რეზონანსი
02.09.2025

 პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოში დესტაბილიზაციას აფინანსებდა და ხელისუფლების შეცვლას გეგმავდა. დონალდ ტრამპმა კი ის უკანონობა ამხილა, რომელიც მას მძიმე მემკვიდრეობად დახვდა. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის მთავრობას ღირებულებითი თანხვედრა აქვს, ახლა საქართველოსა და ამერიკას შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების დრო მოვიდა.

სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობების გადატვირთვაა მთავარი გზავნილი იმ ღია წერილში, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მიმართა. მიხეილ ყაველაშვილი წერილში დესტაბილიზაციის იმ მცდელობებზე საუბრობს, რომელსაც "დიფ სთეითი" საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გეგმავს.

პრეზიდენტის სიტყვებით, საზოგადოების გაკვირვებას იწვევს შტატების პასიურობა საქართველოს მისამართით, მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა რეგიონში საქართველოს ყველა მეზობელთან.

თეთრი სახლის პასიურობა არ უკვირთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ურთიერთობა ჩიხში მთავრობის საგარეო პოლიტიკამ შეიყვანა.

სახელისუფლებო პარტიაში კი, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მზაობას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა, მმართველ გუნდში პრინციპულად აცხადებენ, რომ კავშირი ორმხრივი უნდა იყოს.

საქართველოს პრეზიდენტი ღია წერილს ასრულებს დაპირებით, რომ ის მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას - სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×