
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა „ჰამასს" აქეზებს და ომის დასრულებას ართულებს. რუბიომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს მოსაზრება თავის მოკავშირეებს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და კანადას, გაუზიარა.
რუბიოს განმარტებით, თუ „ჰამასი" დაინახავს, რომ გლობალურ მხარდაჭერას იღებს, მან, შესაძლოა, უარი თქვას შეთანხმებებზე და საფრთხე შეექმნას ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
მისი თქმით, ღაზას მოსახლეობა მშვიდობიანად ვერ იცხოვრებს, სანამ „ჰამასი" არ განადგურდება. ამასთან, რუბიოს თქმით, შეერთებულ შტატებს იმედი არ აქვს, რომ „ჰამასი" იარაღს ნებაყოფლობით დაყრის და მის გასანადგურებლად, შესაძლოა, ხანმოკლე სამხედრო ოპერაცია გახდეს საჭირო.
თსუ-ს პროფესორი და საგარეო ექსპერტი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ აშშ-ს ისრაელთან ურჩევნია სტრატეგიული ურთიერთობა, ვიდრე პალესტინასთან.
„როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს უჭერს მხარს. ტრამპის ადმინისტრაციას ასეთი პოლიტიკა აქვს. შიდა პოლიტიკიდან და მისი პოლიტიკური კავშირებიდან გამომდინარე, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სტრატეგიული ურთიერთობა ისრაელთან, ვიდრე პალესტინასთან",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".