
მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის მერის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გარე ჩარევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერავინ გადაკეთდება კაცად თუ ქალია, ან პირიქით". ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ქალაქთან დაკავშირებით „შთამბეჭდავი გეგმები" აქვს.
„კახა კალაძის დღევანდელი პრეზენტაცია ეხებოდა ინფრასტრუქტურულ საკითხებს და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ა.შ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8-წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის პირველ რიგში, პირადად კახა კალაძისა და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს 8 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერიის გუნდს", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება - თუ არის ქალი - კაცად ან თუ არის კაცი - ქალად".
„რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატებთან ჩვენს ურთიერთობას, კიდევ ერთხელ ყველას ვეუბნებით-დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რა უდგას წინ დასხდომას და ლაპარაკს? ბუნებრივია, არაფერი. რომ ვერ სხდებიან მაგიდასთან, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ მათ არაფერი აქვთ. კი არ ეშინიათ, მათ აქვთ სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა. სამარცხვინო შანტაჟის მცდელობისთვის მათთვის არ არის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა. გპირდებით, საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერავინ გადაკეთდება, თუ არის ქალი კაცად ან თუ არის კაცი ქალად, ეს არის ჩემი დაპირება",- აღნიშნა პრემიერმა
ამასთან, კობახიძემ წინა ღამით მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.
„ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვეულებრივ, არქიფო სეთურის მრევლი - ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები- ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან. მართლა ტრაგიკულია ნაცი ტიტუშკების და ნაცი ორკების ქმედება. არ მაინტერესებს თქვენი ვიდეოები. ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ თვითონ დაველაპარაკებით, მაგრამ თქვენ დაელაპარაკეთ თქვენს ტიტუშკებს და თქვენს ორკებს. თქვენი პარტიის წარმომადგენელი ორკები და ტიტუშკები გუშინ უსაქციელოდ მოქმედებდნენ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკებისა და ტიტუშკების მოქმედება, დანარჩენს მერე მე შევაფასებ."
პრემიერის თქმით, არასამთავრობოების წარმომადგენლებიც არიან ჩვეულებრივად „არქიფოს მრევლი".
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან, უფრო სწორედ, თვითონ არიან ამ ორკების შემადგენელი ნაწილი. გუშინ რომ ვიხილეთ ჩვენ ნაცი ტიტუშკები და ნაცი ორკები, ასეთია ზუსტად არასამთავრობოების ლიდერების სახეც. ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ის არის, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის ეროვნული ინტერესები დავიცავთ", - განაცხადა კობახიძემ.