
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
როგორც ჯაფარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილმა აცხადებს, სააპელაციო სასამართლომ ზუსტად იგივე დასაბუთება დადო, რაც პირველმა ინსტანციამ.
ადვოკატის თქმით, ისინი აპირებენ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
“სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დანაშაულისა და სასჯელის ნაწილში იყო დასაბუთებული. ჩვენ ვასაჩივრებდით ორივე გარემოებას, პირველი ის, რომ არ არსებობდა დანაშაული, ვინაიდან კომისიის შემადგენლობა იყო არალეგიტიმური, არ იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ვგულისხმობ ნახევარზე მეტს,კომიტეტმა დაარღვია პროცედურა შექმნის დროს, შესაბამისად, მის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყო არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური.
მეორე გარემოება იყო ის, რომ დაცვის უფლება შეგვეზღუდა ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ვინაიდან არ იქნა კომისიის თავმჯდომარე დაბარებული და არ იქნა დადასტურებული მისი ხელმოწერა დაბარებასთან დაკავშირებით.
მესამე გარემოება იყო ის, რომ ზურა არალეგიტიმურად ცნობს პარლამენტს და არ მივიდა.
რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის ნაწილს, ეს იყო ნაკლებად მძიმე დანაშაული ერთ წლამდე კვალიფიკაციით, ალტერნატივა იყო, მათ შორის, ჯარიმაც, არასაპატიმრო სასჯელი და სასამართლომ გამოტანა ყველაზე მკაცრი - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც პრაქტიკას არ ახსოვს. იმის გათვალისწინებით, რომ უდავოდ გავხადეთ საქმე და არ გვაინტერესებდა არცერთი მოწმე, სასამართლო პრაქტიკა უნდა გამოყენებულიყო არასაპატიმრო სასჯელით, შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა და ვასაჩივრებდით ამ არგუმენტებით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ზუსტად იგივე დასაბუთება დადო, რაც პირველმა ინსტანციამ.
ვთვლით, რომ არასწორია და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, შემდეგ უკვე ადამიანის უფლება ევროპულ სასამართლოში შევიტანთ კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევის მიზნებისთვის”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა.