რა ფაქტორებმა შეიძლება დააკარგვინოს ხმები მმართველ პარტიას
ნატალია ჯვარიძე
14.09.2025

არჩევნების წინ მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ თავად ხელიაუფლების მხარდამჭერებში გარკვეული დაბნეულობა, უკმაყოფილება და შიდა დისკუსია გამოიწვია. ეს ეხება პირველ რიგში თბილისის საკრებულოს არჩევნებზე „ოცნების" პროპორციულ სიაში 21 წლის ლუკა ძაძამიას ჩასმას, რომელიც გასული წლის ანტისახელისუფლო აქციების აქტიური მონაწილე იყო და ასევე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს „ოცნების" ხმებზე გავლენას მოახდენს.

„ალბათ მმართველმა პარტიამ ძაძამიას ფაქტორის გამო ხმები უნდა დაკარგოს. მითუმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას.

გარდა ამისა, კითხვები გააჩინა და დაბნეულობა გამოიწვია არჩევნების წინ საუბრებმა იმის შესახებ, რომ შესაძლოა „ოცნების" კიდევ რამდენიმე ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი დააკავონ კორუფციის ბრალდებით. ამასთან დაკავშირებით უკვე მედიაშიც გაჩნდა კონკრეტულუ ცნობები. „ფორ.ჯი" თავის წყაროზე დაყრდონით წერს, რომ ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმაურიანი დაკავებები, სავარაუდოდ, გაგრძელდება.

ძაძამიას ფაქტორი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ლუკა ძაძამიას ფაქტორმა ნამდვილად გამოიწვია უკმაყოფილება „ოცნების" მხადამჭერებში, რისი შედეგიც არჩევნებზე გამოჩნდება.

„მე პირადად, რაც ძაძამიას ფაქტორზე სოციალურ ქსელებში ვნახე, ნამდვილად იყო უკმაყოფილება „ოცნების" მხადამჭერებში. რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ვის გამო, ნამდვილად ვერ გეტყვით. რამდენად ბევრი უკმაყოფილი აღმოჩნდება, ალბათ ვნახავთ არჩევნებზე. თუმცა მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობის დაკარგვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ძაძამიას ფაქტორმა „ოცნებას" ხმები დააკარგვინოს.

„ალბათ მმართველმა პარტიამ ხმები უნდა დაკარგოს. მითუმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. სააკაშვილის მხარდამჭერი „ოცნებიდან" თავის დროზე ივანიშვილიც იყო, სანამ პარტია შეიქმნებოდა. თუ მაგ პრინციპს მივყვებით, თუ ვინ იყო სააკაშვილის მომხრე, მაშინ ივანიშვილსაც უნდა ეხებოდეს. რატომ მას არ ეხება? მასზე არაფერს ამბობენ, რადგან ძლიერი ფიგურაა და აწყობთ ამ შემთხევევაში, რომ ივანიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია, რადგან მისთვის მიუღებელი ნაბიჯები დაინახა და შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. იქნებ ამ ძაძამიამაც რამე დაინახა? როგორ ყველაფრის მსაჯულები ვართ ქართველები...

არ ვიცი რამდენად სწორია ეგ დამოკიდებულება. მითუმეტეს, რომ პოლიტიკის ისტორიამ არაერთი მსგავსი შემთხვევა იცის. აგერ, ჩერჩილმა სამი პარტია გამოიცვალა. არასერიოზულია მათი დამოკიდებულება", - თქვა საყვარელიძემ.

კორუფციული სკანდალები

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ „ოცნების" მხადამჭერებში ბურჭულაძის საქმე, ანუ კორუფციასთან ბრძოლა უფრო დადებითად აღიქმება, ვიდრე უარყოფითად.

„რაც შეეხება ბურჭულაძის დაპატიმრებას და კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას, არ მგონია „ქართული ოცნების" მომხრეებში ისეთი დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს, რომ მათ უარი ათქმევინოს „ოცნების" მხადაჭერაზე. თუმცა, შეიძლება რაღაც კითხვები გაჩნდეს - რატომ ახლა და აქამდე სად იყვნენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფაქტები ამომრჩეველთა უმეტესობაში უფრო დადებითად აღიქმება, ვიდრე უარყოფითად", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძე ასევე მიიჩნევს, რომ „ოცნების" მხარდამჭერებში ბურჭულაძის დაკავება უაყოფითად არ მოქმედებს.

„ვფიქრობ, ეს საკითხი პირიქით, „ოცნების" ამომრჩევლებზე დადებითად იმოქმედებს, რადგან ფაქტია, ბურჭულაძის ცოდვების ამოტივტივებას არაფერი აიძულებდა და მაინც ჩაჯდა იმაში, რომ ხელისუფლება თავიანთი გუნდის წევრების მიმართაც დაუნდობელია, თუკი კორუფცია გამოვლინდა. ჩვენ ვიცით, რომ ანალოგიური კორუფციის ბრალდების აჩრდილი ტრიალებდა სხვა ფიგურებთან დაკავშირებითაც, რომლებმაც ძალაუფლება დაკარგეს. ასე რომ, ჯერჯერობით არის ეს სტილი, თუმცა საკმარისი სიმკაცრით არ არის გატარებული, რომ „ოცნება" კორუფციას ებრძვის", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×