
ჩვენ შევაფასეთ არა მხოლოდ წარსული, არამედ გავიხედეთ მომავალში, როგორი არ შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი და ეს იყო უმთავრესი, - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ დავინახეთ ის საშინელი სახე „ნაციონალური მოძრაობის", რომლებიც დღემდე ახდენენ ზეწოლას თავის მსხვერპლებზე, დღემდე აბულინგებენ მათ. რამე რომ მოხდეს და მათ ძალაუფლება ჩაუვარდეთ ხელში, სისხლის კალოებს გალეწავენ ამ ქვეყანაში.
არანაირი სინანული არ აქვთ ამის გამო, არანაირი სიბრალულის გრძნობა არ აქვთ მსხვერპლების გამო. ერთი წუთით არ სტკივათ საქართველოს დაკარგული ტერიტორიები და დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. ზუსტად იქვე არიან, რაც მიშა სააკაშვილმა თქვა ომიდან სამი წლის შემდეგ, რომ ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, რაღაც პატარა ქვა-ღორღიანი ტერიტორია, რომელსაც ფასი არ აქვსო და რეალურად გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან რუსეთის სახე ვამხილეთო, ისევ იქ არიან.
რასაც ისინი აკეთებდნენ მაშინ, აგრძელებენ დღესაც, აგრძელებენ ქვეყნის საწინააღმდეგო მუშაობას და ეს მუშაობა ხდება პირდაპირ უცხოელების დაკვეთით. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული ყველა ის პარტია, რომელიც დღესაც აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.