".