თამთა ჩაჩანიძე
16.09.2025

4 ოქტომბრის დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის" გეგმის რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილია. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, რომლებიც ჯერჯერობით არ საჯაროვდება, საჯაროდ დასახელდება ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და საღამოს 8 საათისთვის „ხელისუფლების გადაბარება უკვე დასრულებული იქნება".

ამასთან, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესები უმართავი გახდეს. ამ კონტექსტში იგი ნეპალში ახლახანს დატირალებულ მოვლენებთან ავლებს პარარელს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აქციის რამდენიმე ორგანიზატორი „გარეთ დატოვონ", რათა აქცია იყოს მართვადი.

ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილიც გეგმას არასერიოზულად აღიქვამს. „ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველა კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. არჩევნებში მონაწილე პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე კი ამბობს, რომ „ოცნების" დამხობაზე კონკრეტული საათების დასახელება „პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა, ნეპალთან შედარება კი საერთოდ წარმოუდგენელია".

ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ნეპალში სხვა პოლიტიკური ვითარებაა და საქართველოში - სხვა. ამასთან, მათი თქმით, პერმანენტულმა აქციებმა უკვე აჩვენა, რომ ხალხი რევოლუციისთვის მზად არაა.

გეგმის დეტალები

პაატა ბურჭულაძის თქმით, აქციის ორგანიზატორებს შსს-დან „შინაურები" ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა, ისინი „ხელს არ აწევენ"; ამასთან აფრთხილებენ, რომ „პროვოკაციები მოსალოდნელია".

ბურჭულაძე აანონსებს, რომ რამდენიმე დღეში ძალოვნები მიმართავენ კოლეგებს, რომ „ხელი არ წაუცდეთ და არ მიაყენონ შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებს".

„4 ოქტომბერს, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას, ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. 5 ოქტომბერს დილით ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი იქნება გარეთ! ეს არის გარდაუვალი, ყველა გამოვა გარეთ. მგონი შესწევთ იმის უნარი, რომ ყველა არ დაგვაკავონ, რადგან ეს ეროვნული კრება უნდა იყოს მართვადი.

„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მშვიდობიანად ჩავატარებთ ეროვნულ კრებას, მშვიდობიანად გადმოვიბარებთ ხელისუფლებას. თუ ვინმე აჰყვება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურს, სროლა და რაღაც... ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენც. ამას ვერ შეაჩერებენ. ორი ვარიანტი აქვთ: მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ. რაც შეეხება შეწინააღმდეგებას, ძალიან ინანებენ", - განაცხადა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსთან".

ბურჭულაძემ შემდეგი დეტალები გაასაჯაროვა:

- ჩატარდება მართვადი ეროვნული კრება.

- 4 ოქტომბრის ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება (თუმცა რომელ ლოკაციებზეა საუბარი, ჯერ არ საჯაროვდება).

- ორგანიზატორები აქციაზე 200-დან 300 ათას ადამიანამდე ელოდებიან.

- 4 ოქტომბერს საზოგადოებას გამოუცხადებენ ტექნიკური მთავრობის შექმნასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.

- 4 ოქტომბრის ღამის რვა საათზე ხელისუფლების გადმობარება უკვე დასრულებული უნდა იყოს.

პარალელი ნეპალის მოვლენებთან და 200-300 ათასი კაცის მოლოდინი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს მაქსიმუმ 50-ათასიანი აქციის მოლოდინი აქვს, ნეპალთან პარალელები კი, მისი აზრით, არასწორია.

„აქცია მასშტაბური იქნება, ოღონდ 200-300 ათას ადამიანს ნამდვილად არ ველოდები. 50 ათასი თუ მოგროვდა, ესეც კარგია, თბილისისთვის ეს საკმაოდ მასშტაბური აქციაა. დანარჩენი ახლა, 8 საათზე რომ არ გადააბარებენ ხელისუფლებას, ესეც ნაღდია. ერთ დღეში რევოლუცია რა თქმა უნდა ვერ მოხდება და ის, რა პირობებსაც იძლევიან, ჩემი აზრით, სახიფათო თამაშია.

„ვიღაცეებს ისევ 2003 წელი ელანდებათ, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც პოლიტიკური სიტუაცია ახლა რადიკალურად განსხვავებულია. დღევანდელ რეალობაში ვარდების რევოლუციის პირდაპირ კოპირება პოლიტიკური უგუნურებაა.

„ნეპალში სხვა ვითარება და მდგომარეობაა და საქართველოში - სხვა. ნეპალის მეზობელი რუსეთი არის, რომელსაც საქართველოში საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნია? ასე მარტივად ხომ არაა საქმე, რუსის ჯარი თბილისიდან 40 კმ-შია და თუ „ოცნების" პოლიტიკასაც გავითვალისწინებთ, ჯარი შეიძლება 40 კმ-შია, მაგრამ რუსეთი შეიძლება უკვე თბილისში იყოს.

„ნეპალის რევოლუციასთან პარალელუს გავლება არასწორია. ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არაა. ჩვენი საზოგადოება არც 2003 წლის რევოლუციისთვისაა მზად. აქ არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემოს მიზედვით უნდა ვიმოქმედოთ.

