თამთა ჩაჩანიძე
15.09.2025

4 ოქტომბრის აქციისთვის მზადების პარალელურად, დაკავებების სერია გრძელდება, ამჯერად "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცავებმა საკუთარ სახლთან აიყვანეს. საქმე სავარაუდოდ ეხება "ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის ბანერის დაზიანებას, რაზეც შსს-მ საქმე უკვე აღძრა.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ,რომ დაპატიმრებები კვლავ ვიხილოთ, ძირითადად იმ ოპოზიციური ფლანგიდან, რომლებიც დღეს ბოიკოტის რეჟიმშია, აქტიურობენ, აკეთებენ განცხადებებს და ემზადებიან 4 ოქტომბრის აქციისთვის.

აქვე აღსანიშნავია, რომ ხოშტარიას საქმეზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.

ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, კალაძის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება". შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ხოშტარიამ თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ამასთან, ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია აცხადებს, რომ დაკევებები ვერ მოახდენს გავლენას "რეჟიმის მშვიდობიანად დამხობაზე". თავის მხრივ "ოცნებაში" ამბობენ, რომ დამხობა მშვიდობიანი არ არსებობს.

მანამდე, 11 სექტემბერს სუს-მა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომრე ლევან ხაბეიშვილი დააკავა, რომელიც 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

"მგონია დაკავებებს აპირებენ"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ დაკავებების სერია გაგრძელდეს.

"მგონია, რომ დაკავებებს აპირებენ დაშინების მიზნით, რომ თითქოს ლიდერის გარეშე ოპოზიციურ მოძრაობას არ ექნება ის ეფექტი. ამასთან, თითქოს, ის ხალხიც დააშინონ, ვინც 4 ოქტომბერს აქციაზე გასვლას აპირებს.

უფრო რამდენიმე ლიდერის დაკავებაა მოსალოდნელი, საბაბი იქნება რა, რომ რადგან 4 ოქტომბერს დამხობაა ნახსენები, საუბარია ხელისუფლების დამხობაზე, როგორც ასეთი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე",- განაცხადა ჩიტაძემ.

ჩიტაძის თქმით, არაფერია გამორიცხული, რომ ვიხილოთ მაგალითად პაატა ბურჭულაძის, და სხვა ლიდერების დაკავებები, ვინც დღეს აქტიურობს 4 ოქტომბრის აქციაზე და ბოიკოტის რეჟიმში არიან, ძირითადად აქტივისტებიდან, ენმ-დან და "ახლებიდან".

"არაფერია გამორიცხული ყველას მოუდონ საბაბი, რომ თითქოს ხელისუფლების დამხობას აპირებენ, ვინც დღეს განცხადებებს აკეთებს. არჩევნებში ვინც მონაწილეობს, მაგათი დაკავება არ იქნება, რადგან ხელისუფლება მათ მოკავშირეებად განიხილავს",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, დააკავებენ ყველას, განურჩევლად მისი სტატუსისა.

"რადიკალურ ოპოზიციაში ვერაფრით შეიმეცნეს, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა სამართალდამცავების მხრიდან იქნება აღკვეთილი. თავხედურად მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ აშანტაჟონ და გამოიწვიონ საქართველოს სახელმწიფო, მაგრამ ასე ვერასოდეს ვერ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა უკანონობას ვინ ჩაიდენს, პოლიტიკოსი, აქტივისტი, თუ ბიზნესმენი.

"ის ღია მოწოდებები, რაც აშკარად კანონდარღვევაა, ექსტრემიზმია, ძალადობის წახალისებაა და ა.შ. რამდენი ასეთი შემთხვევაც იქნება, იმდენი დაპატიმრება და თავისუფლების აღკვეთა მოჰყვება. რადიკალები ძალიან ცდებიან, რომ მათ თითქოს დასაველთიდან დაეხმარებიან რაღაც შეშფოთება-აღშფოთების განცხადებებით, თუ სანქციების მუქარით.

"სარკასტულად ვიტყვი, რომ ბურჭულაძე ნამდვილად დაამთავრებს 4, თუ 5 ოქტომბერს გარეთ ყოფნას, თუკი ისიც დაარღვევს კანონს და საქართველოს სახელმწიფოს ნუ აშანტაჟებენ. ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ დემოკრატიულ ხელისუფლებას არავისი არ ეშინია და ტყუილად აქვთ ფუჭი იმედები, რომ დასავლეთი ხელს შეუწყობს და რადიკალიზმი გაღვივდება, ასე არ იქნება და შეეგუონ",-განაცხადა აბაშიძემ

როგორ აისახება დაკავებები 4 ოქტომბრის აქციაზე

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე ნეგატიურად მხოლოდ მასიური დაკავებები აისახება, თუმცა "ყველას ვერ დააკავებენ".

