ნატალია ჯვარიძე
15.09.2025

უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა და ნატო-ს ქვეყნებისთვის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობა ალიანსსა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სერიოზულად რომ ვთქვათ, კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება „უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის" შექმნისა და ნატო-ს ქვეყნებისთვის ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ომს ნატო-სა და რუსეთს შორის", - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ის ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის უკრაინაში ვიზიტსაც ეხმაურება. „კიევში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. იმუქრება. რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო თავხედები და სულელები არიან ხელმძღვანელები", - აცხადებს მედვედევი.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთმა ნატოს ჰიბრიდული ომი უკვე გამოუცხადა.

„სამხედრო სტრატეგიაში არის კონცეფცია A2/AD, რომელიც არის უსაფრთხო საბრძოლო საჰერო სივრცის კონცეფცია. ის ითვალისწინებს იმას, რომ იქმნება საკმაოდ ძლიერი ჰაერ და რაკეტ საწინააღმდეგი სისტემების ერთობა, სადაც ნებისმიერი მტრის შემოჭრა ეგრევე აღკვეთილი უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ნატო აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე ამ კონცეფციის გადმოტანას, რათა პრევენცია მოახდინოს და ასევე იმიტომ, რომ პოლონეთსა და რუმინეთზე რუსული შეტევები თავიდან აიცილოს, რადგან რუსეთმა გამოიყენა ისეთი ტიპის დრონები, რომელსაც შეუძლია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი დრონების მწყობრიდან გამოყვანა. ეს სპეციალუდად გააკეთა და საერთოდ არ იყო შემთხვევითი, როგორც მათ თქვეს.

აქედან გამომდინარე, ნატოელები ამას აპირებენ, რომელსაც ორმაგი დანიშნულება ექნება.ჯერ ერთი, ნატოს საბრძოლო სივრცეში რუსეთის შეჭრას პრევენციას გაუკეთებენ უკრაინის თავზე და მეორეც, გააძლიერებენ უკრაინის ჰაერ და რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემას.

სწორედ ამიტომ განაცხადა მედვედევმა, რომ ეს იქნება რუსეთსა და ნატოს შორის ომის გამოცხადების ტოლფასი. რუსეთმა ფაქტობრივად, ნატოს ომი გამოუცხადა. ჯერ ერთი, არამარტო დრონებით შეტევა იყო, არამედ, ვილნიუსში რკინიგზის სადგურზე აფეთქდა ცისტერნების მთელი ეშელონი და დღემდე ცეცხლს აქრობენ. ესეც ჰიბრიდული შეტევის ნაწილია.

აქ საინტერესო მომენტი ის არის, რომ პოლონეთსა და რუმინეთზე დრონების შეტევის დროს მოხდა ეს. რუსეთმა ჯერ ჰიბრიდული ომი გახსნა და შემდეგ მუქარები დაიწყო. რასაკვირველია, ნატოს ამაზე რეაქცია ექნება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×