რეზონანსი
02.09.2025

 გიორგი გახარიამ ერთ-ერთ მედიასთან ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და თავად დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მოიპოვა. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი საქართველოდან გასაიდუმლოებული გამგზავრების შემდეგ ირწმუნება, რომ ქვეყანა დაკავების შიშით არ დაუტოვებია და ბერლინის ხანგრძლივი ვიზა, მხოლოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრების გასამართად, პოლიტიკურ-ექსპერტული საქმიანობისთვის სჭირდებოდა.

გიორგი გახარიას ბინადრობის შესახებ, ექსკლუზიური ინფორმაცია პირველად "კურიერმა", გაავრცელა, თუმცა ექსპრემიერის პარტია, მაშინ ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. უფრო მეტიც, გახარიას თანაგუნდელმა, ანა ბუჩუკურმა, "რუსთავი 2", სოციალური ქსელით მწვავედ გააკრიტიკა და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. უკვე დღეს ამტკიცებენ, რომ ბინადრობის შესახებ ინფორმაცია არ დაუმალავთ, ბუჩუკური კი "კურიერისთვის" ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

"ქართულ ოცნებისთვის" გიორგი გახარია, უკვე უცხო ქვეყნის რეზიდენტია, ამბობენ, რომ ევროპაში ბინადრობა მას, საკუთარი ქვეყნის საზიანოდ სჭირდებოდა. სახელისუფლებო პარტიაში მიიჩნევენ, რომ გახარია ქვეყნიდან გაქცევით, საკუთარ გუნდს და ამომრჩეველსაც გაექცა. კითხვები გიორგი გახარიას სხვა განცხადებებმაც გააჩინა.

საპარლამენტო არჩევნებიდან 10 თვის შემდეგ, ექსპრემიერი აღიარებს, რომ მანდატებზე უარის თქმით, დიდი შეცდომა დაუშვა. იმავეს ამბობენ თავად გახარიას გუნდის წევრებიც. ადასტურებენ, რომ საპარლამენტო სავარძლების დაბრუნებაზე ფიქრი შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყონ. ამ პოზიციის გამო, საარჩევნო პარტნიორს უკვე გაემიჯნა "ლელო". "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით, გახარიას პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია. უფრო მწვავე აღმოჩნდა, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერების რეაქციები, ნაწილის ირონიულიც. ტრადიციული მუქარის ტონი კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეინარჩუნა. ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გახარიას პოლიტიკური აღიარება, მის შიშებს უკავშირდება, რომელიც ექსპრემიერს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აქვს. როდის დაბრუნდება გიორგი გახარია ქვეყანაში? გერმანიის ახალმა პრეზიდენტმა, ერთ-ერთ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში ეს კითხვა ღიად დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×