
ოპოზიციის 13 სექტემბრის აქციამ მშვიდად ჩაიარა და ახლა უფრო მნიშვნელოვანი დღისთვის, 4 ოქტომბრისთვის ემზადებიან. თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ გამართულ მსვლელობას ოპოზიციური ლიდერების გარდა მეხუთმე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, შაბათის აქციით უკვე შეიძლება მსჯელობა, თუ რამდენად მოსალოდნელია მასშტაბური გამოსვლა 4 ოქტომბერს.
„გუშინ ვაკვირდებოდი ამ აქციას და კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ძალა არ აქვთ. 4 ოქრომბრის აქცია არ იქნება მასშტაბური", - განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ 4 ოქტომბერს შედარებით ხალხმრავლობას უნდა ველოდოთ: „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ 4 ოქრომბერს კატასტროფულად ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში, რომ დილით დაიწყება და საღამოს ხელისუფლების წარმომადგენლები აეროპორტებში იქნებიან გაქცეული და ძალაუფლებას ოპოზიციას გადასცემენ. თუმცა, ვფიქრობ, ხალხმრავალი აქცია იქნება 4-შიც".
აქციის ორგანიზატორები იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. გარდა ამისა, ეს აქცია გარკვეული თვალსაზრისით ბოიკოტის მომხრეთა შორის არსებული შიდა უთანხმოების შედეგი იყო. ოპოზიციური „რვიანის" ზოგიერთი პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-ის მიერ „მშვიდობიანი რევოლუციის" წინასწარ დაანონსება და კონკრეტული თარიღის - 4 ოქტომბრის დათქმა. შესაბამისად, მათ 13 სექტენბერს „თავისი" აქცია დააანონსეს.
შაბათს აქციამ მშვიდად და ექსცესების გარეშე ჩაიარა. სხვადასხვა შეფასებით, მასში რამდენიმე ასეულიდან 3 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მთავარი ლოზუნგი კი იყო „დაიცავი უვიზო".
აქციის ორგანიზატორები ამას „გადამწყვეტ ეტაპს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე.
პეტრე მამრაძის აზრით, ოპოზიციას არ აქვს იმხელა ძალა, რომ უამრავი ხალხი შეკრიბონ და ცვლილება მოახდინონ.
„ნამდვილად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 4 ოქტომბრის აქცია, ამის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს. თუნდაც ის, რომ როცა როგორც იქნა სააკაშვილი დააპატიმრეს და ტელევიზიით აჩვენეს, თუროგორ შეჰყავდათ ციხეში, არავინ გამოსულა ქუჩაში. თვითონ „ნაცები" შიგნითაც ამბობდნენ, რომ „კატასტროფაა, ხალხი არ გაინძრა". ახლაც ასეა - ამდენი მობილიზების, ფულის ხარჯვის, დასავლეთის აქტიურობისა და ტელევიზების უწყვეტი მუშაობის მიუხედავად, სტატისტიკურ ნულს ვღებულობთ.
შაბათს რაც იყო, არაფერია იქიდან, რასაც იძახდნენ - რომ მთელი თბილისი უნდა გახვეულიყო ცეცხლის ალში. სად იყო მთელი თბილისი ცეცხლის ალში გახვეული?! ეს მაგონებს ხაბეიშვილის განცხადებებს, რომ შევარდებოდა სააკაშვილთან და თვითონ გამოიყვანდა იქიდან. რამე ქნა? ვერაფერი. ახლაც, მისი დაპატიმრების შემდეგ, სპონტანურად ხალხი ქუჩაში გამოვიდა? - მხოლოდ ერთი და იგივე ადამიანები, ზოგიერთი მათგანი ჭკუიდან არის გადასული. ასე რომ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ იქნება მასშტაბური.
თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა - კი, შეუძლიათ რამდენიმე ასეული კაცი გამოიყვანონ რამდენიმე საათით, მაგრამ ამის მერე არაფერი ხდება. ეს იმიტომ, რომ აქციები ხელოვნურია და არა სპონტანური, როცა თავიანთი ემოციური მდგონარეობით გადიან გარეთ. სხვათა შორის, ეს ნამდვილად იყო „ვარდების რევოლუციის" დროს. მე გუშინ ვაკვირდებოდი ამ აქციას და კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ძალა არ აქვთ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ 13 სექტემბრის აქცია ხალხრავალი იყო და 4 ოქტომბერს უფრო გაზრდას ელოდება.
„4 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ჩემზე შთაბეჭდილება იყო, რომ საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართა შაბათს, რაც მოსალოდნელი იყო. იქამდე კიდევ არის გამოსვლა დაგეგმილი და ვნახოთ, როგორი იქნება.
აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მაინც ერთჯერადი აქცია იყო. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ 4 ოქრომბერს კატასტროფულად ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში - რომ დილით დაიწყება და საღამოს ხელისუფლების წარმომადგენლები აეროპორტებში იქნებიან გაქცეული და ძალაუფლებას ოპოზიციას გადასცემენ. თუმცა, ვფიქრობ, ხალხმრავალი აქცია იქნება 4-შიც და როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ.
ოპოზიცია გვპირდებოდა, რომ დაახლოებით ამ დღეებში რაღაც გეგმა იქნებოდა. პაატა ბურჭულაძემ ასე თქვა, რომ ხაბეიშვილო გაგვაცნობს გეგმასო. მოგეხსენებათ, ხაბეიშვილი დაკავებულია, მაგრამ ალბათ გეგმა არსებობს და სხვები გაგვარკვევენ, რას და როგორ აპირებენ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".