
ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს!
საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა და ამ შეხვედრის ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის ბრძოლისუნარიანობისა და გუნდური თამაშის წყალობით, სახელოვან მეტოქეს ვაჯობეთ.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ბოლდუინის, სანაძის, მამუკელაშვილის, შენგელიასა და ბითაძის ხუთეულით დაიწყო და პირველი ტაიმი ფრანგებს 1 ქულის სხვაობით, 38:37 მოვუგეთ.
ჯიკიჩის გუნდი პირველ მეოთხედში კარგად გამოიყურებოდა, აქტიურობდა ჩვენი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი, რომელიც პირველ ტაიმში ორივე ნაკრების მხრიდან ყველაზე შედეგიანი იყო.
მეორე ტაიმში თორნიკე შენგელიამ არაერთი მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მძიმე მატჩის შემდეგ, კაპიტანმა ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და შესანიშნავად ითამაშა. უნდა აღინიშნოს ბექა ბურჯანაძის მნიშვნელოვანი ტყორცნებიც, რომლის საშუალებითაც მესამე მეოთხედში წინ გავედით.
მატჩის საუკეთსო მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა, "თოკომ" 31 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა, მას მხარი კამარ ბოლდუინმაც აუბა, ჩვენმა ლეგიონერმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა, მამუკელაშვილმა 14 ქულა მიითვალა, ბითაძემ 8, ბურჯანაძემ კი 6.
საფრანგეთის ნაკრებიდან სილვიან ფრანცისკომ საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა.
საქართველოს ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს შეხვდება, მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.