"ერთის მხრივ ყველას ვერ დააკავებენ და მაინც იქნება მოწოდებები, თუნდაც ციხიდან, ლევან ხაბეიშვილი მოწოდებებს ახლაც აგრძელებს, თუმცა, შეიძლება მზადებაში უშუალოდ ლიდერის არჩართვამ, პროცესზე რაღაც ნეგატიური გავლენა იქონიოს, ხალხი მაინც ლიდერების მოწოდებებს ელოდება-ხოლმე, რა უნდა გაკეთდეს. მაგრამ ეს ნეგატიური გავლენა უფრო მასიური დაკავებების შემთხვევაში ექნება, ვიდრე რამდენიმე ლიდერის",- განაცხადა ჩიტაძემ.

დამატებით კითხვაზე, რადენად მოსალოდნელია მასიური დაკავებები, ჩიტაძემ გვითხრა:

"არ ვიცი, აქ ყველაფერია მოსალოდნელი, ეს არის მოვლენათა განვითარების უარესი სცენარი, მაგრამ მოსალოდნელია",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვეუბნება, რომ უკვე ჩანს, რომ 4 ოქტომბერს არანაირი შემართება არ ექნებათ აქტივისტებს.

"4 ოქტომბერს არანაირი შემართება არ იქნება, ეს უკვე ჩანს კიდეც. დაკავებები რომ გაგრძელდეს, ეს თეორიულად რა თქმა უნდა, პროტესტის გამომხატველთა რაოდენობაზე აისახება, მაგრამ დაკავებებამდეც უკვე აშკარაა, რომ ხალხში ეს საპროტესტო მუხტი ნამდვილად არაა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იქცევიან ოპოზიციის რადიკალურ ფლანგზე",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

ბოიკოტში მყოფებისა და "ოცნების" პოზიცია

ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მზადება აქვთ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის აღსანიშნავად, რასაც ხელს ვერავინ შეუშლის.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სპეცრაზმის მომზადებას დედაქალაქში, ღია სივრცეში, რომელიც ნიშნავს იმას, რომ კობახიძეს ეშინია, რატომ? იმიტომ რომ „ქართული ოცნებიდან" გაყარა ქოცები და გაავსო მედროვეებით. ახლა ამ მედროვეებს ეუბნებიან, რომ ნუ გეშინიათ ბიჭებო, სპეცრაზმს ვავარჯიშებთ, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ, რომ არ უშველით სპეცრაზმი, არ უშველით არავინ, რადგან ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს შეიკრიბება და გაიმარჯვებს რეჟიმზე. ჩვენ ვემზადებით რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის აღსანიშნავად 4 ოქტომბერს და ამას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის.

"თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ხელი აღმართოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ის მიიღებს ქართველი ხალხის რისხვას და მას ვერ დაიცვას სპეცრაზმი, რადგან გამოცდილება არსებობს, თუ როგორ მოექცა გომელაურს, გაუშვა ერთ ადგილას, რატომ? იმიტომ რომ აღარ სჭირდება და ამიტომ ეს არის გაკვეთილი თითოეული სპეცრაზმელისთვის და მათ შორის ძალაშია ჯილდო, რომელსაც მიიღებს ყველა კეთილსინდისიერი პოლიციელი და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, რომელიც აირჩევს კანონის მორჩილებას, კეთილსინდისიერებას და ხელს არ აღმართავს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომელსაც სურს საქართველო იხილოს დასავლეთში",- აცხადებს ფარულავა.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთადერთი სურვილია, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, რაც არ გამოუვათ.

„ეს არის მოძალადე დაჯგუფება, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი წმინდა არ გააჩნიათ - არც სიყვარული, არც პატივისცემა. მათ შესაქმნელად გარედან ჩართული ძალები მუშაობდნენ, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხები, რომლებიც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა.

რა თქმა უნდა, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა მსგავსი ტიპის ადამიანების შექმნას, პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რევოლუციების მოწყობას და ა.შ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, მიუხედავად მათი მცდელობებისა.

ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად წარმოადგენენ აგენტურას, იმართებიან გარედან და მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. არ გამოვა ეს", - განაცხადა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×