თამთა ჩაჩანიძე
03.09.2025

„ოცნებამ"„ნაცმოძრაობის" აკრძალვა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დააანონსა, თუმცა ამა წლის აპრილში ინიციატივა ცოტა ხნით გადაავადა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ენმ-სა და „მასთან დაკავშირებული პარტიების" გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიმართავს. ანალიტიკოსების ცნობით, ახლა ასეთი ინიციატივა რომც იყოს, წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, პარტიის აკრძალვა 4 ოქტომბრამდე მაინც ვერ მოესწრება.

სამშაბათს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა თანაპარტიელებს დასკვნა გააცნო, სადაც „ფაქტებით ნათქვამია", რომ „ვარდების რევოლუცია" სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება". წულუკიანი „ისურვებდა", რომ საქართველოს ისტორიის სასწავლო წიგნებში „გადაისინჯოს, 2004-2012 წლების პერიოდი, როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე".

ამასთან, წულუკიანის თქმით, „2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს კიდევ 111 დასახლებული პუნქტი შეემატა. ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კოდორის ხეობაც".

ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოსაყვანად არავითარი ზომა არ მიიღო. უფრო მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 23-ე მუხლის მეოთხე პუნქტის გათვალისწინებით, „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით".

ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით კი, „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს".

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" პარტიის აკრძალვის პროცედურაზე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ს.

„საფუძველი ის უნდა იყოს, რაც კონსტიტუციაშია აღნიშნული",- განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა„ოცნებას" დღეს საკმარისი საფუძველი პარტიის აკრძალვისთვის, ხმალაძემ გვითხრა, რომ „ჩემი აზრით არა". რაც შეეხება დროს, მისი თქმით, ეს უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული.

„ჯერ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას სარჩელის დასაშვებობის თაობაზე და ამის შემდეგ უკვე მასზეა დამოკიდებულიბ როდის დაიწყებს ამ სარჩელის განხილვას. სხდომათა რაოდენობა განსაზღვრული არ არის, განხილვა როდის უნდა დაიწყოს, ამას კანონი არ ადგენს, რადგან ზოგადად 9-თვიანი ვადა აქვს და ამ ვადის განნმავლობაში თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის დაიწყებს განხილვას.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარტიის საქმიანობა არაკონსტიტუციურია და ამის გამო გააუქმა მისი რეგისტრაცია, ეს ფაქტობრივად პარტიის აკრძალვას ნიშნავს. თუ პარტია არაა რეგისტრირებული, ის ვერ მოქმედებს, როგორც იურიდიული პირი."

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასკვნაში მოხსენიებული პარტიებისა და ადამიანების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი არჩევნებამდე დაიწყება.

„პროცესი არჩევნებამდე აუცილებლად დაიწყება. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 460-გვერდიანია, სადაც წარმოჩენილია ის უბედურებები და საშინელებები, რომელსაც თავისი მმართველობის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა" სჩადიოდა.

„ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის მთავარი ისაა, რომ ამ კომისიის დასკვნის მიხედვით, 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება იყო და არა რამე რევოლუცია, ეს იყო სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზით ცვლა, რაც უმნიშვნელოვანესია, რომ საერთოდ ერთხელ და სამუდამოდ ყველას და ყველაფერს წერტილი დაესვას და სათქმელი ითქვას. ვფიქრობ, პასუხისმგებლობის საკითხებიც უნდა დადგეს იმ დამნაშავეების, რომლებმაც ამ 9 წლის დანმავლობაში დანაშაული ჩაიდინეს ღვთისა და ერის წინაშე", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ინიციატივა რომც იყოს, ენმ-ს აკრძალვა 4 ოქტომბრამდე ვერ მოეწსრება.

„ნაცმოძრაობა" ისედაც აკრძალული არ არის? ვფიქრობ ამ პარტიის აკრძალვის საკითხი ამ მოკლე დროში ვერ მოესწრება, მაგრამ სამართლებრივი პროცესი დაწყებულია, საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ვფიქრობ, იმ დოკუმენტური მასალებიდან, რომელიც წარდგენილია, ენმ და მისი განაყოფები აუცილებლად უნდა აიკრძალოს, არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ამას ისტორიული პროცესი ითხოვს",- განაცხადა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×