
დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პერიოდულად ხდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ამჯერად სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. 15 სექტემბრის აქციაზე 16 წლის მოზარდი იარაღით გამოჩნდა და პროტესტის მონაწილეებს ემუქრებოდა, თუმცა ის, თავად აქციის მონაწილეთა ძალისხმევით, მალევე დააკავეს.
ორშაბათს ღამით აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან რუსთაველის გამზირისკენ მართავდნენ მსვლელობას, რა დროსაც, როგორც თვითონ ამბობენ, აქციას 6-8 პირი დაედევნა. ისინი მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბესიკის ქუჩაზე გადაინაცვლეს და მათ აქციის მონაწილეები დაედევნენ. სანამ პოლიცია ვითარებას განმუხტავდა, აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. იგი აქციის მონაწილეებმა შებოჭეს და პოლიციას გადასცეს.
მოგვიანებით მომხდარზე განცხადება შსს-მაც გააკეთა. მათი ცნობით, 30-მდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას.
შსს-ს ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც, პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.
უწყების ცნობით, დაკავებული მხოლოდ 16 წლისაა. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ინციდენტში ხელისუფლება დაადანაშაულა.
„რეჟიმი ანვითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.
ომის შიშის დანერგვის შემდეგ, „ოცნება" ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.
ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.
ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.
ეს ხომ რეჟიმის უუნაროობის ნიშანია, რომელიც თავისთავში, ვეღარ პოულობს ქვეყნის მმართვის რესურს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.
აგონია !!!
აგონია აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.
უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლოდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე".
რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს შემთხვევა უფრო ერთჯერადი ინციდენტი იყო და არა სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, საქართველოში იარაღი ბევრია, ბევრს უთქვამს და საერთოდ, ქართველებს იარაღი უყვართ, მაგრამ მე მაინც მეეჭვება, რომ დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. გავიხსენოთ, ანალოგიური კონფლიქტი ისტორიაში გვქონდა გამსახურდიასა და მასთან დაპირისპირებულ კიტოვანს შორის. კიტოვანის გვარდიაც შეიარაღებული საჯარისო ფორმირება იყო. ასევე განსახურდიასაც თავისი შეიარაღებული ფორმირება ჰქონდა და ამან წარმოშვა ის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც მაშინ გავიარეთ. ახლა ნებისმიერი დაპირისპირება ვერაფრით მიიღებს ასეთ ფორმას, რადგან ძირითადად შეიარაღებული არის ხელისუფლების მხარე. ოპოზიციის მხარეს კი შეიძლება იარაღი ჰქონდეს ერთს, ორს, ათს და თუნდაც ასს, მაგრამ მათი იარაღის გამოჩენა მხოლოდ იმის პროვოცირებას მოახდენს, რომ ვისაც იარაღი ექნება, იმას დაუპირისპირდებიან ძალოვანი სტრუქტურები", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".