
დაპირების შესაბამისად, პრემიერისა და პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ სუს-ში საქმიანობა ახალი გუნდის დაკომპლექტებით დაიწყო. ლაშა მაღრაძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო დღეიდან უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იქნება. მდინარაძემ დღეს სპეცსამსახურში კიდევ სამი მოადგილე წარადგინა - ალექსანდრე მაისურაძეც სუს-ში იუსტიციის სამინისტროდან გადავა, უწყებაში გადაინაცვლებს ქვემო ქართლის რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მეოთხე მოადგილე კი სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი იქნება. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ახალი გუნდი მამუკა მდინარაძესთან ერთად უწყებას სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს და გამოწვევების საპასუხოდ თვისებრივად გაძლიერებულ სამსახურს შექმნის.
მამუკა მდინარაძეს საქმიანობაში დედაქალაქის მერის სრული მხარდაჭერა აქვს. თბილისის პირველი პირის აზრით, სუს-ის ახალი უფროსის კომპეტენცია და პოლიტიკური გამოცდილება სპეცსამსახურის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.
მამუკა მდინარაძისა და მისი გუნდის პროფესიული უნარების კრიტიკა ოპოზიციაში უჭირთ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც მათი აზრით, რეალურ ფუნქციას არ ასრულებს.
ოპონენტების მხრიდან კრიტიკას უარგუმენტოს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. პარლამენტის სპიკერი დარწმუნებულია, რომ სუს-ის ახალი უფროსი და მისი მოადგილეები სტრატეგიული ამოცანების შესრულებას ეფექტურად შეძლებენ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო საქმიანობის დროსაც გამორჩეულად ახერხებდა.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად პარლამენტმა სრული მხარდაჭერით, 6 წლის ვადით დაამტკიცა. მან უსაფრთხოების სამსახურის თვისობრივი გარდაქმნის პირობა დადო.