“როგორც წესი, ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის გზაა”
თამთა ჩაჩანიძე
17.09.2025

ოპოზიციის ორივე ფრთას თავის მხრივ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - არჩევნებში მონაწილეები ფიქრობენ, რომ "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", ბოიკოტის მომხრეები კი, საპასუხოდ აცხადებენ, რომ "რუსული სპეცოპერაცია არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს რაღაც ბრძოლაში ყოფნად".

ანალიტიკოსთა ნაწილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეგისტრირებული პარტიისთვის პოლიტიკურად ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის არჩევნებში შესვლა, თუმცა, მუნიციპალურ არჩევნებზე "გახარია საქართველოსა" და "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმატებას სკეპტიკურად უყურებენ.

ნაწილი ექსპერტებისა კი ფიქრობს, რომ ბოიკოტის მომხრეებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს, რადგან არჩევნებში ჩართვა, ნებით თუ უნებლიედ "ოცნების" თამაშში შესვლას ნიშნავს. აქაც სკეპტიკურია განწყობა გახარია-ხაზარაძის პარტიების წარმატებაზე 4 ოქტომბერს.

ვინ უფრო სწორი ნაბიჯი გადადგა

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ რეგისტრირებული პარტია კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.

"როცა პარტია რეგისტრირებულია, მითუმეტეს, ამ პარტიამ, თუ გაერთიანებამ წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახა, მაშინ ერთადერთი სწორი ნაბიჯი არჩევნებში მონაწილეობაა. სხვათა შორის, ეს პოსტულატივითაა, რადგან შენ თუ შენი ამომრჩეველი გყავს, თუნდაც მცირე ნაწილი იყოს, რომელიც გენდობა, სანამ რეგისტრირებული ხარ და მოქმედი, რას ნიშნავს, რომ მონაწილეობას არ იღებ? მაშინ უნდა გამოაცხადო, რომ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარს ამბობ და უნდა დაიშალო კიდეც.

"ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, როგორც წესი, ეს პოლიტიკური სიკვდილია, შესაბამისად, ვინც ბოიკოტის რეჟიმშია აქ ყველაფერი აშკარაა, ამ ადამიანებს უბრალოდ იმედიც კი არ აქვთ, რომ რაღაცა სულ მცირე პროცენტებსაც დააგროვებენ, არამედ იციან, რომ ნულთან იმდენად ახლოს იქნებიან, რომ ყვირილი, რომ გაგვიყალბეს, თვითგამასხარავება იქნებოდა - რა უნდა გაგიყალბონ, როცა თითქმის არაფერი არ გაქვს მიღებული.

"ეს ზუსტად იგივე "პოლიტიკაა", როცა მიზანმიმართულად სჩადიან ისეთ დანაშაულს, რომ ციხეში აღმოჩნდნენ, ახლა რაც ხოშტარიამ გააკეთა. რატომ? იმიტომ, რომ ახლა ევროპარლამენტარები თუ სხვები აცხადებენ, რომ აი, რეჟიმთან მებრძოლი პოლიტიკოსი და აგერ უკვე სტატია იბეჭდება მასზე და გარეთ რომ იყოს რა? არაფრის თქმა არ შეუძლია, ოდნავ ღირებულისაც კი.

"თუმცაღა, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, რას მიიღებენ? ჩანს და გამოკვლევაც ამას ადასტურებს, რომ ძალიან მცირე რაოდენობა მისცემს ხმას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით. მეტსაც გეტყვით, ბევრგან ვერც კი წარმოადგინეს თავიანთი კანდიდატები, ამით ჩანს, რომ რესურსი არ აქვთ. ასეც ცუდია, ისეც ცუდია, მაგრამ მაინც პოლიტიკის პოსტულატია, რომ თუ პარტია არსებობს, არჩევნებში მონაწილეობას უნდა იღებდეს", - განაცხადა მამრაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, სწორი გადაწყვეტილება ბოიკოტია.

"სწორი გადაწყვეტილება იმ ფლანგმა მიიღო, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, რადგან როცა არჩევნების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება არაა და თუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს.

მთავარი გამყალბებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა და აქედან გამომდინარე, დღევანდელი ცესკო-სა და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

"არჩევნებში ჩართვა "ქართული ოცნების" თამაშში შესვლას ნიშნავს, რადგან ისინი ვინც მონაწილეობენ, თავიანთ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან. თუ საუბრობენ, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და არ შევიდნენ, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებენ, მაშინ რატომ აღიარებენ ამ ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ არჩევნებს",- განაცხადა ჩიტაძემ.

რა შანსი აქვს არჩევნებში ჩართულ ოპოზიციას

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციიდან ვინც არჩევნებში ერთვება, ძალიან მცირე შანსი აქვთ.

"მათ ძალიან მცირე შანსი აქვთ. ჩვენ ვიცით გახარია და მისი იმიჯი, რამდენი ხმა უნდა მიიღოს, როდესაც იმის რესურსიც კი არ აღმოაჩნდა, რომ ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად კანდიდატები წარმოედგინა. იგივე ითქმის "ლელოს" ლიდერებზეც, არ შემხვედრია არავინ, არ იცოდეს, რომ თაღლითები არიან. თაღლითური სქემა იყო მათი ციხეში შესვლა და როგორი სახელით გამოვიდნენ ციხიდან.

"ისიც არ გამიკვირდება, რომ რაღაცა ჩაიდინონ და ციხეში კიდევ ჩასხდნენ, მათთვის გარეთ ყოფნა დისკომფორტია, იქ კიდევ შარავანდედია, აი რეჟიმის მსხვერპლი ციხეში იმყოფება. დასავლეთში ხმა არავის არ ამოუღია, პრაქტიკულად არ გამიგია, რომ კი, მაგრამ ციხეში რატომ არიან, რატომ მოხვდნენ? ასე რომ განაცხადონ, ხომ მაშინვე ყველაფერი ხუხულასავით დაიშლება? არა, მაშინვე აცხადებენ, რომ აი კიდევ ერთი რეჟიმის მსხვერპლიაო, რაც ძალიან მანკიერი პრაქტიკაა და პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ დასავლეთში როგორი მასშტაბის ტრაგედიაა.

"ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, ძალიან წამგებიან პოზიციაშია, ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის გზა არის ხოლმე, მსოფლიო პრაქტიკა ამაზე მეტყველებს",- განაცხადა მამრაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხაზარაძე-გახარიას პარტიებს გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ აქვთ.

"არჩევნებში ჩართულ ოპოზიციას გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვთ. მათ შანსი აქვთ უბრალოდ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მათ შორის თბილისის საკრებულოში რამდენიმე დეპუტატი გაიყვანონ, ეგ არის, მეტი არაფერი. ქალაქების ე.წ. გამოგლეჯვის შანსები არ არის, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე არ წავა და აქედან გამომდინარე, არც "ლელოს" და არც გახარიას პარტიას არ დაუჭერს მხარს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×