„თუ ოპოზიციას მართლაც შეუძლია, რომ 200-დან 300 ათას ადამიანამდე გამოიყვანონ ქუჩაში, თუნდაც ერთი თვე, ეს შედეგს მოგვცემს და ხელისუფლება იძულებული იქნება წავიდეს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არაა. როცა არჩევნებში მონაწილოებაზე ვსაუბრობდი, ვუყურებდი იმას, რომ საზოგადოება მომზადებული იყო ასეთი ლეგიტიმური პროტესტისთვის. ახლა ესენი ბოიკოტს უცხადებენ და საზოგადოების მზაობა როგორი იქნება, ამას აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" საუბრისას კითხვას სვამს - თუ 300 ათასამდე ადამიანს ელოდებიან, მაშინ რატომ ბეჭდავენ აქციის ორგანიზატორები 2 მილიონ მოსაწვევს?

„თუ 200-300 ათას კაცს ელოდებიან, მაშინ 2 მილიონ მოსაწვევს რატომ ბეჭდავენ? ამ ციფრებს შორის უდიდესი სხვაობაა და მილიონახევარზე მეტია. მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ მთელი მსოფლიო უჭერთ მხარს - „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო". ამასთანავე, არასწორია პარალელის გავლება ნეპალის რევოლუციასთან. იციან საერთოდ იქ რა მოხდა?" - განაცხადა გვენეტაძემ.

ტექნიკური მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობის გამოცხადება არასერიოზულია.

„ყველაფრის გამოცხადება შეიძლება, მაგრამ მერე ამას რა მოჰყვება? გამოაცხადონ ტექნიკური მთავრობა, მაგრამ არსებული ხელისუფლება, კობახიძე და მთავრობა ქუდს დაიხურავს და გაიქცევა სადმე, თუ რა?

„არ ვთვლი, რომ ხელისუფლებას ისე უჭირს, რომ აუცილებლად უკან დაიხევს. მგონია, რომ საკმაოდ მყარად გრძნობს თავს და იმის რესურსი აქვს, რომ ასე ერთ დღეში არ გადადგეს. ბოიკოტის მომხრეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელისუფლებას ფაქტიურად ძალაუფლება გამოაცალონ. ამას როგორ გააკეთებენ, მთავარი ესაა", - განაცხადა ძაბირაძემ.

ედიშერ გვენეტაძე კი გვეუბნება, რომ არარელევანტურია ტექნიკური მთავრობის გამოცხადება.

„კი, ბატონო, შეუძლიათ ტექნიკური მთავრობა დაასახელონ, მერე ბურჭულაძე გამოვიდეს, თავისი რუსული ბანით და წინ წაუძღვეს. ტექნიკური მთავრობის დასახელება არალერევანტურია და სუსულელეა", - განაცხადა გვენეტაძემ.

„შინაურები" შსს-დან

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ბურჭლაძის მიერ ნახსენები „შინაურები" შსს-დან ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.

„როცა ბურჭულაძე ამბობს - გვირეკავენ და გვეუბნებიანო, რამდენად უშვებს, რომ ეს ხელისუფლების მიერ ნებადართული და პროვოკაციისთვის გამიზნული დარეკვები იყოს და არა რეალური? დღეს ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობა ადვილად შეუძლია. ვიღაც რომ ურეკავს და ძმობას ეფიცება, ეს არ ნიშნავს, რომ ამას აღასრულებს. ბურჭულაძე გამორიცხავს იმას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს ისევე, როგორც ეს ყაზახეთმა გააკეთა?

„ასე მარტივად არაა საქმე, თან იმ ფონზე, როცა ყველა ჩვენს დასავლელ მეგობართან ურთიერთობები გაფუჭებული გვაქვს, როცა უკრაინის პრობლემა გაცილებით მწვავედ დგას როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე რუსეთისთვის. თუნდაც იმის გათვალისწინებითაც, რომ უკრაინული წარუმატებლობის ფონზე, რუსეთმა შეიძლება გადაწყვიტოს და საქართველოში მიაღწიოს წარმატებას... ამდენი რამაა გასათვალისწინებელი, თორემ განცხადების გაკეთებას რა უნდა?" - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ედიშერ გვენეტაძე კი გვეუბნება, რომ გამორიცხულია, რომ ძალოვანი მაღალჩინოსნები „ოცნებას" განუდგნენ.

„ამ 13 წლის განმავლობაში საქართველო შედგა, როგორც სახელმწიფო. გამორიცხულია, რომ „ქართულ ოცნებას" ძალოვანი მაღალჩინოსნები გადაუდგნენ. ამას გეგმას ვერ ვუწოდებ, ეს არის გაცხადებული სიბრიყვეები", - განაცხადა გვენეტაძემ.

ანალიტიკოსმა ბურჭულაძის განცხადების იმ ნაწილზეც გაამახილა ყურადღება, სადაც მომღერალი ამბობს, რომ თუ „სროლად რა რაღაც" იქნება, „მკაცრად უპასუხებენ".

„პირდაპირ გათქვა, რომ შეიარაღებულებიც იქნებიან. მან შიდა გამცემის როლი ითამაშა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სპეციალურმა სამსახურებმა მშვენივრად იციან, თუ რა იარაღს ფლობენ, რას აკეთებენ, როგორ გადაადგილდებიან. დიდი ეჭვი მაქვს, ბურჭულაძე თამაშობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რომ რაღაც ანტისახელმწიფოებრივი მზადდება, რადგან მას უნდა, რომ თავი დაიხსნას იმ წრისგან, რომელშიც ჩათრეულია.

„სად გინახავთ ვინმე გადატრიალებას და რევოლუციას აპირებდეს და ის ამის შესახებ წინასწარ ლაპარაკობდეს? პაატა ბურჭულაძეს გაუხარდეს და რევოლუცია დააანონსოს - ეს ასე არაა. ამას მთელი რიგი პროცესები და საზოგადოების განწყობა სჭირდება, თუ განწყობა არაა, რევოლუცია ვერ მოხდება", - განაცხადა გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×