რეზონანსი
09.09.2025

 გვქონდა მოლოდინი, რომ უარს იტყოდნენ საქართველოში ჩამოსვლაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ ისინიც პატივს სცემენ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება.

ამასთან, როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ვარაუდი გამართლდა.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირი როგორც წესი აკვირდება ხოლმე საპარლამენტო არჩევნებს და ძალიან იშვიათად, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მუნიციპალურ არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ იყო შესაძლებლობა ისინი უარს იტყოდნენ საქართველოში ჩამოსვლაზე. როგორც ჩანს, იყო გარკვეული ზეწოლაც, როგორც ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარაუდობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას, მათი არჩევანია ჩამოვლენ თუ არა, იმედი გვაქვს, რომ ისინიც პატივს სცემენ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებზე,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

პრემიერის ვარაუდი გამართლდა და როგორც ჩანს, ეუთო/ოდირმა ზეწოლას ვერ გაუძლო.

ჯერ კიდევ 6 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სადამკვირვებლო მისია საქართველოში მოიწვია და განაცხადა: "ვიწვევთ ეუთო-ოდირის მისიას და გამოვხატავთ სრულ მზაობას, რომ ყველანაირი პირობა შევქმნათ მისი საქმიანობისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის გამოვლენა. არ ველით, რომ ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას ასეთივე დამოკიდებულებით უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია. მათ არც წინა შემთხვევაში სცეს პატივი ეუთო-ოდირის დასკვნას, პარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დამოკიდებულების ცვლილება მათგან აბსოლუტურად არ არის მოსალოდნელი და ამას არ ველით არც მათი პატრონების მხრიდან. მხოლოდ მაშინ მოსწონთ არჩევნების შედეგები რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს, როდესაც იმარჯვებს ფსევდო ლიბერალური პოლიტიკური ძალა".

და აქვე, პრემიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდებოდა კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე აქამდე.

"ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს, ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის რომ საქართველოში მოწვევით ეუთო/ოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ"- განაცხადა პრემიერმა.

პასუხი ეუთო/ოდირისგან დღეს, 9 სექტემბერს მოვიდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში, ოუთო/ოდირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ თავს შეიკავებს 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე დაკვირვებისგან. საკმაოდ ბუნდოვანია ის არგუმენტები, რომლებიც

არჩამოსვლის მიზეზად არის მოყვანილი. განსაკუთრებით, მოწვევის დაგვიანებულ ვადებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც პრემიერმა ეს ინიციატივა არჩევნებამდე ერთი თვითა და ორი კვირით ადრე გამოიჩინა.

როგორც ეუთო/ოდირის დირექტორი იუწყება, მოწვევა არ იყო დროული და მათ ვერ მოასწრეს მომზადებულიყვნენ სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოსაგზავნად.

"ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ მზადყოფნა, დროული მოწვევის შემთხვევაში გაგვეშვა სადამკვირვებლო მისია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული განცხადებიდან ორი თვის შემდეგ გამოგზავნილი მოწვევა დროის თვალსაზრისით არასაკმარისი პერსონალის შერჩევისა და განთავსებისთვის, ლოჯისტიკის ორგანიზებისთვის ან საარჩევნო პროცესის ყველა საკვანძო ეტაპის მონიტორინგისთვის გამორიცხავს დაკვირვების ყოვლისმომცველობას. ამ შეზღუდვების პირობებში, ODIHR ვერ უზრუნველყოფს, რომ განხორციელდეს შინაარსიანი საარჩევნო დაკვირვება," - აღნიშნულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ეუთო/ოდირის წერილში ასევე ვკითხულობთ:

"ჩვენი გადაწყვეტილება, არ მივიღოთ ეს დაგვიანებული მოწვევა, არ ნიშნავს საარჩევნო დაკვირვების პრინციპის უარყოფას; ეს არის ვალდებულება, რომ მსგავსი საქმიანობა იყოს შინაარსიანი და არა მხოლოდ სიმბოლური. დაკვირვების ნამდვილ გამჭვირვალობასა და სანდოობას სჭირდება დროულობა, საფუძვლიანი მომზადება და პროცესისადმი პატივისცემა.

ჩვენ კვლავ გულისყურით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ჩვენი ზოგადი მანდატის ფარგლებში მათ შორის, დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს მრავალწლიან თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად ყველასთვის.

გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი უმაღლესი პატივისცემის დადასტურება,"- აღნიშნულია ეუთო/ოდირის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×